Nას-105-100-2013 18 მარტი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - იმა „ა.პ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს.ბ-მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ.ვ-ის, იმა „ა.პ-ის“, შპს ,,ა-ის”, ი. ჭ-სა და შ. ბ.-დ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,ს.ბ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს გ. ვ-ს, ი. ჭ-ეს და იმა ,,ა.პ-ს” (შპს „ა-ი“, შ. ბ.-დ-ი) მოსარჩელე სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულებაზე არსებული დავალიანების, ძირითადი თანხის - 52 507.65 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს გ. ვ-ს, ი. ჭ-ეს და იმა ,,ა.პ-ს” (შპს „ა-ი“, შ.ბ.-დ-ი) მოსარჩელე სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე დარიცხული პროცენტის გადახდა - 13 347.79 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეებს გ. ვ-ს, ი. ჭ-ეს და იმა ,,ა.პ-ს” (შპს „ა-ი“, შ. ბ.-დ-ი) მოსარჩელე სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმის - 2 888,7 აშშ დოლარის გადახდა. იმა ,,ა.პ-ის” (შპს „ა-ი“, შ. ბა.-დ-ი) პასუხისმგებლობა განისაზღვრა 73 618 აშშ დოლარით. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული იმა „ა-ი პალასის“ (შპს „ა-ი“, შ. ბ.-დ-ი) საკუთრებაში არსებული მშენებარე ფართი 121,73 კვ.მ. მდებარე ქ.თბილისი, ს-ოს ქ.#32, მე-9 სადარბაზო, მე-20 სართულზე, ბლოკი 6, ბინა #9-68. აღნიშნული ბინა იპოთეკითაა დატვირთული 2008 წლის 22 იანვარს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება#580115-ა, რეესტრის #1-79, ნოტარიუსი ლ. კ-ე. საკადასტრო კოდი #.... იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდებოდა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდებოდა მოპასუხეების გ. ვ-ის, ი. ჭ-ის და იმა ,,ა.პ-ის” საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან. იმა ,,ა.პ-ის” (შპს „ა-ი“, შ. ბ--დ-ი) პასუხისმგებლობა განისაზღვრა არაუმეტეს 73 618 აშშ დოლარით. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. გადაწყვეტილების აღსრულება იმა „ა. პ-ის“ (შპს „ა-ი“, შ. ბ.-დ-ი) მიმართ გადავადდა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლით. მოპასუხე იმა ,,ა.პ-ს” (შპს ''ა-ი'', შ. ბ.-დ-ი) მოსარჩელე სს ,,ს.ბ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3 384 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ვ-მა, ი. ჭ-ემ და იმა ,,ა.პ-მა” სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით გ. ვ-სა და ი. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის განჩინებით შპს „ა-ი +“-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეებს: გ. ვ-ს, ი. ჭ-ეს და იმა „ა.პ-ს“ მოსარჩელე სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3384 ლარის ანაზღაურება. დარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება იმა „ა.პ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იმა „ა.პ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით კასატორს, ხარვეზის შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის - 3 680.9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინება იმა ,,ა.პ-ის” (შპს „ა-ი“, შ. ბ.-დ-ი) წარმომადგენელ ი. ჯ-ეს (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ256-258, ტ. II, ს.ფ56-58, 59-61) სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2013 წლის 30 იანვარს (იხ.ტ.II, ს.ფ127).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 31 იანვარს და ამოიწურა 2013 წლის 4 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმა „ა.პ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
იმა „ა.პ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი