საქმე №ას-21-19-2013 18 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ.ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც.ე-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ.ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ც.ე-ის მიმართ ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, ლ-ის ქN14-ში მდებარე მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმებისა და მოპასუხისათვის მის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ნივთის უკანონო ფლობის გამო, მიუღებელის შემოსავლის - 5400 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კ.ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საზიარო უფლება ც.ე-სა და კ.ა-ს შორის ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, ლ-ის ქ№14-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, მისი აუქციონზე რეალიზაციის გზით და რეალიზაციიდან ამონაგები თანხა განაწილდა მხარეთა შორის შემდეგნაირად: 18 კვ. მეტრი ქონების ღირებულების შესაბამისი კომპენსაცია გადაეცა კ.ა-ს, ხოლო დარჩენილი თანხა ც.ე-ს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში კ.ა-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინებით კ.ა-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც კ.ა-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარისა და 216 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ხარვეზის გამოსასწორებლად საჩივრის ავტორს განესაზღვროს 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამავე განჩინებით განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები. განსაზღვრულ ვადაში, 2012 წლის 12 ოქტომბერს აპელანტმა წარადგინა განცხადება ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული საპროცესო ვადის გონივრული ვადით გაგრძელების მოთხოვნით, რაც სააპელაციო პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა და საპროცესო ვადა გაგრძელდა 7 დღით. განსაზღვრულ ვადაში 2012 წლის 6 ნოემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოითხოვა განცხადების დაკმაყოფილება სარჩელის გამოხმობის თაობაზე. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, მოწინააღმდეგე მხარე ც.ე-ის წარმომადგენელმა ნ. ე-ამ 2012 წლის 12 ნოემბერს მომართა განცხადებით სააპეაციო სასამართლოს და არ დაეთანხმა კ.ა-ის შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობისა და საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტ კ.ა-ის მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 3 დღით, ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა ამ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები. ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტ კ.ა-ის ოჯახის წევრ გ. ა-ს, ძმას ჩაბარდა 2012 წლის 24 ნოემბერს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 25 ნოემბერს და დასრულდა 2012 წლის 27 ნოემბერს. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიჩნია, რომ აპელანტმა, მიუხედავად იმისა, რომ განემარტა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები, არ შეასრულა სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედება, კერძოდ, არ გამოასწორა ხარვეზი დადგენილ ვადაში. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებზე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აპელანტის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ჩათვალა, რომ კ.ა-ის სააპელაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ.ა-მა, მოითხოვა მისის გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, ამასთან, წინამდებარე კერძო საჩივარს დაურთო ც.ე-ის ხელმოწერილი შეთანხმების ასლი და იშუამდგომლა ამ შეთანხმების გათვალისწინების თაობაზე, დაზუსტებულ განცხადებაში კერძო საჩივრის ავტორმა კვლავ მიუთითა სასამართლოს მიერ სამართლის ნორმის დარღვევაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით კ.ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ.ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დადასტურებულია და სადავო არც კერძო საჩივრის ავტორს გაუხდია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინებით კ.ა-ს დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 160 ლარისა და 216 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადა განისაზღვრა 10 დღით. ამავე სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და დაკისრებული მოქმედების შესრულების საპროცესო ვადა გაგრძელდა 7 დღით. განსაზღვრულ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოითხოვა სარჩელის გამოხმობა, რასაც მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა, სასამართლომ კი, 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 3 დღით, ამავე განჩინებით განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, აპელანტ კ.ა-ის ოჯახის წევრ გ. ა-ს, ძმას ჩაბარდა 2012 წლის 24 ნოემბერს. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორი ზემოაღნიშნულ გარემოებებს სადავოდ არ ხდის, საკასაციო სასამართლოსათვის მათ სავალდებულო ძალა გააჩნიათ. ამასთანავე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინების აპელანტის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დასაწყისს წარმოადგენდა, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 25 ნოემბერს და ამოიწურა სამუშაო დღეს, 2012 წლის 27 ნოემბერს. მხარის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების წინაპირობა იყო.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ წინამდებარე კერძო საჩივრის საფუძველს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევა წარმოადგენს. კერძო საჩივარში ფორმალურად მითითებულია მხოლოდ ამ ნორმების დარღვევის თაობაზე, ისე, რომ მხარეს, თუ რაში გამოიხატა აღნიშნული დარღვევა, არ მიუთითებია, სწორედ ამ მიზნით დაუდგინდა წინამდებარე კერძო საჩივარს ხარვეზი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით და მის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად დაევალა დაზუსტებული კერძო საჩივრის წარმოდგენა. ხარვეზის გამოსწორების მიზნით მხარემ მომართა სასამართლოს განცხადებით, თუმცა კონკრეტულად არც ამ ეტაპზე მიუთითებია თუ რა ფაქტობრივ ვითარებაზე დამყარებით მიიჩნევდა მხარე სასამართლოს მიერ სამართლის ნორმის დარღვევას. აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
რაც შეეხება სამართლებრივი თვალსაზრისით განჩინების არასრულ დასაბუთებაზე მითითებას (სსსკ 394-ე მუხლი), საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, რადგანაც სასამართლომ არსებითად სწორად განმარტა კანონი და მხარის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რის გამოც არ არსებობს მის გაუქმების საფუძვლები.
რაც შეეხება მხარის შუამდგომლობას, კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულების გათვალისწინების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, რადგანაც ეს მტკიცებულება საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა, საკასაციო პალატა კი, ამ ინსტანციაში სამართალწარმოებისათვის დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით (სსსკ 407.1), ამასთანავე, რადგანაც ეს დოკუმენტი კერძო საჩივრის საფუძვლიანობას არ ადასტურებს (არ მიუთითებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული განჩინების უსწორობას), პალატა არ არის უფლებამოსილი, მიიღოს და შეფასება მისცეს ამ მტკიცებულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ.ა-ს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულება 1 ფურცლად (ტ.II, ს.ფ.41).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კ.ა-ს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულება 1 (ერთი) ფურცლად (ტ.II, ს.ფ.41).
4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე