Facebook Twitter

საქმე №ას-1704-1598-2012 5 თებერვალი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ბ-ს (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ნ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება.

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების კანონიერიების გადასინჯვა და ამ განჩინების შეცვლა ახალი განჩინებით.

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.ბ-სმა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.ნ-ის მიმართ და მოითხოვა არასწრულწლოვანი შვილების - ქ. ნ-ის, ა. ნ-სა და ე. ნ-ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300-300-300 ლარის, სულ 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ.ნ-ეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - 1998 წლის 05 იანვარს დაბადებული ქ.ნ-ის, 1999 წლის 01 ივნისს დაბადებული ა. ნ-სა და 2005 წლის 21 აპრილს დაბადებული ე. ნ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თითოეული შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 220-220-220 ლარის, სულ 660 (ექვსას სამოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 10 ივლისიდან მათ სრულწლოვანებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ნ-ემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, კ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, ვინაიდან აპელანტს დარღვეული ქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ.ბ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინების კანონიერი გადასინჯვა და სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 365-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქმის მასალებით დასტურდება რომ, საკასაციო პალატას განსახილველად გადმოეცა ლ.ბ-ის კერძო საჩივარი, რომლითაც მან მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინების გადასინჯვა და სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად. გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი იყო კ.ნ-ე და სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მისი საჩივარი დარჩა განუხილველად, ბუნდოვანია ლ.ბ-ის იურიდიული ინტერესი კერძო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით. ნათელია რომ, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის არა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით დამდგარ შედეგს (სარეზოლუციო ნაწილს), არამედ მის დასაბუთებას, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია და 2013 წლის 10 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, რითაც დაავალა კერძო საჩივრის ავტორს 3 (სამი) დღის ვადაში დაეზუსტებინა მოთხოვნა, თუ რას მოითხოვდა ის საკასაციო სასამართლოსაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინება ლ.ბ-ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2013 წლის 22 იანვარს ჩაბარდა ს. ბ-ს ლ.ბ-ის გადასაცემად (ტ.I, ს.ფ.134), რაც უნდა მივიჩნიოთ უშუალოდ კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად, ვინაიდან განჩინება გაიგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 23 იანვარს და დასრულდა ამავე წლის 25 იანვარს. აღნიშნულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 63-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხლივლეად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე