№ა-767-ა-1-2013 28 თებერვალი, 2013 წელი, ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ.შ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქმეზე რ.შ-ის სარჩელისა გამო გ.შ-ის წინააღმდეგ მემკვიდრედ ცნობისა და ქონებიდან წილის გამოყოფის შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
პალატას მიაჩნია, რომ მოცემული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს კონკრეტული სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის განსჯადობას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
განსახილველ შემთხვევაში მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ამ გადაწყვეტილებაზე გ.შ-ის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, მოცემული განცხადების მიმართ განსჯადი სასამართლოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო არაგანსჯადი სასამართლოა და, შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი, განიხილოს საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. შ-ის განცხადება, აღნიშნული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ამასთან, განმცხადებელს უნდა განემარტოს, რომ იგი უფლებამოსილია, იმავე მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიმართოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 425-ე, 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ.შ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განმცხადებელს განემარტოს, რომ მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე განსჯადი სასამართლოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი