Facebook Twitter

საქმე №ას-1662-1559-2012 18 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს- +“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.+-ის“ მიმართ ქირის დავალიანების - 4650 აშშ დოლარისა და 2012 წლის აპრილიდან მშენებლობის დასრულებამდე ყოველთვიურად ბინის ქირის - 150 დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი.მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ს.+-ს“ ი.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4650 აშშ დოლარის, ხოლო 2012 წლის 1 აპრილიდან მშენებლობის დასრულებამდე ყოველთვიურად 150 აშშ დოლარის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი, ხოლო ი.მ-ის სარჩელი ადვოკატის ხარჯის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით შპს „ს.+-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს.+-ს“ დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 402 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აღნიშნული განჩინება 2012 წლის 16 ოქტომბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით პირადად ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ მ. ა-ს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და ჩათვალა, რომ ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 17 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2012 წლის 26 ოქტომბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ს.+-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზის და აპელანტს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალა. პალატამ არ გაითვალისწინა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც საზოგადოების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით იქნა განპირობებული და შუამდგომლობას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არსებობდა სახელმწიფო ბაჟთან მიმართებაში დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობა, შპს „ს.+-მა“ მოითხოვა წინამდებარე კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს „ს.+-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.+-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს.+-მა“, რომელმაც სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომპანიას ამ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია.

დავას არ იწვევს, რომ აპელანტს შუამდგომლობის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სააპელაციო საჩივრისათვის არ დაურთავს.

უდავოა ისიც, რომ სასამართლომ 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შეისწავლა აპელანტის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ ის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადის დაცვით დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილისა და შეტყობინების ბარათის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა შპს „ს.+-ის“ უფლებამოსილ წარმომადგენელ მ. ა-ს (რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ. 100) და 2012 წლის 16 ოქტომბერს ჩაბარდა პირადად, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის ინფორმირების საკმარის წესად მიიჩნევა და მინდობილ პირს წარმოუშობს წარმოდგენილი პირისათვის შეტყობინების ვალდებულებას.

საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრითაა სადავოდ მიჩნეული, რომ აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნული ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა შპს „ს.+-ის“ სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა მხარის მიერ დაკისრებულ ვადაში საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის მოტივით, რაც მისი განუხილველად დატოვების უალტერნატივო წინაპირობას წარმოადგენდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს „ს.+-ის“ კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ სასამართლოს უნდა გაეზიარებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობა, რადგანაც, ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მხარეს ჰქონდა საფუძველი, მოეთხოვა ზემოაღნიშნული. ამ არგუმენტის საპირისპიროდ, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით შპს „ს.+“ მოითხოვდა არა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, არამედ მისი გადახდისაგან გათავისუფლებას, რაც რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. დასახელებული ნორმის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი სპეციალურ სუბიექტს - ფიზიკურ პირს, მოქალაქეს შეეხება და არა იურიდიულ პირს, რაც, პირველ ყოვლისა, შპს „ს.+-ის“ შუამდგომლობის უსაფუძვლობას ადასტურებს, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ სასამართლომ შუამდგომლობა საკუთარი ინიციატივით შეაფასა ამავე კოდექსის 48-ე მუხლის კონტექსტში, რისი ვალდებულებაც მას არ გააჩნდა და დაადგინა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამ დასკვნას ეთანხმება საკასაციო პალატაც, რადგანაც, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხს კანონმდებელი უკავშირებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რომელიც უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში მხარის მიერ რეალიზებული არ ყოფილა. მითითებული გარემოების გათვალისწინებით კი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს.+-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს.+-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე