№ას-16-14-2013 7 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ე.ტ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების გადაცემა, გარიგებების და ამხანაგობების გადაწყვეტიელბის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. ე. ტ-მა“ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ს. ბ-ი“ წევრების: შპს „ს-ის“, ვ. ბ-ას, თ. ა-ას და სხვების წინაარმდეგ უძრავი ქონების გადაცემის, გარიგებებისა და ამხანაგობის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს.ე.ტ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ე. ტ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით: 1. შპს „ს.ე.ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.02.2012წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმის ბათილად ცნობის და 1697.5 კვ.მ.-დან 160 კვ.მ-ს საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში. ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: 2. ბათილად იქნა ცნობილი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმი. 3. მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობას „ს. ბ-ი“ დაეკისრა შპს „ს. ე. ტ-ის“ 160 კვ.მ. ფართის საკუთრებაში გადაცემა. 4. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ე. ტ-მა“, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით დარჩა განუხილველად.
2012 წლის 26 ნოემბერს შპს „ს-ის“ წარმომადგენლმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა იმის განმარტება, აღნიშნული გადაწყვეტილებით ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმი მთლიანად გაუქმდა, თუ ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინებით შპს „ს-ის“ წარმომადგენლის ლ. ლ-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2012წ. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2012წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი “ბათილად იქნეს ცნობილი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმი”, განიმარტა შემდეგი სახით: ბათილად იქნეს ცნობილი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმი მხოლოდ შპს „ს.ე.ტ-ის“ ამხანაგობიდან გარიცხვის ნაწილში (დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-2 საკითხი). კრების ოქმი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად
იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.11.2012წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რა ნაწილში გაუქმდა სადავო კრების ოქმი, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს. ე. ტ-ა“, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნებს, ასევე საქმის მასალებსა და მასზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სასამარტლომ საქმეზე ფაქტობრივად ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა, რასაც შედეგად არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, არამედ გადაწყვეტილების არსებითი შეცვლა მოჰყვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ შპს „ს.ე.ტ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება წარმოიშობა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების გამო, ამ გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელებული ან შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (გარდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებებისა), დაუშვებელია და აღსრულების ხელშეწყობის საჭიროებაც არ წარმოიშობა, რაც გადაწყვეტილების განმარტების მიზანს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტიელბის სამოტივაციო ნაწილის 4.21 პუნქტიდან ირკვევა, სასამართლომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმის ბათილად ცნობის საკითხზე იმსჯელა მხოლოდ შპს „ს. ე. ტ-ის“ ამხანაგობიდან გარიცხვის ნაწილში (დღის წესრიგით გათვალისწინებული მე-2 საკითხი) და მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობას „ს. ბ-ი“ დაეკისრა შპს „ს. ე. ტ-ის“ 160 კვ.მ. ფართის საკუთრებაში გადაცემა. სააპელაციო პალატას არ დაუდგენია ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმის სხვა ნაწილის ბათილად ცნობა, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ მიუთითებია, კონკრეტულად რა ნაწილში გაუქმდა სადავო კრების ოქმი.
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო სწორად დაეთანხმა განმცხადებლს მასზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საჭიროებდა განმარტებას და, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტება მასზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, განმარტებით კი, ფაქტობრივად შეიცვალა იგი, გაზიარებული ვერ იქნება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ს.ე.ტ-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ს.ე.ტ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე