Facebook Twitter

№ას-1667-1564-2012 25 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „თ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა შპს „მ-ის“, სს „თ-ის“ სასარგებლოდ, 69 750.11 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის მრავალი წელია არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა , თუმცა შპს „მ-ს“ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაუგროვდა დავალიანება. მხარეებს შორის 2010 წლის 4 მარტს გაფორმდა დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 2010 წლის 4 მარტის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებამ სს „თ-ის“ წინაშე შეადგინა 72675.54 ლარი. აღნიშნული დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის შედგა 30-თვიანი გრაფიკი და მოპასუხეს ყოველთვიურად გადასახდელ თანხად განესაზღვრა 2417.70 ლარი. მოპასუხემ ასევე დაარღვია 2010 წლის 4 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები და დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 69750.11 ლარს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „მ-ს“ სს „თ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 69 750.11 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, რაზეც საჩივარი წარადგინა შპს „მ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით შპს „მ-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებით შპს „მ-ის“ დირექტორ ნ. მ-ას შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა დავა იმავე მხარეებს შორის 2003 წლის 28 ნოემბრის №010047 აქტის გაუქმებისა და აქტის საფუძველზე დარიხცული თანხის – 69000 ლარის გადახდისაგან გათვისუფლების შესახებ, დავის საგანს წარმოადგენდა თანხა, რომელიც მიმდინარე განსახილველი საქმის დავის საგანია. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 28 ნოემბრის ელექტროენერგიის აღსრიცხვიანობის შემოწმების აქტი №010047. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას მნიშვნელობა ექნებოდა მოცემული საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის, ვინაიდან დავა მიმდინარეობს ერთი და იგივე თანხაზე, შესაბამისად, შუამდგომლობა დაკმაყოფილებას ექვემდებარეობდა.

აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „თ-ის“ წარმომადგენელმა ა. ქ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის შეჩერების მოტივად მიუთითა არა დავის ფაქტობრივ საფუძვლებზე, არამედ იმ გარემოებაზე, რომ დავა მიმდინარეობდა იგივე მხარეებს შორის და დავის საგანს წარმოადგენდა ერთი და იგივე თანხა. სასამართლოს არ დაუსაბუთებია და არ უმსჯელია, თუ რატომ იყო შეუძლებელი საქმის განხილვა სხვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე და რა მნიშვნელობა ჰქონდა 32/8145-12 საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას განსახილველი საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის, ხოლო სასამართლოს მიერ მითითებული გარემოება, რომ დავა მიმდინარეობდა ერთსა და იმავე თანხაზე, ვერ გახდებოდა საქმის წარმოების შეჩერების განმსაზღვრელი პირობა. სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეეჩერებინა მოცემული საქმის განხილვა იმ სარჩელის საფუძველზე, რომელიც წარმოადგინა შუამდგომლობის ავტორმა, ვინაიდან ამ სარჩელით განსახილველ დავას არავითარი კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ-ის“ წარმომადგენელ ა.ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გასაჩივრებული საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „მ-ის“ დირექტორ ნ. მ-ას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და მოცემულ საქმეზე შეჩერდა წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რომლითაც შპს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 28 ნოემბრის ელექტროენერგიის აღსრიცხვიანობის შემოწმების აქტი №010047 და შპს „მ-ი“ გათავისუფლდა აღნიშნული აქტის საფუძველზე დარიცხული თანხის – 69000 ლარის გადახდის გალდებულებისაგან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოედქსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება, კერძოდ, გამომდინარეობენ თუ არა ისინი ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეში სარჩელის დავის საგანია შპს „მ-ის“, სს „თ-ის“ სასარგებლოდ“ ვალის აღიარებისა და გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების საფუძველზე, დავალიანების –69 750.11 ლარის დაკისრება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სარჩელის დავის საგანია 2003 წლის 28 ნოემბრის №010047 აქტის გაუქმება და აქტის საფუძველზე დარიცხული 69000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს მხარეთა შორის 2010 წლის 4 მარტს დადებულ დავალიანების გადახდის შესახებ ხელშეკრულებასთან, რომლის საფუძველზეც არსებული დავალიანების – 72675.54 ლარის დაფარვა უნდა მომხდარიყო 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით და იმის გამო, რომ დავალიანება შპს „მ-მა“ სრულად არ დაფარა, დავალიანებამ შეადგინა სულ 69 750.11 ლარი. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები არ გამომდინარეობენ ერთი და იგივე ფაქტობრივი საფუძვლებიდან და სამართლებრივი ურთიერთობიდან, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვის შეუძლებლობა საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვამდე, ანუ სახეზე არაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე