№ას-1611-1512-2012 11 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდო.ე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ც-ე, ი. ც-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ც-ემ და ი. ც-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ც-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2003 წლის 13 აგვისტოს ნოტარიუს მ. კ-ის მიერ გაცემული №… სამკვიდროს 1/3 ნაწილის ბათილად ცნობა და ქ. ქობულეთში, ა-ის გამზირის №…-სი მდებარე გამოთავისუფლებულ სამკვიდროზე მ. ც-ის აღიარება; 2003 წლის 13 აგვისტოს ნოტარიუს მ. კ-ის მიერ გაცემული №… სამკვიდროს 1/3 ნაწილის ბათილად ცნობა და ქ. ქობულეთში, ა-ის გამზირის №...-სი მდებარე გამოთავისუფლებულ სამკვიდროზე ი. ც-ის აღიარება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქობულეთში, ა-ის გამზირ №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 13.08.2003 წელს ნოტარიუს მ. კ-ის მიერ გაცემული №... სამკვიდრო მოწმობა 1/3 ნაწილში და ჟ. ც-ის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილზე მ. ც-ე აღირიცხა მესაკუთრედ; შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში; ი. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ი. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. ც-ის სარჩელი და ი. ც-ეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 350 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ი. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 13 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა №..., უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.ქობულეთში, ა-ის გამზირი №..., დამატებით, 1/3 ნაწილში. ი. ც-ე ცნობილ იქნა ქ. ქობულეთში, ა-ის გამზირი №...-ში მდებარე, მ. ც-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №...) 1/3 წილის მესაკუთრედ. შევიდა შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრის მონაცემებში. მ. ც-ეს ი. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 480 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით: პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჟ. ც-ე გარდაიცვალა 1999 წლის 27 აპრილს. მისი პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ შვილები: მ. ც-ე, მ. ც-ე და ი. ც-ე. მამკვიდრებელს ეკუთვნოდა ქ.ქობულეთში, ა-ის გამზირის №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ჟ. ც-ის გარდაცვალების შემდეგ მის ქონებას დაეუფლნენ მოდავე მხარეები. 2003 წლის 13 აგვისტოს სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა აიღო მ. ც-ემ და ამის საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. 2007 წლის 22 ივლისს მ. ც-ის მოთხოვნით შსს ქობულეთის რაიონულმა განყოფილებამ სადავო სახლიდან გამოასახლა მ. ც-ე და ს. ც-ე. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით და უდავო გარემოებად მიიჩნია, რომ ჟ. ც-ის გარდაცვალების შემდეგ, ყოველ შემთხვევაში, 2003-2007 წლებში ს. ც-ე და მ. ც-ე ფლობდნენ სადავო სახლს, რომლებიც კვლავ ამ მისამართზე არიან რეგისტრირებული. მ. ც-ეს სხვა საცხოვრებელი, გარდა ზემოხსენებული სახლისა, არ გააჩნია, შესაბამისად, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული მ. ც-ისა და ი. ც-ის განმარტება, რომ ისინი დაეუფლნენ სადავო ქონებას ჟ. ც-ის გარდაცვალებისთანავე, რაც დასტურდება საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებიდანაც (მოწმე მ. გ-ემ განმარტა, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მ. ც-ე პერიოდულად ცხოვრობდა სადავო სახლში (2011 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმი - 16:26:46-16:27:03), ი., ს. ც-ე კი სახლში იმყოფებოდა დედის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში (2011 წლის 27 დეკემბრის სხდომის ოქმი - 16:28:40-16:29:30).
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით აღნიშნა, რომ ჟ. ც-ის სამკვიდროს მ. ც-ესთან ერთად დაეუფლნენ მ. ც-ე და ი. ც-ეც. ამიტომ, მათ თანაბარწილად მიიღეს ჟ. ც-ის სამკვიდრო და, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე და 1433-ე მუხლების თანახმად, თითოეული მათგანი ჩაითვალა სადავო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ. სადავო სამკვიდრო მოწმობა გაიცა იმ ქონებაზე, 2/3 წილზე, რომელიც არ იყო მ. ც-ის საკუთრება და ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში, სადავო სამკვიდრო მოწმობა ბათილია. პალატამ მ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია, ხოლო ი. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ჩათვალა, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ იყო დასაბუთებული.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი და, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2012 წლის 12 ოქტომბერს მ. ც-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით: განმცხადებლის განმარტებით, ის, რომ ი. ც-ე სამკვიდრო ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით დედის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში არ ცხოვრობდა და, მხოლოდ, რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა სტუმრის სტატუსით, დასტურდება მოწმის, მ. გ-ის ჩვენებით (რომელიც არის ნოტარიულად დამოწმებული), რომლის ჩვენებასაც სასამართლომ სხვა ინტერპრეტაცია მისცა. ამ ეტაპზე იგი აზუსტებს და აკონკრეტებს თავის ჩვენებას. შსს აჭარის არ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს 2012 წლის 27 სექტემბრის წერილითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ როგორც მ. ც-ისათვის, ასევე ი. ც-ისათვის ნათლად იყო ცნობილი სამკვიდრო მოწმობის არსებობის შესახებ 2003 წლიდან, რასაც ადასტურებს მ. ც-ის განცხადება ქობულეთის შსს რაიგანყოფილების სახელზე. აღნიშნული მასალები წარმოადგენდა საარქივო მასალებს. მ. გ-ის ჩვენება, რომელიც განმცხადებელმა მოიპოვა მოწმისაგან 2012 წლის 11 სექტემბერს და შსს აჭარის არ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს 2012 წლის 27 სექტემბრის წერილი და თანდართული მასალები არის ის დოკუმენტები, რომლებიც იძლევა საფუძველს გადაიხედოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც, თავის დროზე, სრულიად უსაფუძვლოდ იქნა მიღებული, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ, ვარაუდებზე დაყრდნობით, რაც ნათლად არის ასახული გადაწყვეტილებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მ. ც-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული მტკიცებულება შექმნილი იყო გასაჩივრებული გადაწყვტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რაც ცხადყოფდა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირვეილ ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, საქმის წარმოების განხლების წინაპირობები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მ. გ-ის ჩვენება, რომელიც მოწმისგან მოიპოვეს 2012 წლის 11 სექტემბერს და შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოს 2012 წლის 27 სექტემბრის წერილი და თანდართული მასალები, რომელიც ჩაბარდათ 2012 წლის 27 სექტემბერს, წარმოადგენდა იმ სახის მტკიცებულებებს, რომელიც იძლეოდა საფუძველს – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმე მ. გ-ის ჩვენება და განმარტა, რომ იგი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ იყო შედგენილი, მაშინ, როდესაც მ. გ-ემ აღნიშნული ახსნა-განმარტებით დააკონკრეტა და დააზუსტა, რას გულისხმობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებისას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გაეუქმებინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და განეახლებინა საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს მხარის მიერ ისეთი ახალი გარემოებების ან მტკიცებულებების მოპოვებას, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე ნორმის მე-3 ნაწილი, დასახელებული საფუძვლით, საქმის წარმოების განახლებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ მტკიცებულება, რომელზეც ო. კ-ე თავის განცხადებას აფუძნებს, ვერ მიიჩნეოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებად და ვერ გახდებოდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კანონი საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს გადაწყვეტილების გამოტანამდე არსებულ გარემოებებს, რომელიც განმცხადებლისათვის ცნობილი არ იყო და მას, თავისი ბრალის გარეშე, არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. განმცხადებლის მიერ მითითებული მტკიცებულება კი, შეიქმნა 2012 წლის 11 სექტემბერს, ანუ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რაც ცხადყოფდა, რომ აღნიშნული საბუთი საქმის არსებითად განხილვის დროს არ არსებობდა და მასში მითითებული გარემოებები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევს.
გარდა ამისა, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც საქმის წარმოების დასრულებამდე მხარეს შეეძლო მოეპოვებინა და, შესაბამისად, სასამართლოს მათ შესახებ ემსჯელა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებული მხარეთა შეჯიბრებითობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს, ხოლო მხარეთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების პრაქტიკული რეალიზება მათ მიერ საკუთარი მოთხოვნების დასაბუთების მიზნით, უშუალოდ არის დამოკიდებული საქმის სასამართლო განხილვის სისრულეზე. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, ახლად აღმოჩენილად დასახელებული გარემოება საქმის განხილვის დასრულებამდე მოეპოვებინა და მიეთითებინა მასზე. ამდენად, საკსასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითითებული გარემოება, ვერ მიიჩნევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად და, შესაბამისად, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდო.ე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე