№ას-20-18-2013 25 თებერვალი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ნ.ბ-ა, ვ.ნ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ.კ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განსჯადი სასამართლოს დადგენა
კერძო საჩივრის დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა, სააღსრულებო წარმოების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 18 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ნ.ბ-ამ და ვ.ნ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და სააღსრულებო წარმოების შეჩერება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ნ.ბ-სა და ვ.ნ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლისა და სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილება გამოაქვს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. მოცემულ შემთხვევაში, კერძო არბიტრაჟმა საქმე განიხილა ქ.თბილისში, ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამ საქმესთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფისა და აღსრულების შეჩერების საკითხების განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლო, შესაბამისად, განმცხადებლებს ზემოხსენებული საკითხების გადასაწყვეტად უნდა მიემართათ თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლებს დაევალათ იმის მითითება, თუ რომელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერებას ითხოვდნენ ისინი და რა მოტივით. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად წარდგენილ განცხადებას ნ. ბ-ამ და ვ.ნ-ამ დაურთეს სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტები: არბიტრაჟის დადგენილებები, გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, თუმცა, არ მიუთითებიათ, თუ სახელდობრ, რომელი აქტის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერებას ითხოვდნენ ისინი. განმცხადებლებს, ასევე, არ მიუთითებიათ იმ ფაქტობრივ საფუძვლებსა და მოთხოვნაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც, მათი აზრით, უნდა მომხდარიყო სააღსრულებო წარმოების შეჩერება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლებს არ გამოუსწორებიათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც ასევე წარმოადგენდა მათი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე ვ.ნ-ამ და ნ.ბ-ამ წარადგინეს კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ არგუმენტებს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლო განიხილავს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ცნობას, აღსრულებას და აღსრულებაზე უარის თქმას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქმეებს იხილავენ სააპელაციო სასამართლოები. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს. კანონის დანაწესი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მე-2 ნაწილი), რომლითაც გადაწყვეტილების გამოტანაზე უფლებამოსილ სასამართლოდ მიჩნეულია ის სასამართლო, სადაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა – მოქმედებს რაიონული (საქალაქო) და არა სააპელაციო სასამართლოს მიმართ.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ განმცხადებლები, ისევე როგორც მოწინააღმდეგე მხარე, რეგისტრირებულნი არიან სამტრედიაში, ამასთან, ყადაღადადებული ქონების ადგილსამყოფელსაც სამტრედია წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარდეგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელი, რომელიც გამომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს წარედგინება მხოლოდ ფილიალის ადგილმდებარეობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადების ადგილს წარმოადგენდა სამტრედია და იგი დაიდო სს „ბ. კ-ას“ სამტრედიის ფილიალთან. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლოა ქუთაისის და არა თბილისის სააპელაციო სასამართლო, როგორც ეს გასაჩივრებული განჩინების გამომტანმა სასამართლომ მიიჩნია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 იანვრის განჩინებით ნ.ბ-სა და ვ.ნ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ბ-სა და ვ.ნ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:
შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარის 2011 წლის 21 დეკემბრის #654-2 დადგენილებით სს „ბ.კ-ას“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხე ვ.ნ-ას უძრავ ქონებას, მდებარე, ქ.სამტრედია, ე-ის ქ.66 (ს.ფ. 26-27);
აღნიშნულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 28);
შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით სს „ბ.კ-ას“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა:
1. მან.ბ-ას სს „ბ.კ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 7211.87 აშშ დოლარის გადახდა;
2. მ. ნ-სა და ვ.ნ-ას სს „ბ.კ-ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7210 აშშ დოლარის გადახდა;
3. მან.ბ-ას სს „ბ.კ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითად თანხაზე წლიური 30.00%-ის გადახდა 2011 წლის 15 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 2012 წლის 15 მარტისა, ყოველთვიურად 167.14 აშშ დოლარის ოდენობით;
4. მან.ბ-ას სს „ბ.კ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანებულ ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტზე დღეში 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა 2011 წლის 15 დეკემბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე არაუმეტეს 2012 წლის 15 მარტისა, ყოველდღიურად 4.9 აშშ დოლარის ოდენობით;
5. მან.ბ-ას, . ნ-სა და ვ.ნ-ას დაეკისრათ საარბიტრაჟო მოსაკრებლისა და გაწეული დამატებითი ხარჯების - 600 ლარის გადახდა სს „ბ.კ-ას“ სასარგებლოდ;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ცნობილ იქნა და მიექცა აღსასრულებლად შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 31);
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2012 წლის 09 ნოემბერს მოვალე ვ.ნ-ას წარედგინა წინადადება შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2012 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე (ს.ფ. 17-18);
2012 წლის 18 დეკემბერს ნ.ბ-ამ და ვ.ნ-ამ განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვეს:
1. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და
2. სააღსრულებო წარმოების შეჩერება (ს.ფ. 2);
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ნ.ბ-სა და ვ.ნ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლისა და სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ დარჩა განუხილველად (ს.ფ. 38-41).
სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული განცხადების განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ეს განცხადება შეტანილი იყო არაგანსჯად სასამართლოში, ვინაიდან მითითებული განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლო.
საკასაციო პალატა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ნ.ბ-სა და ვ.ნ-ას განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადი არ არის. ამასთან, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული განცხადება საერთოდ არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონსა და მხარეთა შორის დადებულ საარბიტრაჟო შეთანხმებას, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, არბიტრაჟის მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ისინი უნდა აღსრულდეს სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამდენად, მითითებული ნორმა მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიაღწიონ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები აღსრულდეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 10.11 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების (ან არბიტრაჟის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას (ღონისძიებებს) აქვს (აქვთ) სავალდებულო იურიდიული ძალა მხარის მიერ მისი ცნობისა და აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე (ს.ფ. 3-6).
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინციატივით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვა სცილდება სასამართლოს უფლებამოსილებას და იგი არბიტრაჟის კომპეტენციას წარმოადგენს, შესაბამისად, ნ.ბ-სა და ვ.ნ-ას განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე სასამართლოს განსჯადი არ არის, რაც ამ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია (სსკ-ის 186.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელთა მეორე მოთხოვნა - აღსრულების შეჩერების შესახებ, არ არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადი, ვინაიდან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების შეჩერებასაც განმცხადებლები მოითხოვენ, ცნობილია და მიქცეულია აღსასრულებლად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, შესაბამისად, ხსენებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარეობდა საარბიტრაჟო განხილვა. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაწყვეტილება გამოაქვს იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ნორმით დადგენილი პრინციპი ვრცელდება ასევე სააპელაციო სასამართლოებზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „ე“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში გადაწყვეტილება გამოაქვს იმ სააპელაციო სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. ამ ნორმის სხვაგვარი განმარტება ბევრ გაუგებრობას გამოიწვევდა, მათ შორის შესაძლებელი იქნებოდა, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს განეხილა, ხოლო, ამავე საქმეზე მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხი კი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული კანონის მიზანია, რომ ამ კანონით სასამართლოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღონ იმ სასამართლოებმა, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს საარბიტრაჟო განხილვა. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო, რომელიც განიხილავს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების საკითხს. გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნულ საკითხზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა.
დაუსაბუთებელია ასევე კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 და მე-18 მუხლების მიხედვით, მათი განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადია. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელთა მოთხოვნებს წარმოადგენს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. ეს საკითხები მოწესრიგებულია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს სპეციალური კანონით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით (35612-35624), რომლებიც გამორიცხავენ, განსახილველი საკითხების მოსაწესრიგებლად, კერძო საჩივრის ავტორთა მიერ მითითებული ნორმების გამოყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ განმცხადებლები აღსრულების შეჩერებას მოითხოვენ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, - შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. მითითებული ნორმის მიხედვით, აღსრულების შეჩერების აუცილებელი პირობაა, რომ დაინტერესებულ პირს წარდგენილი ჰქონდეს სარჩელი იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, რომელზედაც მიქცეულია გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელთა მიერ ასეთი სარჩელი სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. მართალია, მათ შეტანილი აქვთ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე, მაგრამ ეს განცხადება არ წარმოადგენს სარჩელს, იგი არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც წაეყენება სარჩელს, როგორც საპროცესო-სამართლებრივ ინსტიტუტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს წარმოდგენილ კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, თუმცა ეს ვერ გახდება მისი გაუქმების საფუძველი, რადგან განჩინება არსებითად სწორია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ბ-სა და ვ.ნ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე