Facebook Twitter

საქმე №ას-64-59-2013 22 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი.კ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე ი.კ-ის სარჩელის გამო, ლ.ც-სა და ნოტარიუს ლ.ვ-ას მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.კ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უქნა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის კანონთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ი.კ-ის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა დაზუსტებული კერძო საჩივრის წარმოდგენა, სადაც ასევე გარკვევით განისაზღვრებოდა მხარის კერძო საჩივრის მოთხოვნა, ასევე წარმოდგენილი იქნებოდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს 2013 წლის 30 იანვარს გაეგზავნა სარჩელში მის მიერ მითითებულ მისამართზე.

საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 1 თებერვალს სასამართლოს კურიერის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, მხარე ამ მისამართზე დიდი ხანია აღარ ცხოვრობს, კურიერის განმარტებით, მან სცადა მობილურზე მხარესთან დაკავშირება, რაც ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ ტელეფონი გამორთული იყო.

იგივე განჩინება ი.კ-ეს გაეგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, თუმცა კორესპოდენციის ჩაბარება ამჯერადაც ვერ მოხერხდა, რადგანაც, მეზობლის განმარტებით, ი.კ-ე ამ მისამართზე ცხოვრობდა ქირით და შეიცვალა მისამართი (იხ. სასამართლო კურიერის 2013 წლის 7 თებერვლის აქტი), საყურადღებოა, რომ სასამართლომ, მისამართის დაზუსტების მიზნით, სცადა საქმეში არსებულ ტელეფონზე მხარესთან დაკავშირება, თუმცა კავშირის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა (იხ. სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტი).

სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისამართის შეცვლის თაობაზე მხარეს საკასაციო პალატისათვის არ უცნობებია და ასეთი ცნობა არც საქმის სხვა მასალებში მოიპოვება.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმადაც, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

მითითებულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ კანონის ძალით, შეტყობინება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მისი გადაცემა კორესპოდენციის განმეორებით გაგზავნის შემთხვევაშიც ვერ ხერხდება. განსახილველ შემთხვევაში, მხარის სათანადოდ ინფორმირებულად მიჩნევის რწმენას სასამართლოს განუღრმავებს ის გარემოებაც, რომ მხარეს მისამართის შეცვლის თაობაზე სასამართლოსათვის არ უცნობების, ხოლო განმეორებით გაგზავნილი კორესპოდენციის პასუხად საქმეში წარმოდგენილი აქტის თანახმად, მხარემ მისამართი შეიცვალა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კი, ასეთი შემთხვევისათვის 76-ე მუხლის შემოღებით ადგენს, რომ მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

ამდენად, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის განჩინება, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესების გათვალისწინებით, ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს იმ დროიდან, როდესაც სასამართლო კურიერი განმეორებით გამოცხადდა მხარის მისამართზე, ასეთი დრო კი, 2013 წლის 7 თებერვალია.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2013 წლის 8 თებერვალს და ამოიწურა სამუშაო დღეს, სამშაბათს - 2013 წლის 12 თებერვალს. მხარეს ამ დროის განმავლობაში სასამართლოსათვის არც დადგენილი ხარვეზის გამოსწორების და არც სხვა სახის შუამდგომლობით არ მოუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი მხარეს არ გამოუსწორებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ი.კ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.კ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე