Facebook Twitter

№ა-4678-შ-88-2012 11 თებერვალი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები (მოსარჩელეები) – „ო. ი. ი. მ. ლ-ი“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია); „ო. ს. ლ-ი“; სს „ო.ფ. ქ-ი“ (რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია)

მოსარჩელეთა წარმომადგენელი – გ.გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ვ.გ-ა

შუამდგომლობის ავტორთა მოთხოვნა – დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების (მოპასუხე ვ.გ-ას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანებით მოსარჩელეების - „ო. ი.ი. მ. ლ-ის“, „ო.ს. ლ-სა“ და სს „ო. ფ. ქ-ის“ (მოსარჩელეების) განცხადების საფუძველზე მიღებულ იქნა განკარგულება მოპასუხე ვ.გ-ას წინააღმდეგ ქონების დაყადაღების შესახებ.

მოსარჩელეების - „ო. ი. ი. მ. ლ-ის“, „ო. ს. ლ-სა“ და სს „ო. ფ. ქ-ის“ წარმომადგენელმა გ.გ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ „ო. ი. ი. მ. ლ-ის“, „ო. ს. ლ-სა“ და სს „ო. ფ. ქ-ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის მოსამართლე თიარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანებით, მოსარჩელეების - „ო. ი. ი. მ. ლ-ის“, „ო. ს. ლ-სა“ და სს „ო. ფ. ქ-ის“ განცხადების საფუძველზე, მიღებულ იქნა განკარგულება მოპასუხე ვ.გ-ას წინააღმდეგ ქონების დაყადაღების შესახებ.

მოსამართლე თიარის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების აღსრულების მოწმობით დგინდება, რომ ეს ბრძანება ექვემდებარება აღსრულებას მოპასუხე ვ.გ-ას მიმართ.

ზემოხსენებული ბრძანების დანართი „ბ-ს“ მე-8 პარაგრაფში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მოსარჩელეებს შეუძლიათ განახორციელონ 2012 წლის 16 მარტის ბრძანების საქართველოში აღიარების და/ან აღსრულების პროცედურა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველიც, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „ო. ი. ი. მ. ლ-ის“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია), „ო. ს. ლ-სა“ და სს „ო. ფ. ქ-ის“ (რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია) წარმომადგენლის გ.გ-ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. „ო. ი. ი. მ. ლ-ის“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია), „ო. ს. ლ-სა“ და სს „ო. ფ. ქ-ის“ (რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია) წარმომადგენლის გ.გ-ის შუამდგომლობა დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს პირველი ინსტანციის სამეფო სასამართლოს განყოფილების კომერციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის ბრძანება მოპასუხე ვ.გ-ას ქონების დაყადაღების შესახებ, კერძოდ, მითითებული ბრძანების შემდეგი პარაგრაფები:

3. სასამართლოს მიერ მომდევნო ბრძანების მიღებამდე, მოპასუხე ვ.გ-ას ეკრძალება ქვემოთმოცემული ქონების რაიმე სახით განკარგვა ან ღირებულების შემცირება:

3.2. 160 000 000 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს ცნობილ თანხას, დაკავშირებულს 2011 წლის 14-დან 18 მარტამდე პერიოდში მეორე მოსარჩელის („ო. ს. ლ-იდ“) მიერ ან მისი სახელით ა. ქ. პ. ე-ის (ადმანტ) გადახდილ 213 468 750 აშშ დოლარის თანხასთან; ან

3.3. ზემოხსენებული თანხიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი ან მოგება, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს:

3.3.1. ზემოხსენებული თანხის ან მისი ნაწილის საშუალებით შეძენილ ნებისმიერ აქტივს;

3.3.2. ზემოხსენებული თანხიდან წარმოშობილ ნებისმიერ პროცენტს, შემოსავალს ან დივიდენდს.

6. სასამართლოს მიერ მომდევნო ბრძანების გაცემამდე, მოპასუხე ვ.გ-ას ეკრძალება ინგლისის ან უელსის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული 160 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნებისმიერი აქტივის ღირებულების შემცირება.

7. პარაგრაფი 6 გამოიყენება მოპასუხე ვ.გ-ას აქტივებთან მიმართებაში განურჩევლად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ისინი მის სახელზე, ფლობს თუ არა მათ მოპასუხე და აქვს თუ არა მოპასუხეს კანონიერი, ბენეფიციალური თუ სხვაგვარი დაინტერესება ამ აქტივებთან დაკავშირებით. წინამდებარე ბრძანების მიზნებისათვის მოპასუხის აქტივები მოიცავს ნებისმიერ აქტივს, რომლის პირდაპირ თუ არაპირდაპირ განკარგვის უფლება გააჩნია მოპასუხეს, ან რომლის განკარგვაც მას შეუძლიათ როგორც საკუთარი აქტივებისა. ჩაითვლება, რომ მოპასუხეს აქვს ასეთი უფლებამოსილება, თუ მესამე პირი ფლობს ან აკონტროლებს აქტივს მოპასუხის პირდაპირი ან არაპირდაპირი ინსტრუქციების შესაბამისად.

8. ეს აკრძალვა მოიცავს შემდეგ აქტივებს:

8.1. წინამდებარე ბრძანების დანართ ბ5-ში განსაზღვრულ შემდეგ აქტივებს:

1. ნებისმიერი დაინტერესება შემდეგ ქონებაში:

ა. ქონება ლონდონში (მისამართი უცნობია);

ბ. ქონება საქართველოში, თბილისი, 0179, ფ-ის 32, ბინა №27;

2. ნებისმიერი წილი ან ინტერესი შემდეგ კომპანიებში:

ა. თ. ქ. ლ-ი;

ბ. K. შ-გ;

გ. ტ. ი. ლ-დ;

3. ნებისმიერი თანხა ან ინტერესი შემდეგ ანგარიშებთან დაკავშირებით:

თ. ქ. ლ-იდ

ა. ანგარიშის №... Clariden Leu Bahamas;

ბ. ანგარიშის №..., ლ. ბ-ი, „საქართველო;

თ. ი. ლ-იდ

ა. ანგარიშის ნომერი ... Clariden Leu Zurich;

ბ. ანგარიშის ნომერი ... Clariden Leu Zurich;

K. შ-გ

ა. Account Alpha Bank Cuprus Limited;

ჯ. ქ. ლ-იდ

ა. ING Bank Slaski SA, ანგარიშის №...;

ბ. Raiffeisen Zent, Vienna, ანგარიშოს №...;

გ. Raiffeisen Zent, Vienna, ანგარიშოს №....

4. ნებისმიერი დაინტერესება მოძრავ ქონებაში: Aston Martin Motor car;

5. ნებისმიერი წილის ან სხვა ინტერესი შემდეგ კომპანიებში:

ა. ბ. ლ-იდ;

6. ნებისმიერი თანხა ან სხვა ინტერესი შემდეგ ანგარიშებზე:

თ. გ-ა

ა. ანგარიშის ნომერი ... – Barclay Bank Seychelles ბ. ლ-იდ;

ბ. ანგარიშის ნომერი ... – Barclay Bank Seychelles;

8.2. ტრასტის ან მსგავსი სამართლებრივი სუბიექტის მეშვეობით მიღებული პროცენტი (ინტერესი), მათ შორის, ნებისმიერი ინტერესი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას დანიშვნის, დისკრეციის ან სხვაგვარი უფლებამოსილების გამოყენების შედეგად.

(1) თუ ინგლისში და უელსში განთავსებული მოპასუხის ყოველგვარი დატვირთვისაგან და სხვა უზრუნველყოფისაგან თავისუფალი აქტივების საერთო ღირებულება (დაუტვირთავის ღირებულება) აჭარბებს 160 მილიონ აშშ დოლარს, მოპასუხეს შეუძლია გაიტანოს ნებისმიერი ასეთი აქტივი ინგლისიდან და უელსიდან ან განკარგოს ისინი იმის გათვალისწინებით, რომ ამ მოპასუხის ინგლისში და უელსში დარჩენილი აქტივების საერთო დაუტვირთავი ღირებულება აღემატება 160 მილიონ აშშ დოლარს.

(2) თუ ინგლისში განთავსებული მოპასუხის აქტივების მთლიანი დაუტვირთავი ღირებულება არ აღემატება 160 მილიონ აშშ დოლარს, მას ეკრძალება რომელიმე ასეთი აქტივის გატანა ინგლისიდან და უელსიდან ან მათი რაიმე სახით განკარგვა. თუ მოპასუხეს აქვს სხვა აქტივები ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ, მას შეუძლია ასეთი აქტივების განკარგვა ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ იმ პირობით, რომ (i) ისინი არ არის გათვალისწინებული მე-3 პარაგრაფით და (ii) ინგლისში და უელსში ან მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა აქტივის საერთო დაუტვირთავი ღირებულება აღემატება 160 მილიონ აშშ დოლარს.

11. გამონაკლისები

(1) ეს ბრძანება არ უკრძალავს მოპასუხე ვ.გ-ას საცხოვრებელი ხარჯების სახით დახარჯოს კვირაში 1000 ფუნტი სტერლინგი, ასევე მას შეუძლია გაიღოს გონივრული თანხა იურიდიული კონსულტაციისათვის და მისი ინტერესების წარმოდგენისათვის იმის გათვალისწინებით, რომ:

(ა) ასეთი ხარჯები არ გაიღება ზემოხსენებულ მე-3 პარაგრაფში განსაზღვრული ქონების დაყადაღების ბრძანების შესაბამისად დაყადაღებული ფულიდან და/ან აქტივებიდან; და

(ბ) ნებისმიერ შემთხვევაში, ხარჯების გაღებამდე მოპასუხე ვალდებულია შეატყობინოს მოსარჩელთა კანონიერ წარმომადგენლებს ფულის წარმომავლობის შესახებ.

(2) წინამდებარე ბრძანება არ უკრძალავს მოპასუხე ვ.გ-ას მისი აქტივების რაიმე სახით განკარგვას საქმიანობის ჩვეული წესით წარმოების პროცესში, გარდა იმ ფულისა და/ან აქტივების განკარგვისა, რომელიც დაყადაღებულია ზემოხსენებულ მე-3 პარაგრაფში განსაზღვრული ქონების დაყადაღების შესახებ ბრძანების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, ფულის და/ან აქტივების საქმიანობის ჩვეული წესით წარმოების პროცესში განკარგვამდე მოპასუხემ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენლებს.

(3) მოპასუხეს შეუძლია შეუთანხმდეს მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენლებს ზემოთ განსაზღვრული სახარჯო ფულის ოდენობის გაზრდაზე ან წინამდებარე ბრძანებაში რაიმე სხვა სახის ცვლილებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით.

(4) ბრძანება დაკარგავს ძალას მოპასუხის წინააღმდეგ, თუ მოპასუხე:

(ა) წარმოადგენს უზრუნველყოფას 160 მილიონი აშშ დოლარის სასამართლოსათვის გადახდის გზით, რომელიც იქნება სასამართლოს განკარგულებაში; ან

(ბ) იმავე თანხის უზრუნველყოფას წარმოადგენს მოსარჩელეთა კანონიერ წარმომადგენლებთან შეთანხმებული სხვა საშუალებით.

14. მოპასუხე ვ.გ-ამ, რომელსაც უბრძანეს არ განახორციელოს ესა თუ ის ქმედება, არ უნდა განახორციელოს ასეთი ქმედება არც პირადად და არც რაიმე სხვა გზით. მან არ უნდა განახორციელოს ასეთი ქმედება იმ პირთა საშუალებით, რომლებიც მოქმედებენ მისი სახელით ან მისი ინსტრუქციების შესაბამისად ან მისი წახალისებით.

17. წინამდებარე ბრძანება არ ზღუდავს ნებისმიერ ბანკს გამოიყენოს ჩათვლის უფლება, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს წინამდებარე ბრძანების შესახებ შეტყობინების მიღებამდე მოპასუხისათვის გაცემულ რომელიმე კრედიტთან დაკავშირებით.

18. არც ერთ ბანკს არ ესაჭიროება მოპასუხის მიერ ფულის გამოტანასთან დაკავშირებული განცხადების შესახებ ინფორმაციის მოძიება, თუ ასეთი გამოტანა ნებადართულია წინამდებარე ბრძანებით.

19. ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ არსებული პირები

(1) გარდა ქვემოთმოცემულ მე-2 პარაგრაფში განსაზღვრულისა, ამ ბრძანების პირობები არ მოახდენს გავლენას რომელიმე პირზე, რომელიც არ ექვემდებარება ამ სასამართლოს იურისდიქციას.

(2) წინამდებარე ბრძანების პირობები ძალაშია ამ სასამართლოს იურისდიქციის გარეთ მყოფი შემდეგი პირებისათვის:

(ა) მოპასუხე ან მინდობილობის საფუძველზე მოქმედი მისი თანამდებობის პირები ან აგენტები;

(ბ) ნებისმიერი პირი:

(i) რომელიც ექვემდებარება ამ სასამართლოს იურისდიქციას;

(ii) რომალმაც ამ სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში მიიღო წერილობითი შეტყობინება ამ ბრძანების შესახებ თავის საცხოვრებელ ან სამუშაო მისამართზე;

(iii) რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს ქმედებას ან უმოქმედობას ამ იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, რაც წარმოადგენს ან ხელს უწყობს ამ ბრძანების პირობების დარღვევას და

(გ) ნებისმიერი სხვა პირი იმ შემთხვევაში, თუ ეს ბრძანება აღსრულებადია ან აღსრულებულია ამ ქვეყნის სასამართლოს მიერ.

20. ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ განლაგებული აქტივები

წინამდებარე ბრძანების არც ერთი დებულება, დაკავშირებული ინგლისისა და უელსის ფარგლებს გარეთ განლაგებულ აქტივებთან, არ შეუშლის ხელს რომელიმე მესამე მხარეს იყოს შესაბამისობაში:

(1) იმასთან, რასაც იგი გონივრულად მიიჩნევს თავის ვალდებულებად, იქნება ეს საკონტრაქტო თუ სხვა ვალდებულება, იმ ქვეყნის კანონებისა და ვალდებულებების შესაბამისად, რომლებშიც განლაგებულია ასეთი აქტივები ან მასა და მოპასუხეს შორის დადებულ კონტრაქტთან მიმართებაში მოქმედი კანონით გათვალისწინებული უფლებების შესაბამისად და

(2) ასეთი ქვეყნის სასამართლოების ბრძანებებთან იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ბრძანების გამოყენების შესახებ შეტყობინება გაეგზავნება მოსარჩელეების ადვოკატებს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე