Facebook Twitter

საქმე №ას-1707-1601-2012 4 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორები – 1. სს „ი.უ.ქ-ა“

2. დ.ქ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორების მოთხოვნა – 1. ქ.თბილისში, ყ-ის ქN7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ...) ყადაღის დადების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

2. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებასთან ერთად (გასხვისების აკრძალვა) იძულებითი იპოთეკის გამოყენება, განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, ნასყიდობის ფასის დაბრუნება, პირგასამტეხლოს, ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ქ-ას განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მოპასუხე „ი. უ. ქ-ას“ აეკრძალა ა) ქ.თბილისში, ყ-ის ქN7-ში მდებარე (ნაკვეთი N3/130) 4274,00 კვ.მ; ბ) ქ.თბილისში, ა-ას ქN19-ში მდებარე 110 კვ.მ და გ) ქ.თბილისში, ჩ-ის ქN25-ში მდებარე 400 კვ.მ უძრავი ქონების გასხვისება.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა ზემდგომი სასამართლოს მიერ 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით სს „ი.უ.ქ-ის“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ი.უ.ქ-ას“ დ.ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 163 285 აშშ დოლარის გადახდა, სს „ი.უ.ქ-ას“ დ.ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 16 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა სესხზე პროცენტის გადახდით და ინფლაციის შედეგად მიყენებული ზიანის, ასევე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ი. უ. ქ-ამ“.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დ.ქ-ას წარმომადგენელმა ნ.დ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა იძულებითი იპოთეკის დადება ქ.თბილისში, ყ-ის ქN7-სა და ქ.თბილისში, ჩ-ის ქN25-ში მდებარე უძრავ ნივთებზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით დ.ქ-ას განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - გასხვისების აკრძალვა ყადაღით, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დ.ქ-ას სასარგებლოდ ყადაღა დაედო სს „ი.უ.ქ-ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას (რომლის მონაცემებია: ქ.თბილისი, ყ-ის ქN7 (ნაკვეთი N3/130), ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 4274.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: ...; ..., სადარბაზო 3, სართული 1, 106,80 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...და ქ.თბილისი, ჩ-ის ქN25, ნაკვთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 400,00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 16, სხვენი, ფართი 90კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N...).

სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

2012 წლის 19 მარტს დ.ქ-ას განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს „ი. უ. ქ-ას“ აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, ყ-ის ქ. N7, თბილისი, ა-ას ქ. N19 და თბილისი, ჩ-ის ქ. N25) გასხვისება. სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებებისა, აღდგენილ იქნა კ. მ-ას საკუთრება ქ.თბილისში, ა-ას ქN19-ში მდებარე უძრავ ქონებაზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვდა იძულებითი იპოთეკის განხორციელებას, რაც სასამართლომ, სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუშვებლად მიიჩნია. სასამართლოს განმარტებით, იპოთეკა წარმოადგენს სანივთო-სამართლებრივი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში. იძულებითი კონტრაჰირების დაწესება საპროცესო სამართლებრივი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფარგლებში დაუშვებელია, ვინაიდან ეწინააღმდეგება იპოთეკის, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფის საშუალების არსსა და ასევე მესამე პირთა ინტერესებს. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროდ მიიჩნია დ.ქ-ას უფლებების დაცვის მიზნებისათვის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებს საფუძველზე სასამართლომ ჩათვალა, რომ დ.ქ-ას უფლებების დაცვის უფრო მყარი ბერკეტები შეიქმნებოდა, თუ სს „ი.უ.ქ-ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებას, დ.ქ-ას სასარგებლოდ დაედებოდა ყადაღა. პალატის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის საპროცესო სამართლის ის ინსტიტუტი, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქმნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რეალურ შესაძლებლობას და ხელს უწყობს მოსარჩელის მოთხოვნის რეალიზაციას. ამ თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს მოსარჩელე მხარის უფლების დაცვის გარანტიას, ვინაიდან ემსახურება დარღვეული ან სადავოდ ქცეული ქონებრივი უფლების აღდგენას, ანუ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, საბოლოო ჯამში ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი გამოდგეს. კონკრეტულ შემთხვევაში, აღნიშნული შეიძლება გამოიხატოს მხარის მიერ კუთვნილი სადავო ქონების გასხვისებასა თუ სხვაგვარად განკარგვაში დავის სასამართლოში მიმდინარეობის დროსაც კი, რა შემთხვევაშიც ფულის გადახდევინების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება, განსახილველი დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგრძნობლად გართულდებოდა. სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და, ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. დასახელებული მოთხოვნის ადეკვატურ უზრუნველყოფის ღონისძიებას კი წარმოადგენდა სს „ი.უ.ქ-ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება. განჩინების სამართლებრივ დასაბუთებად სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილსა და 197-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

დ.ქ-ას წარმომადგენელმა ნ. დ-მა საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, საქალაქო სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებასთან ერთად დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებად იძულებითი იპოთეკის გამოყენება და განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა იმ საფუძვლით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მხოლოდ გასხვისების აკრძალვისა და ყადაღის გამოყენება არ აღმოჩნდა საკმარისი დ.ქ-ას კანონიერი ინტერესების დასაცავად და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული მასალები, კერძოდ, ქონება, რომელსაც დ.ქ-ას სასარგებლოდ ედო გასხვისების აკრძალვა, უპრობლემოდ გასხვისდა მესამე პირის სახელზე.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა სს „ი. უ. ქ-აც“, მოითხოვა 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო ქ.თბილისში, ყ-ის ქN7-ში მდებარე უძრავ ქონებას. საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ქონება, ფაქტობრივად, უკვე გასხვისებულია გ. ყ-ას სახელზე და ის ფორმალურად ირიცხება საზოგადოების საკუთრებად, ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ზიანი ადგება ქონების შემძენს. ამავე საჩივრით მისმა ავტორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და მიუთითა საქმეში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის გამო სს „ი. უ. ქ-ას“ გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დ.ქ-ას წარმომადგენელ ნ. დ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დ.ქ-ას სასარგებლოდ ყადაღა დაედო სს „ი.უ.ქ-ის“ საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას 179285 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო განცხადება ქ.თბილისში, ყ-ის ქN7-ში და ჩ-ის ქN25-ში მდებარე უძრავ ქონებაზე დაწყებული NA12057124 სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სს „ი.უ.ქ-ის“ საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განსახილველად გადმოეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სს „ი. უ. ქ-ას“ დაუდგინდა ხარვეზი და სახელმწიფო გადახდა დაევალა. აღნიშნული განჩინება სს „ი.უ.ქ-ას“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2012 წლის 29 ოქტომბერს და 2012 წლის 30 ოქტომბერს ორგანიზაციის წარმომადგენელს - იურისტ ლ. გ-ს ჩაბარდა, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შეტყობინების ბარათზე მითითებული ხელმოწერითა და პირადი ნომრით. პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მისამართზე გაგზავნილი გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის საჭიროა, მისი მიღება დასტურდებოდეს საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. კორესპონდენციის მიღებისათვის პირდაპირ უფლებამოსილ პირს წარმოადგენს კანცელარიის თანამშრომელი, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს, ორგანიზაციის სხვა თანამშრომლის მიერ კორესპონდენციის მიღებისას ეს უკანასკნელი ჩაითვალოს უფლებამოსილ პირად. ამავე მუხლის ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ პირი, რომელიც ორგანიზაციის სახელით, ორგანიზაციის მისამართზე გამოხატავს კორესპონდენციის მიღების ნებას და აღნიშნული ქმედების მართლზომიერებას ხელმოწერით დაადასტურებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის კონტექსტში ითვლება „ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს“. მოცემულ შემთხვევაში, გზავნილის მიმღები - ორგანიზაციის წარმომადგენელი, იურისტი ლ. გ-ი კორესპონდენციის მიღებისათვის უფლებამოსილ პირად იქნა მიჩნეული, ვინაიდან მან გზავნილის მიღებით დაადასტურა, რომ გააჩნდა ამგვარი უფლებამოსილება. პალატამ ასევე განმარტა, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მიერ მითითებული საჩივრის ავტორის მისამართი, სისწორის თვალსაზრისით, ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და საწინააღმდეგოს დადასტურებამდე არსებობს პრეზუმფცია, რომ მხარე უზრუნველყოფს სასამართლოდან მიღებული ნებისმიერი შეტყობინებისა თუ კორესპონდენციის სათანადოდ მიღება-ჩაბარებას. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, 420-ე მუხლზე და ჩათვალა, რომ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო ნორმები სააპელაციო საჩივრის (აპელაციის) დასაშვებობის შესახებ. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით და ვინაიდან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საჩივრის ავტორს 2012 წლის 30 ოქტომბერს ჩაბარდა, მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 2-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 31 ოქტომბერს და ამოიწურა 2012 წლის 1 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი. საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის, არც დადგენილ ვადაში და არც აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ არ მიუმართავს ხარვეზის გამოსწორების ან ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დ.ქ-ას საჩივარი ამავე სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და გადმოეგზავნა უზენაეს სასამართლოს შემდეგი დასაბუთებით:

პალატის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მსჯელობისას სასამართლო აფასებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასა და დასაბუთებულობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, ვალდებულია, გარკვეულ ფარგლებში, შეაფასოს, როგორც სარჩელის საფუძვლიანობა, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული რისკები და ის სამართლებრივი შედეგები, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დ.ქ-ას განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ.ქ-ას სასარგებლოდ ყადაღა დაედო სს „ი.უ.ქ-ის“ (ს/კ ...) საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხას 179 285 აშშ დოლარის ფარგლებში, შესაბამისად, საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მხოლოდ გასხვისების აკრძალვა და ყადაღის გამოყენება არ აღმოჩნდა საკმარისი დ.ქ-ას კანონიერი ინტერესების დასაცავად და სარჩელის საფუძველზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, პალატის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს არ წარმოადგენდა. სასამართლოს მითითებით, საჩივრის სამართლებრივი არგუმენტები ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით იძულებითი იპოთეკა არ გამოიყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა და დადგინდა, რომ იძულებითი იპოთეკა ის საპროცესო სამართლებრივი ბერკეტია, რომელსაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს და რომელიც აღსრულების პროცესში აღმასრულებლის მიერ გამოიყენება და იგი რეგულირდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 64-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, უზრუნველყოფის აღნიშნული სახე სამართალწარმოების ეტაპზე ისევე ვერ გამოიყენება, როგორც აღსრულების სხვა სახეები, კერძოდ, იძულებითი აუქციონი და სეკვესტრი. აღნიშნული ღონისძიებანი მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული, აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნებისათვის გამოიყენება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე და 64-ე მუხლების კონტექსტში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და სს „ი.უ.ქ-ის“, ასევე დ.ქ-ას საჩივრების საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივრებში მითითებული გარემოებები უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ.ქ-ას განცხადება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვა შეიცვალა ქ.თბილისში, ყ-ის ქN7-სა და ჩ-ის ქN25-ში მდებარე, სს „ი.უ.ქ-ის“ საკუთრებად აღრიცხულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებით.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა დ.ქ-ას განცხადება და უზრუნველყოფის დამატებით სახედ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით სს „ი.უ.ქ-ის“ დ.ქ-ას სასარგებლოდ დაკისრებული თანხის - 179285 აშშ დოლარის ტოლფას ქონებას - თანხას სს „ი.უ.ქ-ის“ ანგარიშზე დაედო ყადაღა.

ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა სს „ი. უ. ქ-ამ“ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ამასთანავე, საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა საჩივრის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით სს „ი.უ.ქ-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს საპროცესო ვადა განესაზღვრა 2 დღით, შესაბამისად, დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა, ამავე განჩინებით განემარტა საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოუსწორებლობის შესაძლო შედეგი.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილი, რომელიც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების შემდგომ არის განთავსებული, მართალია, არც ადრესატის დასახელებას და არც მის მისამართს შეიცავს, თუმცა გზავნილის გაგზავნის თარიღად მითითებულია 2012 წლის 29 ოქტომბერი, ხოლო მისი შინაარსიდან ირკვევა, რომ ამ გზავნილის მეშვეობით გაიგზავნა 2012 წლის 26 ოქტომბრის განჩინება. ამასთანავე, საფოსტო პასუხის თანახმად, 2012 წლის 29 ოქტომბერს გაგზავნილი N2ბ/2639-12 განჩინება (აღნიშნული ნომერი ემთხვევა საქმის ნომერს) სს „ი.უ.ქ-ის“ მისამართზე - ქ.თბილისში, ჭ-ის 49ა--ში, 2012 წლის 30 ოქტომბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, იურისტ ლ. გ-ს. მითითებული მისამართი ემთხვევა სს „ი.უ.ქ-ის“ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 ნოემბრის მსჯელობას, რომ განჩინება ადრესატისათვის ჩაბარებულად სწორედ 2012 წლის 30 ოქტომბრიდან ითვლება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ კანონის ძალით, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, როგორც კანონით განსაზღვრული სპეციალური სუბიექტის - კანცელარიის თანამშრომლისათვის ჩაბარების, ისე ამ სუბიექტის არარსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებისას.

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ ამ ნორმის დაცვით გაგზავნილი შეტყობინების სს „ი.უ.ქ-ის“ 2012 წლის 30 ოქტომბერს ჩაბარებულად მიჩნევის ფაქტი დავას არ იწვევს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობად მასზე სახელმწიფო ბაჟის გადახდაა დაწესებული, რომლის ოდენობაც იურიდიული პირისათვის 150 ლარითაა განსაზღვრული.

იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „ი. უ. ქ-ას“ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება 2012 წლის 30 ოქტომბერს ჩაბარდა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 2-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 31 ოქტომბერს და ამოიწურა სამუშაო დღეს – 2012 წლის 1 ნოემბერს. მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამასთან, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე სს „ი. უ. ქ-ის“ მიერ წარდგენილი საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები და სააპელაციო პალატამ ის მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.

რაც შეეხება დ.ქ-ას საჩივარს, რომლითაც მხარე მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების - გასხვისების აკრძალვის ძალაში დატოვებას და უზრუნველყოფის ღონისძიებად ასევე იძულებითი იპოთეკის გამოყენებას, პალატა ვერც აღნიშნულს დაეთანხმება, რადგანაც, როგორც უკვე ითქვა, გასაჩივრებული განჩინებით ერთი სახის უზრუნველყოფის ღონისძიება - გასხვისების აკრძალვა შეიცვალა უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებით. ამავე სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად ყადაღა დაედო სს „ი.უ.ქ-ის“ ანგარიშს. ამ უკანასკნელ განჩინებაზე, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუყოვნებლივ აღსასრულებელ განჩინებაზე, გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, ამასთან, ის კანონიერ ძალაშია შესული, რადგანაც მისი გაუქმების თაობაზე მხარეებს საჩივარი არ აქვთ წარდგენილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მართლმსაჯულების რეალური განხორციელების ამოცანას ემსახურება და სასამართლოს მიერ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობის ხელშეწყობაა, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება ფორმალური ხასიათის მატარებელი არ გახდეს. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ერთი მხრივ, როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად და, მეორე მხრივ, ამ ღონისძიების გატარების შედეგად დაცული უნდა იყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით განსაზღვრული ბალანსი მხარეთა თანასწორობისა. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. სასამართლოს მიერ მიღებული ზომის უმართებულობის შემთხვევაში, კანონი 199-ე მუხლის შემოღებით ადგენს ქმედით მექანიზმს დაზარალებული მხარის უფლებების დასაცავად.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის 2012 წლის 18 და 24 ოქტომბრის განჩინებებით ყადაღა დაედო რა სს „ი. უ. ქ-ის“ კუთვნილ უძრავ ქონებასა და გადაწყვეტილებით დაკისრებული სიკეთის ტოლფას სიკეთეს - საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, კრედიტორ დ.ქ-ას ინტერესები სწორედ რომ საკმარისადაა უზრუნველყოფილი, რაც გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუწყობს, ვინაიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 631 მუხლის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება. ანალოგიური დატვირთვა გააჩნია ანგარიშებზე ყადაღის დადების ინსტიტუტსაც.

საკასაციო პალატა, მართალია, ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ უზრუნველყოფის რომელიმე ღონისძიების, თუნდაც „სააღსრუულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანივთო-სამართლებრივი ხასიათის ღონისძიების გამოყენებისას მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა შეიძლება გახდეს საჭირო, რადგანაც, თავად სარჩელის უზრუნველყოფა იძულებითი ღონისძიების სახეა და აღნიშნული მოვალის თანხმობის საჭიროებას გამორიცხავს, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატამ 2012 წლის 18 ოქტომბრისა და 24 ოქტომბრის განჩინებებით თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველსაყოფად კრედიტორისა და მოვალის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფის საკმარისი ღონისძიება გამოიყენა - ყადაღა დაადო მოვალის უძრავ ქონებასა და თანხას საბანკო ანგარიშებზე, ამასთანავე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიების სახის შერჩევაში მხოლოდ მხარის ნებით არ არის შეზღუდული, პალატა მიიჩნევს, რომ დ.ქ-ას არგუმენტი იძულებითი იპოთეკის გამოყენების თაობაზე არ არის საფუძვლიანი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, უფრო მეტიც, ყადაღის, როგორც უზრუნველყოფის ყველზე მძიმე ღონისძიების გამოყენების გამო, საკმარისად იქნა დაცული კრედიტორის ინტერესები.

რაც შეეხება დ.ქ-ას საჩივარს, განჩინების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, პალატა ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად უთხრა მხარეს ამ მოთხოვნაზე უარი რადგანაც, 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეცვალა სხვა სახის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე საჩივრის შეტანა შეაჩერებს ამ განჩინების აღსრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ი.უ.ქ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. დ.ქ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე