Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-104-99-2013 25 მარტი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარეები – გ.კ-ა, ნ.ქ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ნ.ქ-ამ და გ.კ-ამ მოპასუხე შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 22 ოქტომბრის აქტში მითითებული მათი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით გ.კ-ას და ნ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა:

თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების (საგადასახადო საქმეთა ოფიცრების) ი. -ის და ლ. წ-ის მიერ 2011 წლის 22 ოქტომბერს შედგენილი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული ნივთებიდან ყადაღისგან განთავისუფლდა მოსარჩელე გ.კ-ას კუთვნილი ნივთები: წიგნების თხუთმეტი ხალი თარო, ორი ცალი საწერი მაგიდა, ერთი ცალი საწერი მაგიდა ორნაჭრიანი, ერთი ხალი ნავთქურა TURBO TOYOTOMIRET – 37A, ერთი ცალი კონდინციონერი „BOSCH-ის“ ფირმის, საოფისე სკამი სახელურებით, ორი ცალი საოფისე სკამი უსახელურო, ყავისფერი ე.წ. „სერვანდი“, ყავისფერი გასაშლელი მაგიდა, ხუთი ცალი ყავისფერი სკამი, ერთი ცალი დივანი, ერთი ცალი გაზის გამათბობელი „Longvie“, გაზქურა მოდელი „1457“, გაზის წყლის გამაცხელებელი „კარმა“, გამწოვი „BOSCH-ის“ ფირმის, ჩაშენებული სამზარეულოს კომპლექტი, თეთრი ფერის მაცივარი „SIEMENS-ის“ ფირმის, ერთი ცალი ტელევიზორი „LG“ –„MODEL NO: RT-21FA31“, მუქი ყავისფერი ტელევიზორის მაგიდა, სამზარეულოს გასაშლელი მაგიდა, ორნაჭრიანი კუთხის სკამი, ტელეფონის მაგიდა, ორკარიანი ყავისფერი კომოდი, სარკე ჩარჩოთი, ჩაშენებული კარადა, გასაშლელი წითელი დივანი, საკერავი მანქანა მაგიდით, საწერი მაგიდის სკამი, ტელევიზორი „TEG“ არამუშა მდგომარეობაში, ტელევიზორის დასადგმელი მაგიდა, ორკარიანი კარადა, „ტრილიაჟი“ სარკით, ოთხკარიანი კარადა, ყავისფერი საწოლი, ყავისფერი ტუმბო, თეთრი ჭაღი, ხუთნათურიანი ჭაღი, სამნათურიანი ჭაღი, ერთი ცალი ჭაღი ვინტილატორით, ყვითელი ჭაღი და ვერცხლისფერი ჭაღი.

ამავე გადაწყვეტილებით ყადაღისაგან გათავისუფლდა მოსარჩელე ნ.ქ-ას კუთვნილი ნივთები: ერთი ცალი კომპიუტერის კომპლექტი, ვიდეო თვალი „Logitech“ 1 ცალი, მიკროფონი „ovann“ (ov380), პრინტერი HP1010 Laserjet, სკანერი HPscanjet 2400, „იუპიესი“ UPS ES 525, პრინტერის კომბაინი HP Laserjet M1120MFP.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 26 სექტემბრის №002-6015 ბრძანების საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა (საგადასახადო საქმეთა ოფიცრებმა) ი. ს-მა და ლ. წ-მა 2011 წლის 22 ოქტომბერს აღწერეს და ყადაღა დაადეს თბილისში, მ-ის მე-4ბ მიკრორაიონის, №34 კორპუსშიმდებარე №78 ბინაში განთავსებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: ერთი ცალი კომპიუტერის კომპლექტი, ვიდეო თვალი „Logitech" 1 ცალი, მიკროფონი „ovann" (ov380), პრინტერი HP1010 Laserjet, სკანერი HPscanjert 2400, „იუპიესი” UPS ES 525, პრინტერის კომბაინი HP Laserjet M1120MFP, წიგნების თხუთმეტი ცალი თარო, ორი ცალი საწერი მაგიდა, ერთი ცალი საწერი მაგიდა ორნაჭრიანი, ერთი ცალი ნავთქურა TURBO TOYOTOMIRET - 37A, ერთი ცალი კონდენციონერი „BOSCH-ის“ ფირმის, საოფისე სკამი სახელურებით, ორი ცალი საოფისე სკამი უსახელურო, ყავისფერი ე.წ. „სერვანდი”, ყავისფერი გასაშლელი მაგიდა, ხუთი ცალი ყავისფერი სკამი, ერთი ცალი დივანი, ერთი ცალი გაზის გამათბობელი „Longvie”, გაზქურა მოდელი „1457”, გაზის წყლის გამაცხელებელი „კარმა”, გამწოვი „BOSCH-ის“ ფირმის, ჩაშენებული სამზარეულოს კომპლექტი, თეთრი ფერის მაცივარი „SIEMENS-ის“ ფირმის, ერთი ცალი ტელევიზორი „LG” – „MODEL NO: RT-21FA31”, მუქი ყავისფერი ტელევიზორის მაგიდა, სამზარეულოს გასაშლელი მაგიდა, ორნაჭრიანი კუთხის სკამი, ტელეფონის მაგიდა, ორკარიანი ყავისფერი კომოდი, სარკე ჩარჩოთი, ჩაშენებული კარადა, გასაშლელი წითელი დივანი, საკერავი მანქანა მაგიდით, საწერი მაგიდის სკამი, ტელევიზორი „TEG” არამუშა მდგომარეობაში, ტელევიზორის დასადგმელი მაგიდა, ორკარიანი კარადა, „ტრილიაჟი” სარკით, ოთხკარიანი კარადა, ყავისფერი საწოლი, ყავისფერი ტუმბო, თეთრი ჭაღი, ხუთნათურიანი ჭაღი, სამნათურიანი ჭაღი, ერთ ცალი ჭაღი ვინტილატორით, ყვითელი ჭაღი და ვერცხლისფერი ჭაღი. ამ ნივთებზე ყადაღის დადება განაპირობა მოპასუხე ხ. ფ-ას შეუსრულებელმა საგადასახადო ვალდებულებამ;

უდავო იყო, რომ მოსარჩელე ნ.ქ-ა წარმოადგენდა მოველე ხ.ფ-ას დედას და ისინი 2003 წლიდან მოსარჩელე გ.კ-ან ერთად ცხოვრობდნენ თბილისში, მ-ის მე-4ბ მიკრორაიონის კორპუსი №34 მისამართზე მდებარე №78 ბინაში;

მოსარჩელე გ.კ-ა 1998 წლის 4 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხული იყო თბილისი, მუხიანის მე-4ბ მიკრორაიონის კორპუსი №34 მისამართზე მდებარე №78 ბინის მესაკუთრედ;

მოსარჩელეების, გ.კ-ას და ნ.ქ-ას ახსნა-განმარტებებით, მოპასუხე ხ.ფ-ას ახსნა-განმარტებით, მოწმეების ქ. შ-ის და ნ. ბ-ის განმარტებებით, 2006 წლის 20 დეკემბრით დათარიღებული წყლის გამათბობელი „კარმას” და 2007 წლის 12 იანვრით დათარიღებული გამათბობელი „ლონგვის” საგარანტიო ბარათების ასლებით, შპს „ალტას” მიერ 2011 წლის 26 ოქტომბერს ნ.ქ-ას სახელზე გაცემული ცნობით დასტურდებოდა ის გარემოებები, რომ უშუალოდ გ.კ-ა იყო ყველა ყადაღადადებული ნივთის მფლობელი და ან შემძენი, გარდა კომპიტერისა და კომპიტერული ტექნიკისა. კომპიტერი და მასთან დაკავშირებული ტექნიკა 2004 წლის 17 და 20 აგვისტოს, 8 სექტემბერს და 2008 წლის 8 ნოემბერს შეიძინა მოსარჩელე თ. ქ-ამ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეები იყვნენ სადავო ნივთების მესაკუთრეები, რაც გამორიცხავდა ამ ნივთებით სხვისი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას.

საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, „სააღსრულებო წარმოებათ შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ შეიძლებოდა გაკეთებულიყო დასკვნა მოძრავი ნივთების მოსარჩელეების კუთვნილების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შინაარზე და განმარტა, რომ არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ნივთების ნაწილზე წარადგინეს წერილობითი მტკიცებულებები, ხოლო მეორე ნაწილზე – მოწმეთა ჩვენებები, მაშინ როდესაც აპელანტმა მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება წარადგინა. ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მხარეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი აპელანტმა ვერ განახორციელა – მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს საწინააღმდეგო მტკიცებულებები ვერ დაუპირისპირა.

სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ წერილობითი მტკიცებულებები წარდგენილ იქნა მოძრავი ნივთების ნაწილზე, მაგალითად, გამათბობელ „კარმაზე, გამათბობელ „ლონგვიზე“, კომპიუტერულ ტექნიკაზე.

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებულ ნივთებთან მიმართებით მფლობელის მესაკუთრეობის პრეზუმპცია ასევე გამყარებული იყო წერილობითი მტკიცებულებებით. რაც შეეხებოდა სხვა ნივთებს, საქმეზე მოწმედ დაკითხულმა ქ.შინდაგორიძემ განმარტა, რომ როდესაც გ.კ-ა გადასულა საცხოვრებლად მის მეზობლად, მას გადმოუტანია ისეთი ნივთები როგორიცაა საწოლი, გარდერობი, სავარძელი, დივანი, მეორე საწოლი, პიანინო, ჭურჭლის კარადა, ხოლო კომპიუტერი და გამათბობელი მოგვიანებით შეუძენია. ასევე შეუძენია წყლის გამათბობელიც. ნ.ბ-ის ჩვენებით გ.კ-ას ნივთებს წარმოადგენდა საძინებელი, რამდენიმე საწოლი, მაგიდა, სკამები სავარძელი, დივანი. მოგვიანებით შეუძენია მაცივარი, გამათბობელი, კონდიციონერი. მისივე ჩვენებით, ნ.ქ-ას შეუძენია კომპიუტერი.

ამდენად, მოძრავი ნივთების მოსარჩელეების მიერ არამხოლოდ ფლობის, არამედ საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტი დადასტურდა მოწმეთა მიერ, რაც სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა მათი მესაკუთრეობის დამადასტურებელ გარემოებას. მითუმეტეს, როდესაც სადავო არ იყო ის, რომ ყველა ნივთი მდებარეობდა იმ უძრავ ნივთში, რომელიც ირიცხებოდა გ.კ-ას სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ საკითხზე, რომ ნივთების ნაწილი როგორიც იყო მაგალითად ვიდეოთვალი, მიკროფონი, „უპს 525“, წარმოადგენდა საკუთვნებელს და ამდენად მათზე უფლებას ფლობს ის, ვისი საკუთრებასაც წარმოადგენდა მთავარი ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის მიხედვით, საკუთნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით ითვლება საკუთვნებელად. ვიდეოთვალის დანიშნულებას წარმოადგენდა კომპიუტერის მეშვეობით ინტერნეტის ქსელით გამოსახულების გადაცემა, მიკროფონის დანიშნულებას – კომპიუტერის მეშვეობით ინტერნეტის ქსელით ხმის გადაცემა, ხოლო „უპს 525-ის“ დანიშნულებას – ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში კომპიუტერის მუშაობის შენარჩუნება. ამდენად, ეს სამივე ნივთი სივრცობრივ კავშირში იყო კომპიუტერთან, ვინაიდან განკუთვნილი იყო მთავარი ნივთის (კომპიუტერის) მოხმარებისათვის. კომპიუტერი კი, როგორც შპს „ალტას“ მიერ გაცემული ცნობიდან ირკვეოდა, შეიძინა ნ.ქ-ამ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შემდეგი საფუძვლებით:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ინდმეწარმე ხ. ფ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომლის გადაუხდელობისათვის გატარდა გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, კერძოდ, ყადაღა დაედო მის ქონებას. ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელებულია საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააღსრულებო მოქმედება განახორციელა შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად;

გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი ან სხვა ვალდებული პირი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შემდეგ ვალდებულია სრულად წარადგინოს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხა, რომელშიც უნდა მიუთითოს ის ქონებაც რომელიც სხვებისგან ეკუთვნის. ამავე წესების 42-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ქონების დაყადაღების (აღწერის) დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის; თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე საკუთრების უფლებებს, იგი მაინც შეიტანება ქონებაე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში და კეთდება სათანადო აღნიშვნა; საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამორიცხოს მესამე პიიიიირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან;

ამდენად, დაინტერესებულ პირს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უფლება აქვს დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოსათვის პირდაპირი მიმართვის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანო არ დააკმაყოფილებს მხარის მოთხოვნას, მას უფლება აქვს საგადასახადო კოდექსის მე-14 კარით დადგენილი წესით წარადგინოს საჩივარი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან მიმართოს სასამართლოს;

სარჩელის თანახმად, ნ.ქ-ა და გ.კ-ა ითხოვენ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტიდან მათ საკუთრებაში არსებული ქონების ამორიცხვას. სააპელაციო სასამართლომ, მართალია გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ხსენებული ნორმა სასამართლომ გამოიყენა მხოლოდ ნ.ქ-სა და გ.კ-ას მიმართ, მაშინ როდესაც იმავე მისამართზე, იმავე სახლში ცხოვრობს და იმავე ნივთებს ფლობს ნ.ქ-ას შვილი ხ. ფ-ა;

საგულისხმოა, რომ წყლის გამათბობელი „კარმას“, გამათბობელი „ლონგვისა“ და შპს „ალტას“ მიერ ნ.ქ-ას სახელზე გაცემული ცნობების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულებები სადავო ნივთებზე მოსარჩელეთა საკუთრების შესახებ;

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. საქმეზე დგინდება, რომ ხ.ფ-ა ფლობდა დაყადაღებულ ნივთებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე №ას-262-253-2012).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე