Facebook Twitter

საქმე №ას-175-168-2013 26 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ.ბ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე, თ.ჯ-ის სარჩელის გამო, თ.ბ-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ თ.ბ-ის კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა თ.ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით. 2013 წლის 25 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მომართა თ.ბ-მა, სადაც მიუთითა რომ უარს ამბობს კერძო საჩივარზე და ითხოვს მის განუხილველად დატოვებას.

წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ.ბ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ბ-ის განცხადება, კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. თ.ბ-ის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე