Facebook Twitter

საქმე №ა-4718-შ-92-2012 4 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ე.კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - რ.მ-ი

ბრძანება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის ბრძანება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის ბრძანებით 1984 წლის 13 ნოემბერს საქართველოში, ქ.თბილისში დაბადებულ რ.მ-ს, მცხოვრებს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გროდნოში, ო. ს-ის ქუჩაზე, N138 სახლის N16 ბინაში, უმუშევარს ქ.გროდნოში, ო. ს-ის ქუჩის N138 სახლის N16 ბინაში მცხოვრები ე.კ-ას სასარგებლოდ 2007 წლის 27 ივნისს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ზ. მ-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტი ხელფასის ან სხვა ყოველთვიური შემოსავლის 25%-ის, არანაკლებ საშუალო მაცხოვრებლის საარსებო მინიმუმის 50%-ისა 2011 წლის 5 ნოემბრიდან შვილის სრულწლოვანებამდე, ასევე განაწილდა სასამართლო ხარჯები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე.კ-ამ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობაზე დართული სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული სასამართლო ბრძანების თანახმად, ის კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 21 იანვარს და ექვემდებარება აღსრულებას, თუმცა საქმეში წარმოდგენილი ამავე სასამართლოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სასამართლო ბრძანება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, მითითებულია 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით დავალიანების არსებობაზე, თუმცა არ ირკვევა რა მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა გამოანგარიშებული აღნიშნული თანხები, ამავე მტკიცებულების თანახმად, საქმე განხილულ იქნა მხარეთა დაუსწრებლად და მოპასუხეს გაეგზავნა სასამართლო ბრძანების ასლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა დადასტურება: ა) ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის ბრძანება რ.მ-ის ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღსრულებულია თუ არა მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე; ბ) სასამართლოს მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული თანხები (ალიმენტის დავალიანება 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომაროებით და პირგასამტეხლო) რა მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა განსაზღვრული; ბ) დროულად ეცნობა თუ არა მოპასუხე რ.მ-ს საქმის განხილვის თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მის მიერვე მითითებულ მისამართზე: ბელარუსის რესპუბლიკა, ქ.გროდნო, ო. ს-ის ქN138, ბინა N16. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინების ბარათის თანახმად, გზავნილი მითითებულ მისამართზე 2012 წლის 29 დეკემბერს ჩაბარდა ნ.კ-ას. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ე.კ-ას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე.კ-ამ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებით წინამდებარე შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა დადასტურება: ა) ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის ბრძანება რ.მ-ის ალიმენტის დაკისრების ნაწილში აღსრულებულია თუ არა მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე; ბ) სასამართლოს მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული თანხები (ალიმენტის დავალიანება 2012 წლის 1 სექტემბრის მდგომაროებით და პირგასამტეხლო) რა მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა განსაზღვრული; ბ) დროულად ეცნობა თუ არა მოპასუხე რ.მ-ს საქმის განხილვის თაობაზე. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს ამომწურავად განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით ხარვეზის გამოუსწორებლობის შესახებ ნეგატიური შედეგების თაობაზე.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ე.კ-ას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მის მიერვე მითითებულ მისამართზე: ბელარუსის რესპუბლიკა, ქ.გროდნო, ო. ს-ის ქN138, ბინა N16.

სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინების ბარათის თანახმად, გზავნილი მითითებულ მისამართზე 2012 წლის 29 დეკემბერს ჩაბარდა ნ.კ-ას. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით კი დადგენილია, რომ თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. დასახელებული ნორმით კანონმდებელმა დაადგინა პრეზუმფცია, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი კორესპოდენციის ჩამბარებელი პირი მისი ოჯახის ქმედუნარიან პირს წარმოადგენს და ამ უკანასკნელისათვის შეტყობინების გადაცემა უშუალოდ მხარისათვის გადაცემად მიჩნევის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 30 დეკემბერს და ამოიწურა 8 იანვარს, რომელიც არც უქმე და არც დასვენების დღე არ ყოფილა. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ ე.კ-ას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.კ-ას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.გროდნოს ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე