Facebook Twitter

საქმე №ა-4812-შ-99-2012 4 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ტ.კ-ი

წარმომადგენელი - მ.ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ო.კ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ფულდას სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ფულდას სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით 2006 წლის 22 სექტემბერს ფულდას მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ო.კ-სა და ტ.კ-ის N334/2006 ქორწინება გაუქმდა, მეუღლეთა ვალდებულებების განაწილების საკითხი არ განხილულა, ხოლო სასამართლო ხარჯები მხარეებს თანაბარწილად დაეკისრათ.

საქმეში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით და დასტურდება საქმის განხილვის თაობაზე მხარეთა ინფორმირების ფაქტი, ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2012 წლის 5 აპრილიდან. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ასევე ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა. ტ.კ-ის განმარტებით დასტურდება სასამართლოსათვის წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით მომართვის საფუძველი - სამოქალაქო რეესტრში გადაწყვეტილების რეგისტრაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ტ.კ-ის წარმომადგენელ მ.ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფულდას სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ტ.კ-ის წარმომადგენელ მ.ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფულდას სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, შესაბამისად, დასტურდება საქმის განხილვის თაობაზე მხარეთა ინფორმირების ფაქტი, ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2012 წლის 5 აპრილიდან.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ასევე ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა. ტ.კ-ის განმარტებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ სასამართლოსათვის წინამდებარე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნით მომართვის საფუძველი - სამოქალაქო რეესტრში გადაწყვეტილების რეგისტრაციაა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ფულდას სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ.კ-ის წარმომადგენელ მ.ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფულდას სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფულდას სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც 2006 წლის 22 სექტემბერს ფულდას მმაჩის ბიუროს მოხელის წინაშე რეგისტრირებული ო.კ-სა და ტ.კ-ის N334/2006 ქორწინება გაუქმდა, მეუღლეთა ვალდებულებების განაწილების საკითხი არ განხილულა, ხოლო სასამართლო ხარჯები მხარეებს თანაბარწილად დაეკისრათ.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

პ. ქათამაძე