Facebook Twitter

№ას-1696-1590-2012 18 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ვ. ბ. ჯ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ვ. ბ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამარტლოში დ. მ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა 24268.98 აშშ დოლარის, 2117.30 ლარისა და 1343.80 ლარის დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული, ქ. ქუთაისში, შ-ას ქ. №2-40-ში მდებარე დ. მ-ას სახელზე რიცხული №31 ბინის იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაცია.

დ. მ-ას წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ვ. ბ. ჯ-ას” სარჩელი დაკმაყოფილდა. სს ,,ვ. ბ. ჯ-ას” მოთხოვნის 24268,98 აშშ დოლარის, 2117,30 ლარის და 1343,80 ლარის დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა დ. მ-ას კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, შ-ას ქ. №2-40 სართული 2, ბინა 31 მიწის (უძრავი ქონბეის) საკადასტრო კოდი ....

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დედნის სახით სახელმწიფო ბაჟის – 1183.7 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. თუმცა, მას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-ას წარმომადგენელმა კ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ საფუძვლით, რომ დ. მ-ა იძულებით გადაადგილებულიმ პირია და მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ დ. მ-ას წარმომადგენელ კ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დედნის სახით სახელმწიფო ბაჟის – 1183.7 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინების ასლი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტ დ. მ-ას, წარმომადგენელ კ. კ-ს გაეგზავნა და ჩაჰბარდა მისი ოჯახის ნათესავს ა. კ-ს 16.11.12 წელს კ. კ-ზე გადასაცემად (იხ. ს.ფ. 149).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 7-დღიანი ვადის დენა დ. მ-ასათვის დაიწყო 2012 წლის 17 ნოემბერს და ამოიწურა 2012 წლის 26 ნოემბერს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთიტებს იმ გარემოებაზე, რომ დ. მ-ა იძულებით გადაადგილებული პირია და მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტთა მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, რაც მათი სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი გახდებოდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ, ხოლო მარტოოდენ ის ის გარემოება, რომ იგი იძულებით გადაადგილებული პირია, ვერ გახდებოდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდსი ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძველი..

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დ. მ-ას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე