№ას-35-33-2013 11 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „არ-დი-აი“
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ვაჟა ოდიშარია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს „არ-დი-აის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „არ-დი-აიმ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი შპს „არ-დი-აის“ გაეგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ჭირნახულის 4-6). სასამართლო კურიერის 2013 წლის 16 იანვრის აქტით დასტურდება, რომ მითითებულ მისამართზე შპს „არ-დი-აი“ აღარ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ხარვეზის განჩინება დამატებით გაიგზავნა საქმეში არსებულ სხვა მისამართზეც (ქ.თბილისი, მიცკევიჩის ქ.#15, ბ.54). სასამართლო კურიერის 2013 წლის 1-ლი თებერვლის აქტით დასტურდება, რომ მითითებულ მისამართზე შპს „არ-დი-აის“ დირექტორი აღარ ცხოვრობს. სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი 2013 წლის 14 იანვრის აქტით დასტურდება ასევე, რომ ვერ მოხერხდა შპს „არ-დი-აის“ ბუღალტერ გულსუნდა პაპუაშვილის ტელეფონის ნომერზე - 595309037 დაკავშირება, ვინაიდან ეს ნომერი აღარ ეკუთვნის ხსენებულ პირს (ს.ფ. 119).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „არ-დი-აის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი შპს „არ-დი-აის“ გაეგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ჭირნახულის 4-6). სასამართლო კურიერის 2013 წლის 16 იანვრის აქტით დასტურდება, რომ მითითებულ მისამართზე შპს „არ-დი-აი“ აღარ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ხარვეზის განჩინება დამატებით გაიგზავნა საქმეში არსებულ სხვა მისამართზეც (ქ.თბილისი, მიცკევიჩის ქ.#15, ბ.54). სასამართლო კურიერის 2013 წლის 1-ლი თებერვლის აქტით დასტურდება, რომ მითითებულ მისამართზე შპს „არ-დი-აის“ დირექტორი აღარ ცხოვრობს. სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი 2013 წლის 14 იანვრის აქტით დასტურდება ასევე, რომ ვერ მოხერხდა შპს „არ-დი-აის“ ბუღალტერ გულსუნდა პაპუაშვილის ტელეფონის ნომერზე - 595309037 დაკავშირება, ვინაიდან ეს ნომერი აღარ ეკუთვნის ხსენებულ პირს (ს.ფ. 119).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ ორ უკანასკნელ მისამართზე, მაგრამ სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მითითებულ მისამართებზე ადრესატი აღარ იმყოფება. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო შეეცადა ტელეფონით დაკავშირებოდა მხარის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირს, მაგრამ ვერც ეს კავშირი შედგა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ტელეფონის ნომერი საკონტაქტო პირს აღარ ეკუთვნის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა შეიცვალა მის მიერ მითითებული მისამართი, რის თაობაზეც სასამართლოსათვის არ უცნობებია, ამიტომ სასამართლო გზავნილი მისთვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 2 თებერვალს (სასამართლო კურიერის მიერ შედგენილი ბოლო აქტის მომდევნო დღეს) და ამოიწურა ამავე წლის 4 თებერვალს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი უფლებამოსილი იყო ხარვეზი შეევსო 2013 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, რაც მას არ გაუკეთებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „არ-დი-აის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე