საქმე №ას-41-39-2013 4 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – გ.ო-ი, ი.თ-ი, გ.კ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვის ქვემდგომი სასამართლოსათვის დავალდებულება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს.ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ.
2012 წლის 12 ივნისს, მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს.ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: გ.ო-ს, ი.თ-სა და გ.კ-ს სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის - 4980 ლარის, პროცენტის - 5282.51 ლარის, ჯარიმის - 7035.14 ლარის გადახდა, ამასთან, ი.თ-ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა - 9960 ლარით, ხოლო გ. კ-ის პასუხისმგებლობა - 9960 ლარით. ამავე სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწვეტილება დარჩა ძალაში.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.ო-მა, ი.თ-მა და გ.კ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩიავრი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად განისაზღვრა 10 დღის ვადა. ხარვეზის გამოსასწორებლად აპელანტებს დაევალათ, წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 692 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. ხარვეზის დადგენის განჩინება გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის წარმომადგენელ ბ. მ-ს პირადად ჩაბარდა 2012 წლის 3 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების საფუძველზე (ს.ფ 65, ტომი I) დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ბ. მ-ი წარმოადგენდა გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში და სარგებლობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით წარმომადგენლისათვის მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით და გზავნილის ბ. მ-ის ჩაბარება ასევე აპელანტებისათვის: გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის ჩაბარებად მიიჩნია. დადგენილი ხარვეზი 2012 წლის 3 დეკემბრისათვის აპელანტებს არ გამოუსწორებიათ. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად გათვალისწინებული ვადის ათვლა უნდა დაიწყოს პირის მიერ ამ მოქმედების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიღების მომენტიდან, კონკრეტულ შემთხვევაში ასეთია დრო, როცა ხარვეზის თაობაზე განჩინება აპელანტებისათვის (მათი წარმომადგენლისათვის) ჩაბარებულად იქნა მიჩნეული - 2012 წლის 3 ნოემბერი. ამდენად, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა ყოფილიყო გამოსწორებული ამ დროიდან 10 დღის ვადაში - 2012 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინათ ხარვეზი, უნდა ჩაითვალოს გაქარწყლებულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილ ვადაში აპელანტების მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობად მიიჩნია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლისა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის წარმომადგენელმა ბ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო საჩივრით მხარეებმა სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რისი დაკმაყოფილების უფლებამოსილებაც სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა. მიუხედავად მხარის მცდელობისა, აპელანტებს არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების და არც მისი გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილდათ. ბანკების მიერ მოვალეებისათვის შექმნილი კაბალური პირობების გათვალისწინებით, გ.ო-მა, ი.თ-მა და გ.კ-მა ითხოვეს მათი კერძო საჩივრის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსწორებისათვის ვადა 10 დღით განისაზღვრა და აპელანტებს ამომწურავად განემარტათ როგორც დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესრულების წესი, ისე მისი განუხორციელობლობის უარყოფითი შედეგები.
უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი შუამდგომლობა, რომლითაც აპელანტები მოითხოვდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, ემყარებოდა მათ ქონებრივ მდგომარეობაზე მითითებას, აპელანტთა განმარტებით, მედიასაშუალებით შეიტყვეს, რომ საბანკო ვალებთან დაკავშირებით მუშავდებოდა სპეციალური კანონი.
საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის საფუძველს არ წამოადგენს ის გარემოება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის დაცვით პირადად ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენელ ბ. მ-ს 2012 წლის 3 ნოემბერს. დავას არ იწვევს და საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით დადასტურებულია გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის სახელით საქმის წარმოების უფლებამოსილების ბ. მ-ის მინიჭების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით, უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის შეტყობინების ჩაბარება სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე 2013 წლის 3 ნოემბერს უშუალოდ აპელანტების ინფორმირებას წარმოადგენდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დანიშნული 10-დღიანი ვადის დენის საფუძველ იყო.
სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2012 წლის 13 ნოემბერს, ხოლო აპელანტებს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებიათ და არც შუამდგმლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის, აღნიშნული გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და მისი განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნიდა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის მითითებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასა თუ მისი გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმას, ასევე მოვალეებისათვის ბანკების მიერ შექმნილ კაბალურ პირობებს, აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს შემდეგი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში, მართალია, წარმოდგენილია შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა მას არ ერთვის რაიმე მტკიცებულობა, რაც შუამდგომლობის თუნდაც ფორმალური თვალსაზრისით დასაბუთებულად მიჩნევის წინაპირობა გახდებოდა.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
სამოქალაქო საპოროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა, გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ წარმოუდგენია რა საფუძვლიანი, დასაბუთებული შუამდგომოლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხთან მიმართებით, ამასთანავე, მას საპროცესო ვადის განმავლობაში არათუ ხარვეზის გამოსწორების, არამედ რაიმე შუამდგომლობითაც კი არ მიუმართავს სასამართლოსვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის სწორი განმარტების გზით მართებულად არ მიიღო განსახილველად გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის სააპელაციო საჩივარი.
ზაემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ.ო-ის, ი.თ-სა და გ.კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე