საქმე №ას-204-197-2013 28 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.რ-ის, გ.გ-სა და თ.გ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე მ.რ-ის, გ.გ-სა და თ.გ-ის სარჩელის გამო, სს „თ. ბ-სა“ და თ.რ-ის მიმართ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი გ.გ-ის საკასაციო განაცხადის ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო მ.რ-სა და თ.გ-ის პრეტენზიის ნაწილში უნდა დაუდგინდეს ხარვეზი შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მ.რ-ის, გ.გ-სა და თ.გ-ის სარჩელი სს „თ.ბ-სა“ და თ.რ-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ყადაღისაგან გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2012 წლის 20 აპრილს მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ქ.თბილისში, კ-ას მე-2 შესახვევის №5-ში დაყადაღებული მოძრავი ნივთები: სავარჯიშო ტრენაჟორი, ტელევიზორი „სამსუნგი“ შავი ფერის პლაზმური, სარეცხი მანქანა „ინდეზიტი“, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მ.რ-ის, გ.გ-სა და თ.გ-ის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2012 წლის 18 დეკემბერს, 12:00 საათზე.
უდავოა, რომ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე მხარეებს ეცნობათ სატელეფონო შეტყობინებით.
საქმეში წარმოდგენილი სხდომის ოქმის თანახმად, 2012 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე აპელანტთაგან არც ერთი გამოცხადებულა, თუმცა საქმის განხილვას ესწრებოდა გ.გ-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი ვ. ც-ე.
დასტურდება, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ სასამართლო სხდომაზე და 2012 წლის 18 დეკემბერს მხარეებს გააცნო განჩინების სარეზოლუციო ნაწილი.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ განჩინების ჩაბარების მიზნით სააპელაციო სასამართლოს გ.გ-ის წარმომადგენელმა მიმართა და განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 16 იანვარს, ხოლო მ.რ-ემ, გ.გ-ემ და თ.გ-მა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი 2013 წლის 11 თებერვალს წარადგინეს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გ.გ-ის პრეტენზიასთან მიმართებაში საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრულია დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის წესი და ამ ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა გ.გ-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი (რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ.23-25, ტ.II, ს.ფ.38-39), გადაწყვეტილების ჩაბარების უფლების წარმოშობის დრო - სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2013 წლის 7 იანვარი, ხოლო 30-ე დღე - ამავე წლის 17 იანვარი. სწორედ ამ ვადის დაცვით მიმართა წარმომადგენელმა ვ.ც-ემ სასამართლოს და განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 16 იანვარს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 17 იანვარს და ამოიწურა სამუშაო დღეს, სამშაბათს - 6 თებერვალს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის თანახმად კი, ის სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2013 წლის 11 თებერვალს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
რაც შეეხება წინამდებარე საკასაციო საჩივარს მ.რ-სა და თ.გ-ის მიმართ საკასაციო პალატა საპროცესო ვადის დაცვის საკითხთან მიმართებაში ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობათ დადგენილი წესით.
სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდნენ მ.რ-ე და თ.გ-ი.
საქმე სააპელაციო სასამართლოში განხილულ იქნა და დასრულდა ერთ სხდომაზე, ამ სხდომაზე აპელანტთა არყოფნის გამო, ბუნებრივია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის დათქმა, რომ ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე, ვერ იქნება გავრცელებული ამ უკანასკნელთა მიმართ, ამასთან, საყურადღებოა, რომ სასამართლო განჩინების გზავნილი საქმის მასალებში არ მოიპოვება, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მ.რ-სა და თ.გ-ის მიმართ არ შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილი.
რაც შეეხება თავად საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობის საკითხს, პალატა თვლის, რომ მ.რ-სა და თ.გ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, არ არის დადასტურებული დავის საგნის ღირებულება და არ არის გადახდილი ამ ღირებულების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
უდავოა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენდა შემდეგი მოძრავი ნივთები: ტელევიზორი „სამსუნგი“; 2. მუსიკალური ცენტრი; 3. ნოუთბუქი თეთრი ფერის; 4. კარმა თეთრი ფერის; 5. 2 სავარძელი და ტახტი; 6. სავარჯიშო ტრენაჟორი; 7. მაგიდა 6 სკამით; 8. „სამსუნგი“ პატარა; 9. სერვანდი; 10. დესაუ; 11. ტელევიზორი „სამსუნგი“ შავი ფერის პლაზმური; 12. მაცივარი დიდი; 13. სარეცხი მანქანა „ინდეზიტი“. ამ ნივთებიდან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღისაგან გათავისუფლდა სავარჯიშო ტრენაჟორი, ტელევიზორი „სამსუნგი“ შავი ფერის პლაზმური, სარეცხი მანქანა „ინდეზიტი“, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად არის დატოვებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი ფარგლები განსაზღვრული იყო ყადაღისაგან გაუთავისუფლებელი, სარჩელით მოთხოვნილი ყველა ნივთი, შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო პალატის განჩინება სრულადაა გასაჩივრებული, საკასაციო საჩივრის საგანიც სწორედ ამ ნივთებით განისაზღვრება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. თუ ამ ღირებულების ოდენობა ეჭვს იწვევს, საკასაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები, ხოლო 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნივთის (ქონების) გადაცემის ან მიწოდების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება განისაზღვრება ამ ნივთის (ქონების) საბაზრო ღირებულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა უნდა დაადასტურონ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება საკასაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის არსებული ფასებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 5%-ით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს: მ.რ-სა და თ.გ-ს უნდა მიეცეთ ვადა ხარვეზის გამოსწორებისათვის 5 (ხუთი) დღით და დაევალოთ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების სარწმუნოდ განსაზღვრა და ამ ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. განემარტოთ კასატორებს, რომ თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდება, საკასაციო საჩივარი აღარ მიიღება და განუხილველად დარჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოცემული საკასაციო საჩივარი გ.გ-ის მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. მ.რ-სა და თ.გ-ის პრეტენზიის ნაწილში წინამდებარე საკასაციო საჩივარს დაუდგინდეს ხარვეზი და მის ავტორებს დაევალოთ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში წარმოადგინონ ა) საკასაციო საჩივრის საგნის (ყადაღადადებული ნივთების) ღირებულების საკასაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის არსებული ფასის შესაბამისად სარწმუნოდ დადასტურება; ბ) ამ ღირებულების შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა
3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილ იქნას შემდეგი სახით: საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“ (უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში), ხოლო ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას - მომსახურე ბანკის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერის დედანი საგადახდო დავალების რეალურად შესრულების დასადასტურებლად.
4. სახელმწიფო ბაჟი ჩარიცხულ იქნას შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.
5. განემარტოთ საკასაციო საჩივრის ავტორებს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულყოფილად გამოუსწორებლობის შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აღარ მიიღება და განუხილველად დარჩება.
6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე