საქმე №ა-404-შ-4-2013 11 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ტ.ე-ა
მოწინააღმდეგე მხარე – მ.რ-ი, ა.ი-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენი
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენით მ.რ-ი და ა.ი-ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ და დაზარალებული ტ.ე-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 65405 გრივნისა და 50 კაპიკის ანაზღაურება.
უკრაინის ოდესის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით კი, ძალაში დარჩა ზემოაღნიშნული განაჩენი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ტ.ე-ამ და მოითხოვა თანხის დაკისრების ნაწილში უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება.
შუამდგომლობაზე დართული ცნობის თანახმად, განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული 2008 წლის 15 ივლისს და ექვემდებარება აღსრულებას, თანხის დაკისრების ნაწილში ის უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და განაჩენი კანონით დადგენილი წესით გაეცნო ა.ი-ს.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული განაჩენითა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის საქმე განხილულია ზეპირი მოსმენით და საქმის განხილვაში მონაწილეობა მიღებული აქვთ განსასჯელებს, ამასთანავე, სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ განსასჯელი მ.რ-ი უკრაინის, ხოლო ა.ი-ი საქართველოს მოქალაქეა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა თანხის ა.ი-ის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის, 70-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 71-ე მუხლების მოთხოვნებს და მიღებულ უნდა იქნას წარმოებაში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას უნდა განემარტოს, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. მას აგრეთვე უნდა განემარტოს, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.
რაც შეეხება ტ.ე-ას შუამდგომლობას მ.რ-ის მიმართ, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე შემდეგი გარემოებების გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ, ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვალდებულება, შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენითა და ამ განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებით დადგენილია, რომ განსასჯელი მ. რ-ი უკრაინის მოქალაქეა.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან მ.რ-ი არ არის საქართველოს მოქალაქე, ამასთან, არ ირკვევა საქართველოს სასამართლოების კომპეტენცია კანონით გათვალისწინებული რომელიმე სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, წინამდებარე შუამდგომლობა მ. რ-ის მიმართ მიიღოს განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესოკ ოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ.ე-ას შუამდგომლობა ა.ი-ის მიმართ 65405 გრივნისა და 50 კაპიკის დაკისრების ნაწილში უკრაინის ქ.ოდესის სუვერენსკის რაიონის სასამართლოს 2007 წლის 3 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად. შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს. მასვე განემარტოს, რომ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა. საქმის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ტ.ე-ას შუამდგომლობას მ.რ-ის მიმართ ამავე განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უარი ეთქვას წარმოებაში მიღებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციის არარსებობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე: ბ. ალავიძე