№ას-1534-1437-2012 1 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდო.ე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ო. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ნ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტიელბის გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. კ-ემ სარჩელი აღძრა ნ. ნ-ასა და დ. ხ-ის მიმართ ლ. კ-ის შინაურული ანდერძის ბათილობის შესახებ.
მოპასუხე ნ. ნ-ამ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ლ. კ-ის სახელით 1998 წლის 21 სექტემბერს შედგენილი ანდერძი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ო. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. კ-ე გარდაიცვალა 2007 წლის 17 მარტს; თ. კ-ე და ლ. კ-ე იყვნენ ბიძაშვილები, ძმების _ ი. და ნ. კ-ეების შვილები; ლ. კ-ეს პირველიდან მეოთხე რიგის ჩათვლის მემკვიდრეები არ დარჩენია. 1998 წლის 21 სექტემბრის სადავო ანდერძით, ლ. კ-ემ ნ. ნ-ას უანდერძა კუთვნილი სახლი, მდებარე ქუთაისში, გ-ის ქ.№48-ში. 2006 წლის 25 ნოემბერს ლ. კ-ემ ისევ შეადგინა ანდერძი, რომლითაც კუთვნილი ქონება, კვლავ უანდერძა ნ. ნ-ას. ამ ანდერძს ხელი მოაწერა ლ. კ-ემ, თუმცა ტექსტი შეადგინა სხვა პირმა და, ამის გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ანდერძი ბათილად იქნა ცნობილი. საქართველოს შსს ქუთაისის საქალაქო სამმართველომ დაიწყო წინასწარი გამოძიება ლ. კ-ის ბინის კუთვნილების დადგენასთან დაკავშირებით სამოქალაქო დავისას ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, თუმცა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში, ხანძრის შედეგად, განადგურდა სისხლის სამართლის საქმე და, მათ შორის, სადავო ანდერძის დედანიც.
პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმის მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ანდერძი და მასზე არსებული ხელმოწერა არ იყო შესრულებული ლ. კ-ის მიერ, ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სარჩელში მითითებული გარემოებები. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი არის რამდენიმე საექსპერტო დაწესებულების დასკვნა. სამოქალაქო ექსპერტიზის არასამთავრობო კვლევითი ცენტრის „ალტ-ექსპერტის“ კატეგორიული დასკვნის თანახმად, სადავო ანდერძი დაწერა და მასზე ხელიც თავად ლ.კ-ემ მოაწერა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმადაც, სადავო ანდერძი ლ. კ-ის მიერ იყო შესრულებული. მხოლოდ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ სადავო ანდერძზე არსებული ხელმოწერა ლ.კ-ეს არ შეუსრულებია. ექსპერტებმა თავიანთი დასკვნები უპირობოდ დაადასტურეს და დაასაბუთეს სასამართლო სხდომაზე. ამგვარად, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტთა დასკვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. იმის გამო, რომ სადავო ანდერძის დედანი განადგურებულია, აღწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით, მასზე დამატებითი საექსპერტო კვლევების ჩატარება შეუძლებელია. შესაბამისად, ექსპერტთა დასკვნები ურთიერთგამომრიცხავია და ამით არ დასტურდება სადავო ანდერძის სიყალბე. პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ შეცდომით მიანიჭა უპირატესობა შსს საექსპერტო-კრმინიმალისტიკური მთვარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნას „ალტ-ექსპერტისა“ და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებთან შედარებით. პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ „ალტექსპერტსა“ და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესადარებელ ნიმუშებად წარდგენილი ჰქონდა მხოლოდ ე.წ არაოფიციალური ტექსტები. პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ, გარდა შინაურული ტექსტებისა, ექსპერტებმა შესადარებელ ნიმუშად გამოიყენეს საპენსიო მოწმობასა და ზამთრის გათბობის დახმარების პროგრამაზე ლ. კ-ის მიერ შესრულებული ხელმოწერები. ის, რომ ამ საბუთებს ხელი ლ. კ-ემ მოაწერა, პალატამ საეჭვოდ არ მიიჩნია. მნიშვნელოვანია, რომ ლ. კ-ის საპენსიო საქმეში არსებული ხელმოწერები შესადარებელ ნიმუშად გამოიყენა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტმაც. გარდა ამისა, შესადარებელ ნიმუშებად ექსპერტებს წარდგენილი ჰქონდათ წიგნებზე ლ. კ-ის სახელით შესრულებული ხელმოწერები, ჩვეულებრივ კი, წიგნებს, მათი მესაკუთრენი, პირადად აწერენ ხელს, ამიტომ პალატამ მიიჩნია, რომ „ალტ-ექსპერპტისა“ და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებისათვის წარდგენილი შესადარებელი ნიმუშები ეკუთვნოდა ლ. კ-ეს. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნა ეწინააღმდეგება არა მარტო სხვა ექსპერტთა დასკვნებს, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტსაც. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნიდან გამომდინარეობს, რომ არც 2006 წლის 25 ნოემბრის ანდერძი იყო ლ. კ-ის მიერ ხელმოწერილი, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით დადგენი., რომ ამ ანდერძს ლ. კ-ემ ხელი ნამდვილად მოაწერა. ეს დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 27 აპრილის კატეგორიული დასკვნითაც. აღნიშნულის გამო, პალატის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთვარი სამმართველოს ექსპერტის დასკვნას ვერ დაეყრდნობა, სხვა მტკიცებულებები კი, რომლითაც დამტკიცდებოდა, რომ სადავო ანდერძისათვის მამკვიდრებელს ხელი არ მოუწერია, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ შსს საექსპერტო – კრმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტს საერთოდ არ გამოუკვლევია სადავო ანდერძის ტექსტი. აქედან გამომდინარე, საქმეში არ არის „ალტ-ექსპერტისა“ და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთა დასკვნის იმ ნაწილის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები, რომლითაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ანდერძის ტექსტი დაწერილი იყო ლ. კ-ის მიერ. სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ ლურჯყდიან რვეულებში არსებული ჩანაწერები, რომლებიც შესადარებელ ნიმუშად წარედგინა ექსპერტებს, ეკუთვნოდა ლ. კ-ეს. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების, ლ. კ-ის, ა. კ-ის, მ. წ-ისა და თ. ქ-ის დაკითხვის ოქმებით დგინდება, რომ მამკვიდრებელს კარგად შეეძლო წერა მაშინაც კი, როცა მწოლიარე ავადმყოფი იყო. ეს ნიშნავს, რომ გარდაცვალებამდე, რვა წლით ადრე მამკვიდრებელი თავისუფლად მოახერხებდა, როგორც ანდერძის ტექსტის შედგენას, ასევე რვეულში ჩანაწერების გაკეთებასაც. ლ. კ-ეს სურდა, სამკვიდრო დაეტოვებინა აპელანტისათვის, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ლ. ლ-ისა და მ. ვ-ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ეს პირები პირადად ესწრებოდნენ 2006 წლის 25 ნოემბრის ანდერძის შედგენას და მამკვიდრებელმა გამოხატა სამკვიდროს აპელანტისათვის დატოვების ნება. ყოველივე ეს კი ადასტურებს, რომ სადავო ანდერძი დაწერი. და პირადად ხელმოწერი. მამკვიდრებელ ლ. კ-ის მიერ. სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია, თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. სადავო ანდერძი შედგენი. ზემოხსენებული ნორმის დაცვით და მისი ბათილად აღიარების საფუძვლები არ არსებობს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება ძალაში დარცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით და შევიდა კანონიერ ძალაში.
2012 წლის 19 ნოემბერს ო. კ-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:
განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის მიმართვით განმცხადებელს გადაეცა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული 07.06.2012 გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის დამოწმებული ასლი, რომელიც გაცემულია 3 სხვადასხვა ექსპერტის ხელმოწერით და რომლითაც კატეგორიულად დგინდება, რომ შესადარებელ ნიმუშებზე, რომლებიც წარდგენილი ჰქონდა ”ალტ-ექსპერტსა” და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არსებული ხელმოწერები არ ეკუთვნის ლ. კ-ეს. მათ შორის, ექსპერტის დასკვნით უტყუარად გამოირიცხა საპენსიო მოწმობაზე, ზამთრის გათბობის დახმარების პროგრამასა და წიგნებზე, აგრეთვე, საერთო რვეულის 62-ე ფურცლის უკანა მხარეს ლ. კ-ის სახელით შესრულებული ხელმოწერების ლ. კ-ისადმი კუთვნილება. აღნიშნული მოწმობს, რომ ”ალტ-ექსპერტისა” და ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნები არასწორია, ხოლო შსს კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ 21.11.1998 წლის შინაურულ ანდერძზე ხელმოწერა არ ეკუთვნის ლ. კ-ეს, სწორია და უნდა გაეზიარებინა სააპელაციო პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ო. კ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2012 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტიელბის გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების ტაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მიერ ასხლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეული მტკიცებულება შექმნილი იყო გასაჩივრებული გადაწყვტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, რაც ცხადყოფდა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირვეილ ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, საქმის წარმოების განხლების წინაპირობები, მით უფრო, რომ განმცხადებელი ვერ ასაბუთებდა, თუ რატომ ვერ შეძლო საქმის არსებითად განხილვის დროს მიემართა საექსპერტო დაწესებულებისათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას სარჩელის აღძვრამდე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.11.2011 წ. გადაწყვეტილების გამოტანამდე თავისი ინიციატივით არ შეეძლო კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ნ. ნ-ა მას ნებაყოფლობით გადასცემდა დედამისის ხელთ არსებულ არაოფიციალურ ნიმუშებს, რომლებიც მოგვიანებით ნ. ნ-ამ წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოში. ასეთი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი იყო პოლიციაში 2009 წლის 24 ივნისს მომხდარი ცნობილი ხანძრის გამო, რადგან ო. კ-ემ იცოდა, რომ ამ ხანძრის დროს დაიწვა და განადგურდა ლ. კ-ის როგორც შინაურული ანდერძების დედნები, ისე შესადარებლად გამოყენებული ოფიციალური ნიმუშები. ო. კ-ეს არ გააჩნდა არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, საერთოდ არსებობდა თუ არა, ან გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ჰქონდა თუ არა მოპოვებული სხვა, ახალი ოფიციალური ნიმუშები, რომლებიც აუცილებელი იყო ნ. ნ-ას მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ არაოფიციალურ ნიმუშებთან შედარებისათვის და სრულყოფილი საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად. სავსებით აშკარაა, რომ ვერც სააპელაციო და მით უფრო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს ო. კ-ეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეთითებინა ზემოხსენებულ ახალ გარემოებასა და მტკიცებულებაზე. შესაბამისად, მის მიერ დარღვეული არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ო. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენი. ამ კოდექსით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
ამავე კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს მხარის მიერ ისეთი ახალი გარემოებების ან მტკიცებულებების მოპოვებას, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე ნორმის მე-3 ნაწილი, დასახელებული საფუძვლით, საქმის წარმოების განახლებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ 2012 წლის 7 ივნისის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც ო. კ-ე თავის განცხადებას აფუძნებს, ვერ მიიჩნეოდა ახლად აღმოჩენილ გარემოებად და ვერ გახდებოდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კანონი საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს გადაწყვეტილების გამოტანამდე არსებულ გარემოებებს, რომელიც განმცხადებლისათვის ცნობილი არ იყო და მას, თავისი ბრალის გარეშე, არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. განმცხადებლის მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა კი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შედგომ იქნა შედგენილი, რაც ცხადყოფს, რომ თავად დასკვნა და მასში მითითებული გარემოებები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას ვერ გამოიწვევს.
გარდა ამისა, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც საქმის წარმოების დასრულებამდე მხარეს შეეძლო მოეპოვებინა და, შესაბამისად, სასამართლოს მათ შესახებ ემსჯელა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით რეგლამენტირებული მხარეთა შეჯიბრებითობის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს, ხოლო მხარეთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების პრაქტიკული რეალიზება მათ მიერ საკუთარი მოთხოვნების დასაბუთების მიზნით, უშუალოდ არის დამოკიდებული საქმის სასამართლო განხილვის სისრულეზე. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ ჰქონდა შესაძლებლობა, ახლად აღმოჩენილად დასახელებული გარემოება _ გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, საქმის განხილვის დასრულებამდე მოეპოვებინა და მიეთითებინა მასზე. ამდენად, საკსასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა ვერ უზრუნველყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდგენის გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითითებული გარემოება, ვერ მიიჩნევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად და, შესაბამისად, ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდო.ე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე