საქმე №ას-1692-1586-2012 11 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.ს-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.რ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – სესხის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ბ. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ს-ის მიმართ 2008 წლის 25 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების, თ.ს-ის 122084,07 აშშ დოლარის დაკისრებისა და დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო: მოპასუხე დაეთანხმა სარჩელში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო პირგასამტეხლოსა და წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადახდილი თანხების დაკისრების ნაწილში მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ბ.რ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული მხარეთა შორის 2008 წლის 25 ივლისს შედგენილი Nმლა-004-250708 საკრედიტო ხელშეკრულება და თ.ს-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 122084,07 აშშ დოლარის ანაზღაურება, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა თ.ს-ის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, წ-ის ქუჩა N9-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით თ.ს-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 2591 მუხლზე და დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომას ესწრებოდა თ.ს-ის წარმომადგენელი ზ. ჯ-ი. აპელანტის წარმომადგენელმა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 22-ე დღეს - 2012 წლის 13 ნოემბერს ჩაიბარა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის დანაწესი ვრცელდება გადაწყვეტილების (განჩინების) ჩაბარების შემთხვევებზეც და კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2012 წლის 13 ნოემბერს (როცა გადაწყვეტილება ჩაბარდა მის წარმომადგენელ ზ.ჯ-ს). გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტისათვის დაიწყო 2012 წლის 14 ნოემბრიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და ამოიწურა 2012 წლის 27 ნოემბერს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება აპელანტს 2012 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით გააჩნდა. საქმის მასალებით კი, პალატამ, დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო 2012 წლის 5 დეკემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე მუხლით, 374-ე მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობები.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ.ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა) შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება არასწორია, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი შეტანილია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში, ის, როგორც მოპასუხე, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოტანას არ ესწრებოდა და მას პირადად არც გადაწყვეტილება ჩაბარებია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დადგენილი ვადის დაცვითაა წარდგენილი, რაც მისი განსახილველად დაშვების წინაპირობაა. თ.ს-ის განმარტებით, მიუხედავად კერძო საჩივრის წარდგენისა, მან განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით თ.ს-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ოქტომბრის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხე თ.ს-ის წარმომადგენელი ზ. ჯ-ი.
საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის შესწავლითა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სადავო არ გაუხდია წარმომადგენლობის უფლებამოსილების ნამდვილობა, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას წარმომადგენლობის უფლებამოსილების ნამდვილობის თაობაზე, კერძოდ, თ.ს-მა მისი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის უფლებამოსილება, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე მიანიჭა ზ.ჯ-ს, მინდობილობა გაცემულია 2012 წლის 18 სექტემბერს და მისი მოქმედების ვადა განსაზღვრულია 3 წლით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.
დავას არც ის გარემოება იწვევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა ზ.ჯ-მა 2012 წლის 13 ნოემბერს, ხოლო თ.ს-ი სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით არ გამოცხადებულა.
უდავოა ის გარემოებაც, რომ თ.ს-ის სახელით სასამართლო კანცელარიაში ზ. ჯ-მა სააპელაციო საჩივარი 2012 წლის 5 დეკემბერს წარადგინა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება, რომ კანონმდებელი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს უკავშირებს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რომელიც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული ვადის განმავლობაში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების გზით იწყება, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც გასაჩივრების მსურველი მხარე არ ცხადდება კანონით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენის დასაწყისი კანონის ძალით, აითვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაჩივრების უფლების მქონე პირმა სასამართლო გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 13 ნოემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 14 ნოემბერს და ამოიწურა სამუშაო დღეს, 27 ნოემბერს, სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილია აღნიშნული ვადის დარღვევით - 2012 წლის 5 დეკემბერს.
პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 63-ე მუხლით დადგენილია, რომ საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, რომლის შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა, ვინაიდან თ.ს-ი, როგორც მოპასუხე, საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ დასწრებია და უშუალოდ მას გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, ხოლო სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის დაცვითაა შეტანილი. საკასაციო პალატა მხარის ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის დათქმიდან გამომდინარე, კანონმდებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენას უკავშირებს მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებას, ხოლო, ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ამ ვადის დენა იწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, რაც არ ნიშნავს 30 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას, ის გარემოება, რომ მხარე სასამართლო სხდომას არ დასწრებია და მას პირადად გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, საპროცესო ნორმის დარღვევას არ წარმოადგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადება უშუალოდ მხარის გამოცხადებად განიხილება, ხოლო წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარება, თანახმად ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა, უთანაბრდება გადაწყვეტილების უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, ვერც აღნიშნული გარემოება გახდება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა, ვინაიდან ასეთი განცხადების წარდგენის ნამდვილობა საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, თუმცა, ასეთის არსებობის პირობებშიც კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ.ს-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე