საქმე №ას-1616-1517-2012 21 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ც.ა-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, საქმეზე, სს „ბ.რ-ას“ სარჩელის გამო, ც.ა-სა და ი. მ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ც.ა-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაის 2013 წლის 8 იანვრის განჩინებით, ც.ა-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა დაზუსტებული კერძო საჩივარი, სადაც გარკვევით იქნებოდა მითითებული გასაჩივრებული განჩინება და კერძო საჩივრის მოთხოვნა, ასევე დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2013 წლის 28 იანვარს, სასამართლოს მომართა ც.ა-მა და წარმოადგინა კერძო (საკასაციო) საჩივარი, სადაც ის უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი არცერთი ხარვეზი მხარეს არ შეუვსია, არ არის მითითებული გასაჩივრებული განჩინება, დაზუსტებული მოთხოვნა და არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორი არც საპროცესო ვადის გაგრძელებაზე შუამდგომლობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც.ა-ს არ შეუვსია სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც.ა-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე