№ას-1654-1551-2012 20 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ.დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - თაღლითური ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბ.დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.ნ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, თაღლითური ქმედებით მიყენებული ზარალის – 48 716.37 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ.დ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის (არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5 000 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან შესაბამისი ამონაწერის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრისა და 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინებებით, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5-5 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ბ.დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო საამართლოს 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელ თ. გ-ეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2012 წლის 15 ნოემბერს.
იმის გამო, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, პალატამ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ.დ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მართალია სასამართლომ მოთხოვნა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დააკმაყოფილა, თუმცა არა იმ ვადით, რაც საჭირო იყო სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დოკუმენტების ან სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო თანხის მოსაძიებლად. ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა ლ. გ-ეს, რომელიც არ არის კომპანიის თანამშრომელი და გარდა ამისა, გზავნილი გაიგზავნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში და არა თ. გ-ის ოფისში, რაც ცხადყოფს, რომ განჩინება უფლებამოსილ პირს არ ჩაჰბარებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ბ.დ-ის წარმომადგენელ თ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 23 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის (არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5 000 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერიანი ბაზიდან შესაბამისი ამონაწერის სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრისა და 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინებებით, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5-5 დღით.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო საამართლოს 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინების ასლი, აპელანტის წარმომადგენელ ადვოკატ თ. გ-ეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და გზავნილის ჩაბარების თაობაზე სასამართლოსათვის დაბრუნებული შეტყობინების ბარათის თანახმად, 2012 წლის 15 ნოემბერს ჩაჰბარდა ორგანიზაციის ადვოკატ ლ. გ-ეს (იხ.ს.ფ. 141).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 16 ნოემბერს და ამოიწურა 2012 წლის 20 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გზავნილი არაუფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა, ვინაიდან ლ. გ-ე არ არის კომპანიის თანამშრომელი და, გარდა ამისა, გზავნილი გაიგზავნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში და არა თ. გ-ის ოფისში. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1-ე მუხლისა და 73.8-ე მუხლების ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზიდან გამომდინარე, პირი, რომელიც ორგანიზაციის მისამართზე გამოხატავს კორესპონდენციის მიღების ნებასა და აღნიშნული ქმედების მართლზომიერებას ხელმოწერით დაამოწმებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8-ე მუხლის კონტექსტში ითვლება „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს“, შესაბამისად, განსახილევლ შემთხვევაში, გზავნილის მიმღები _ ადვოკატი ლ. გ-ე ( ს.ფ.141) სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია კორესპონდენციის მიღებისათვის უფლებამოსილ პირად, რომელიც გზავნილის მიღებით ადასტურებდა, რომ გააჩნდა ამგვარი უფლებამოსილება, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, ივარაუდება, რომ უწყება აპელანტის წარმომადგენელ თ. გ-ეს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი დასაბარებელ პირს ეკისრება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, რომ სასამართლომ გონივრული ვადა არ მისცა სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან დოკუმენტების ან სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო თანხის მოსაძიებლად, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა, თუმცა მას სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობახარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ბ.დ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ.დ-ის წარმომადგენელ თ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე