Facebook Twitter

საქმე №ას-6-4-2013 5 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ხ-ის მიმართ 2006 წლის 20 მარტს დადებული შეთანხმების შეწყვეტის, საწარმოს ფუნქციონირებისათვის გადაცემული 76798,91 აშშ დოლარისა და 11000 ლარის დაკისრების, 2006 წლის 15 ოქტომბერს შპს „უ-ის“ წილის ნასყიდობის შესახებ დადებული შეთანხმების ბათილად ცნობისა და ამ შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული 60000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი 2006 წლის 15 ოქტომბერს დადებული შპს „უ-ის“ წილის გასხვისების შეთანხმების ბათილად ცნობისა და ამ გარიგების საფუძველზე გადაცემული 60000 აშშ დოლარიდან 17000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო ნაწილობრივ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყდა თ.კ-სა და მ.ხ-ს შორის 2006 წლის 20 მარტს დადებული შეთანხმება (ხელშეკრულება), მ.ხ-ს თ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ მისთვის გადაცემული 76798,91 აშშ დოლარისა და 11000 ლარის გადახდა, ბათილად იქნა ცნობილი თ.კ-სა და მ.ხ-ს შორის შპს „უ-ში“ წილის ნასყიდობის შესახებ 2006 წლის 15 ოქტომბერს დადებული შეთანხმება, მ.ხ-ს თ.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ მისთვის გადაცემული შპს „უ-ის“ წილის ღირებულების 60000 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ხ-მა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე სასამართლოს 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შევსებისათვის აპელანტს განესაზღვრა ვადა, განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით აპელანტ მ.ხ-ს 2012 წლის 8 ნოემბერს. 2012 წლის 13 ნოემბერს აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით, აპელანტმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე, იმ მოტივით, რომ ვერ ახერხებდა გარკვეული დოკუმენტების მოძიებას, რომელიც აუცილებელი იქნებოდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის, აქვს ოჯახური პრობლემები და დადგენილ ვადაში ვერც სახელმწიფო ბაჟის გადახდას შეძლებდა. სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მ.ხ-ს სააპელაციო საჩივარზე წინამდებარე განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 5 (ხუთი) დღით სასამართლოს ინიციატივით. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით აპელანტ მ.ხ-ს და ჩაბარდა მის თანამშრომელ ვ. მ-ეს 2012 წლის 19 ნოემბერს. 2012 წლის 28 ნოემბერს მ.ხ-მა კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის გამოსწორებისათვის დაწესებული ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე იმ მოტივით, რომ ვერ ხერხდება გარკვეული დოკუმენტების მოძიება, რომელიც აუცილებელი იქნებოდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის, აქვს ოჯახური პრობლემები და ვერ ახერხებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 372-ე მუხლით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 71-ე მუხლით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით (2012 წლის 14 ნოემბრის განჩინების გზავნილზე) დადგენილად მიიჩნია, რომ გზავნილი ჩაბარდა აპელანტის თანამშრომელს (საადვოკატო ბიუროს ადვოკატს) 2012 წლის 19 ნოემბერს, კანონის ძალით კი, იგულისხმებოდა, რომ განჩინების ასლი აპელანტს 2012 წლის 19 ნოემბერს ჩაბარდა. სასამართლოს განმარტებით, აპელანტს სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი შეეძლო 2012 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით გამოესწორებინა. ამ მიმართებით, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ 2012 წლის 24 ნოემბერი იყო რა არასამუშაო დღე - შაბათი, მომდევნო დღე - კვირა, აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა ეწურებოდა მომდევნო სამუშაო დღეს - 2012 წლის 26 ნოემბერს (ორშაბათს). აპელანტის მიერ განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ გამოსწორებულა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს ხარვეზის გამოსწორებისათვის დაწესებული ვადა ერთხელ გაუგრძელდა სასამართლოს ინიციატივით, რადგან მის მიერ შუამდგომლობაში (13.11.12წ.) მოყვანილი მოტივები არ იყო საფუძველი ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელებისათვის. აპელანტს 2012 წლის 28 ნოემბრის განცხადებაშიც იგივე მოტივები ჰქონდა მოყვანილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებისათვის, რაც ვერც ამჯერად გაიზიარა სასამართლომ. განსაზღვრული დროის განმავლობაში აპელანტს 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დადგენილი არც ერთი ხარვეზი გამოუსწორებია. პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლისა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.ხ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგანაც აპელანტს დროის გარკვეულ მონაკვეთში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისა და მისი უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა, ამასთანავე განმარტა, რომ ამ ეტაპზე მას გააჩნია ყველა შესაძლებლობა, გამოასწოროს სააპელაციო პალატის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც სწორედ მისი უფლების დაცვას შეუწყობდა ხელს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით მ.ხ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მ.ხ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამავე განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა კონკრეტული საპროცესო მოქმედებების განხორციელება, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მხარეს საპროცესო ვადა განესაზღვრა 5 დღით და ამომწურავად განესაზღვრა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგები.

უდავოა, რომ პალატის მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო მოქმედების განხორცილების ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე. მ.ხ-მა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და დოკუმენტების მოძიებისათვის დაწესებული ვადა არასაკმარისი იყო და, ოჯახური მდგომაროების გამო, ვერ მოახერხა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სასამართლომ, მართალია, შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე მითითებით, საკუთარი ინიციატივით აპელანტს საპროცესო ვადა 5 დღით გაუგრძელა.

სადავო არ არის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტისათვის 2012 წლის 19 ნოემბერს ჩაბარების ფაქტი, ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის დაცვით, სასამართლოსათვის მის მიერ დადგენილ ვადაში შუამდგომლობით მიმართვა.

აღნიშნული შუამდგომლობით აპელანტმა, მიუხედავად სასამართლოს განმარტებისა, კვლავ საპროცესო ვადის 5 დღით გაგრძელება ითხოვა და მის საფუძვლად მიუთითა იმავე გარემოებებზე (დოკუმენტების მოუძიებლობა, ოჯახური მდგომაროება), რაც სააპელაციო პალატამ 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით უარყოფითად შეაფასა.

საყურადღებოა, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებათაგან არც ერთი მ.ხ-ს სადავოდ არ გაუხდია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

დასახელებული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარეობს საკასაციო სამართალწარმოების ფარგლები და დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობის საკითხს საკასაციო სასამართლო შეამოწმებს მხოლოდ საჩივარში მითითებული სადავო გარემოებების გათვალისწინებით, იმგვარად, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს ამ ფარგლებს და საკუთარი ინიციატივით შეაფასოს ის, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია.

განსახილველი კერძო საჩივრის საფუძვლად მხარე მიუთითებს გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობასა და დაუსაბუთებლობაზე და აღნიშნულ პრეტენზიას ამყარებს დროის გარკვეულ შუალედში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შეუძლებლობას, რის გამოც მისი სასამართლოს წესით დაცვის უფლება დაირღვა.

აღნიშნული პრეტენზიის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი, რადგანაც უდავოა, რომ მხარემ სასამართლოს ერთხელ უკვე მიმართა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობით, რომელიც პალატამ, მართალია, უსაფუძვლოდ მიიჩნია, თუმცა სრულყოფილად დააკმაყოფილა იგი, ხოლო აპელანტმა ისევ იმავე მოთხოვნითა და იმავე საფუძვლით მიმართა სასამართლოს. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარებს შუამდგომლობის ავტორის ვალდებულება, მოთხოვნა სათანადოდ დაასაბუთოს და დამაჯერებლად განსაზღვროს მისი დაკმაყოფილების საფუძველი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს აღნიშნული ნორმის მოთხოვნა არ გაუთვალისწინებია, ამასთანავე, მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ერთი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

რაც შეეხება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარემ დროის გარკვეულ მონაკვეთში საპროცესო მოქმედების განხორციელება ვერ უზრუნველყო და მას არ მიეცა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის კონსტუტუციური უფლების დაცვით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლშია ასახული, აღნიშნული ასევე რეგლამენტირებულია საპროცესო კანონმდებლობის იმ ნორმებში, რომლებიც საპროცესო ვადების განუხრელი დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. რაც შეეხება უფლების სასამართლოს წესით დაცვის შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, განსაზღვრულია, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული დანაწესი კერძო საჩივრის ავტორის მიმართ არ დარღვეულა, რადგანაც მხარეს დაწესებული ხარვეზის გამოსწორებისათვის საპროცესო ვადა განესაზღვრა 5 დღით, 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მას კვლავ გაუგრძელდა ეს ვადა იმ ოდენობით, რაც შუამდგომლობაში ჰქონდა მითითებული და აპელანტმა დაკისრებული საპროცესო მოქმედება კვლავ არ განახორციელა არც ერთ ნაწილში, აღნიშნული კი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას უფლების დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.ხ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ.ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე