№ას-1630-1530-2012 11 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – ა.ი-ე
მოწინააღმდეგე მხარე - კ.შ-ა, ე.გ-ი, მ.ა-ე, ტ.შ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა.ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: კ.შ-ას, ე.გ-ის, მ.ა-სა და ტ.შ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, 218738.15 აშშ დოლარის ანაზღაურება და 2011 წლის 5 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 3450 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა.ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე კ.შ-ას, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 115000 აშშ დოლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2009 წლის 5 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 115000 აშშ დოლარის 8%-ის ანაზღაურება, ა.ი-ის სარჩელი ე.გ-ის, მ.ა-სა და ტ.შ-ას ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ი-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2012 წლის 03 დეკემბერს ა.ი-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება; კერძოდ, ყადაღის დადება ნ.შ-ას სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი გ-ის ქ. 30/15, საკადასტრო კოდი - #..., ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გ-ი, საკადასტრო კოდი - #...) და მ. ს-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე მდებარე, თბილისი გ-ის ქ. 30, საკადასტრო კოდი - #....
განმცხადებელის განმარტებით, თავისმა მეუღლემ, მ.ა-ემ, მისივე დავალებით კ.შ-ის გადასაცემად კ.შ-ას მეუღლეს _ მ. ს-ეს ჩაურიცხა 110 000 აშშ დოლარი მის პირად ანგარიშზე. ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან თანხების გამოტანა ხდებოდა, როგორც კ.შ-ას ასევე მისი მეუღლის მ.ს-ის მიერაც. 2012 წლის 24 ივნისს მ.ს-ემ თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი, გ-ის ქ. 30/15 (ნაკვ. 005/013), ზონა _ თბილისის 01, სექტორი _ მთაწმინდა 15, კვარტალი 05, ნაკვეთი 005/013, ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი _ 1069.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი _ 05. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი _ #1-დან #7-ის ჩათვლით. საკადასტრო კოდი ....) და უძრავი ქონება (მდებარე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გ-ი ზონა ლანჩხუთი 27, სექტორი _ სუფსა 15, კვარტალი 42, ნაკვეთი 327, ნაკვეთის საკუთრების ტიპი _ საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია _ არასასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი _ 300.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი _ ...შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი_ შენობა-ნაგებობა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - #...) გააჩუქა საკუთარ შვილზე ნ. შ-ას სახელზე. განმცხადებელმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1159-ე, 1169-ე და 1170-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ კ.შ-ას მეუღლის მ.ს-ის სახელზე ირიცხებოდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, რაც წარმოადგენდა მათი ქორწინების პერიოდში შეძენილ საერთო საკუთრებას და მისი ფლობა სარგებლობა და განკარგვაც უნდა მომხდარიყო ურთიერთშეთანხმებით. უძრავი ქონება რიცხული მ.ს-ის სახელზე ჩუქების ხელშეკრულებით გადავიდა მისი შვილის ნ.შ-ას საკუთრებაში. ჩუქების ხელშეკრულება კ.შ-ას მეუღლესა და შვილს შორის დაიდო მოსაჩვენებლად; იმ მიზნით, რომ კ.შ-სა და მ.ს-ეს შემდგომი ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით გადაერჩინათ მოცემული ქონება, შესაბამისად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ შესაძლებელია ქონების გასხვისება, რითაც მას ხელი შეეშლება სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ მოპასუხეზე დაკისრებული ზიანის ანაზღაურებაში, რის გამოც ა.ი-ემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 04 დეკემბრის განჩინებით ა.ი-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაზეც 2012 წლის 10 დეკემბერს ა.ი-ემ საჩივრი წარადგინა თაბილისის სააპელაციო სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შემდეგი დასაბუთებით:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ქონებაზე, რომელიც შესაძლებელია მოპასუხეს ეკუთვნოდეს, ქონება იყოს მასთან ან სხვა პირთან. საჩივრის ავტორის განმარტებით, სწორედ ამ ნორმით გათვალისწინებულ „სხვა პირს“ წარმოადგენს კ.შ-ა და მისი შვილი, რადგან კ.შ-ამ და მისმა მეუღლემ _ მ.ს-ემ წინასწარი განზრახვით, ქონების მოსალოდნელი დაკარგვის შიშით, შვილზე გააფორმეს თავიანთი ქონება. შესაბამისად, კ.შ-ას შვილი _ ნ.შ-ა, მიჩნეულ უნდა იქნას საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ,,სხვა პირად“, რომლის მფლობელობაშიც იმყოფება ქონება. სასამართლოს მიერ სწორად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ კ.შ-ამ ა.ი-ან უკანონოდ მიღებული თანხა თავის მეუღლის ანგარიშზე განათავსა; მეუღლეები თანაცხოვრების პერიოდში ერთად იყენებდნენ ამ თანხებს და მათ მოჩვენებითი გარიგებით, ჩუქების ხელშეკრულებით გადააფორმეს ქონება შვილზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ა.ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა ა.ი-ის საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მოსარჩელის ინტერესებს ემსახურება და ადგენს მყარ გარანტიას იმისა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომელიც ეკუთვნის მოპასუხეს და არის მასთან ან სხვა პირთან.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტ ა.ი-ის დავის საგანს წარმოადგენდა მოაპსუხეებისათვის: კ.შ-ას, ე. გ-ის, მ.ა-სა და ტ.შ-ის, მის სასარგებლოდ, თანხის დაკისრება.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგინდა, რომ უძრავი ქონება, რომელზედაც უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებას მოითხოვდა ა.ი-ე, ირიცხებოდა ნ.შ-ას (მდებარე: თბილისში გ-ის ქ. 30/15, საკადასტრო კოდი - #... და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გ-ი, საკადასტრო კოდი - #...) და მ.ს-ის სახელზე (თბილისში გ-ის ქ. 30, საკადასტრო კოდი - #...), რაც ცხადყოფს, რომ ვინაიდან სარჩელი არ იყო მიმართული ნ.შ-სა და მ.ს-ის წინააღმდეგ, ხოლო სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის გამოყენება იმ პირთა ქონებაზე, რომლებიც არ წარმოადგენდნენ მოცემული დავის მოპასუხეებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მითითებული ნორმიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიებად ყადაღა შეიძლება დადებულ იქნას უშუალოდ მოპასუხის ქონებაზე, რაც შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით უნდა იქნას დადასტურებული, თუმცა აღნიშნული ქონება შეიძლება იმყოფებოდეს მასთან ან სხვა პირთან. განსახილველ შემთხვევაში კი, ა.ი-ის მიერ მითითებული ქონება, რომელზეც იგი ითხოვდა ყადაღის დადებას, არ წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ი-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა.ი-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე