№ას-1550-1453-2012 11 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ „ს. ქ. ე. ს.“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ო-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმება
დავის საგანი – იჯარის საგანზე გაწეული ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ო-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე.-პ. ჯ-ას“, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო და კაპიტალური შეკეთების სამუშაოებზე, ასევე ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეული ხარჯის – 3 216680 ლარის გადახდის დაკისრება; მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის – 1701870 ლარისა და ასევე ქონების გადასახადის სახით გადახდილი 72 000 ლარის დაკისრება.
მოპასუხე სს „ე.-პ. ჯ-ამ“ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ო-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ო-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის საოქმო გაჩინებით სასამართლო სხდომაზე მესამე პირის – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლ ს.ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სამინისტროს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ს. ქ. ე. ს.“.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ „ს. ქ. მ.ს-ომ“ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააგენტო შეიქმნა და ფუნქციონირება დაიწყო მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ხოლო 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მიხედვით, ასეთ საქმეებზე სააგენტოს მიენიჭა მხოლოდ წარმომადგენლობის უფლებამოსილება, შესაბამისად, მის შექმნამდე განხორციელებული პრივატიზებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზრაურებაზე სააგენტო ვერ იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ სსიპ „ს.ქ. მ. ს-ოს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებით, რომელიც ძალში შევიდა 2012 წლის 17 სექტემბერს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვას და ყველა იმ ქმედების განხორციელებას, რაც ეხება სახელმწიფო საკუთრებას, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბერს მიღებული №391 დადგენილების მესამე მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული სსიპ განახორციელებს წარმომადგენლობას ყველა ინსტანციაში სახელმწიფო ქონების მართვას, განკარგვასთან, სარგებლობაში გადაცემასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ყველა იმ დავაზე, სადაც სამინისტრო წარმოადგენდა მხარეს.
საკასაციო პალატა აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი დადგენილია, რომ უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
ზემოაღნიშნული გარემოებებისა და დასახელებული ნორმის დისპოზიციის საფუძველზე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ „ს. ქ-ის მ. ს.“, სწორად იქნდა დადგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ „ს. ქ-ის მ. ს-ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე