Facebook Twitter

№ა-3940-შ-79-2012 18 თებერვალი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ხ.ი-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების ნომერი 9174/2011) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების ნომერი 9174/2011) პირველი განმცხადებლის – კ.ხ.ი-ის ძის შვილად ცნობილ იქნა მისი მეუღლის პირველი ქორწინებიდან შეძენილი სრულწლოვანი შვილი – ა-ან ი. – გ-ოს ა. ძე.

ი.ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ი.ა-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი.ა-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების ნომერი 9174/2011) პირველი განმცხადებლის – კ.ხ.ი-ის ძის შვილად ცნობილ იქნა მისი მეუღლის პირველი ქორწინებიდან შეძენილი სრულწლოვანი შვილი – ა-ან ი. – გ-ოს ა. ძე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც პირველი განმცხადებლის – კ.ხ.ი-ის ძის შვილად ცნობილ იქნა მისი მეუღლის პირველი ქორწინებიდან შეძენილი სრულწლოვანი შვილი – ა-ან ი.– გ-ოს ა. ძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ შუამდგომლობას სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ თან უნდა დაერთოს ცნობა გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის შესახებ. ზემომითითებული ნორმა ადგენს იმ სავალდებულო პირობას, რომელიც დაცული უნდა იყოს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის. ასეთი პირობაა შუამდგომლობის ავტორის მიერ კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენა გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი თავად მიუთითებს იმაზე, რომ საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საბერძნეთის რესპუბლიკაში აღსრულებულია. აღნიშნული გარემოება დასტურდება მის მიერ შუამდგომლობაზე თანდართული შვილად აყვანის სააქტო ჩანაწერითაც.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილება, უკვე აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე, იგი ვერ დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ა-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების ნომერი 9174/2011) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების ნომერი 9174/2011), რომლითაც პირველი განმცხადებლის – კ.ხ.ი-ის ძის შვილად ცნობილ იქნა მისი მეუღლის პირველი ქორწინებიდან შეძენილი სრულწლოვანი შვილი – ა-ან ი. – გ-ოს ა.ს ძე;

3. ი.ა-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების ნომერი 9174/2011) საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე