Facebook Twitter

№ ას-1150-1079-2012 7 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.გ-ი და ნ.გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ.ბ.ჯ-ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კანონისმიერი ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ვ.ბ.ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ., ნ. და ნ.გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა გ. გ-ის, მის სასარგებლოდ, 61 727.91 ლარის, ნ.გ-ის – 29 316.35 ლარისა და ნ.გ-ის – 28 955.74 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით: 1999 წლიდან მოპასუხეებთან იმყოფებოდა საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული, გორის რაიონის სოფელ ქვეშში მდებარე უძრავი ქონება. 2010 წლის 29 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სს „ვ.ბ.ჯ-ა“ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო როგორც პირველი რიგის იპოთეკარი. იგივე ქონება დატვირთული იყო ნ., ნ. და გ. გ-ის სხვა ვალდებულებათა უზრუნველსაყოფადაც, მათ შორის რეგისტრირებული იყო საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა მესაკუთრეთა საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად. მოპასუხეებს ჰქონდათ საგადასახადო დავალიანება, რომელიც შეგნებულად გადაიხადა სს „ვ. ბ. ჯ-ამ“ 2011 წლის მაის-ივნისში.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მათ ბანკის მიერ დავალიანების დაფარვაზე უარი არ განუცხადებიათ და იგი არ იყო უფლებამოსილი გადაეხადა სხვისი ვალი.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ვ.ბ.ჯ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. გ-ს სს ,,ვ.ბ.ჯ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 61 727.91 ლარის, ნ.გ-ს – 29 316.35 ლარის, ხოლო ნ.გ-ს – 28 955.74 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ., ნ. და ნ.გ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განჩინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით ნ. და ნ.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1999 წლიდან, ერთი მხრივ, სს ,,ვ.ბ.ჯ-ა“ და, მეორეს მხრივ, გ. გ-ი, ნ.გ-ი და ნ.გ-ი იმყოფებოდნენ საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობაში (მხარეთა ახსნა–განმარტებები, სხდომის ოქმი 13.10.2011წ);

გ. გ-ს ჰქონდა საგადასახადო დავალიანება 61 727.91 ლარი, რომელიც სს ,,ვ.ბ.ჯ-ამ“ 2011 წლის მაისი–ივნისში შეგნებულად გადაიხადა (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი ს.ფ. 15; 13/06/2011 საგადასახადო დავალება#12, 13/06/2011 საგადასახადო დავალება #11 ს.ფ.24–25);

ნ. გ-ს ჰქონდა საგადასახადო დავალიანება 29 316.35 ლარი, რომელიც სს ,,ვ.ბ.ჯ-ამ“ 2011 წლის მაისი–ივნისში შეგნებულად გადაიხადა (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი .ს.ფ. 13, 31/05/2011 საგადასახადო დავალება#10, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #13, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #12, ს.ფ.20–23);

ნ.გ-ს ჰქონდა საგადასახადო დავალიანება 28 955.74 ლარი, რომელიც სს ,,ვ.ბ.ჯ-ამ“ 2011 წლის მაისი–ივნისში შეგნებულად გადაიხადა (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი ს.ფ. 14, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #6, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #9, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #7, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #8, ს.ფ.16–19);

სს ,,ვ.ბ.ჯ-ის“ სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონის სოფელ ქ-ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..., რომლის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ გ. გ-ი, ნ.გ-ი და ნ.გ-ი (ს.ფ.10–12, 85–87);

2010 წლის 29 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის #3/10–08 29 საფუძველზე სს ,,ვ.ბ.ჯ-ა“ უძრავ ქონებაზე, მდებარე გორის რაიონის სოფელ ქ-ი, დარეგისტრირდა, როგორც პირველი რიგის იპოთეკარი. იგივე ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ნ.გ-ის, გ. გ-სა და ნ.გ-ის სხვა ვალდებულებათა უზრუნველსაყოფადაც, მათ შორის რეგისტრირებული იყო საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა მესაკუთრეთა საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად (ს.ფ. 10–12, 85–87).

პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელია დავის სამოქალაქო კოდექსის 969–ე და 974–ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ექცევა უსაფუძვლო გამდიდრების რეგულირების ფარგლებში. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 986–ე მუხლი, რომლის შესაბამისად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია, ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სს ,,ვ.ბ.ჯ-ა“ საერთოდ არ იყო უფლებამოსილი, მოპასუხეთა ნაცვლად დაეფარა საგადასახადო დავალიანება (საგადასახადო კოდექსის, 53.4 მუხლი, საგადასახადო კოდექსის 239–ე მუხლის მე–6 ნაწილით). აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის მითითებულ არგუმენტს არ გააჩნდა არსებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავალიანება მოსარჩელემ გადაიხადა, რის საფუძველზეც უძრავი ქონება გათავისუფლდა საგადასახადო იპოთეკა/გირავნობისაგან, ამასთან, თანხის გადახდის კანონშესაბამისობა, კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა, დადგენილი ფაქტობრივი გარემობების ანალიზისა და სამოქალაქო კოდექსის 316.1 და 317.1 ნორმათა საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და კანონიერად იქნა დაკმაყოფილებული.

პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით აპელანტი ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად დავალიანების გადახდა, ბანკს, როგორც პირველი რიგის იპოთეკარს, არ ევალებოდა (საგადასახადო კოდექსის 239.6 მუხლი) და შესრულებაზე ვალდებულ პირებად რჩებოდნენ მოპასუხეები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბანკის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადახდა შეესაბამებოდა მათ ინტერესებს, ვინაიდან მოპასუხეებთან მიმდინარეობდა დავა პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ვინაიდან უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა, მათ თავიდან აიცილეს შემოსავლების სამსახურთან შესაძლო დავა იპოთეკის რიგითობასთან დაკავშირებით. ამდენად, პალატის აზრით, მოსარჩელე სხვისი ვალდებულების შესასრულებლად ითვალისწინებდა რა თავის ინტერესებს, შეასრულა მოპასუხეთა ვალდებულება, რაც მას ანიჭებდა უფლებას, უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მოვალის მიმართ წამოეჭრა მოთხოვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და ნ.გ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტი, რომ ამ ურთიერთობის მიმართ უნდა გამოყენებულიყო ამ კოდექსის 969-ე და 974-ე მუხლები, რომლებითაც დაუშვებლად ითვლება შემსრულებლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ აღნიშნული ნორმების შინაარსზე მითითებით, თავადვე მიიჩნია დადგენილად, რომ, როცა წარმოებული შესრულება არ შეესაბამება მეპატრონის ნებას ან სულაც ეწინააღმდეგება მის ინტერესებს, შემსრულებელს არ შეუძლია მოსთხოვოს მეპატრონეს თავისი ხარჯების ანაზღაურება მოცემული სამართლებრივი ინსტიტუტის ფარგლებში. ამდენად, პალატამ არასწორად მიუთითა, რომ არ არსებობდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელია დავის სამოქალაქო კოდექსის 969,974-ე მუხლებით კვალიფიკაციისათვის და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ექცეოდა უსაფუძვლო გამდიდრების რეგულირების ფარგლებში, რის გამოც უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლი, თუმცა განჩინებაში საერთოდ არ მიუთითებია, კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოება მიიჩნია პალატამ დადგენილად, რომელიც გათვალისწინებულია უსაფუძვლო გამდიდრებისათვის დადგენილი ნორმებით და არ დაუსაბუთებია, თუ რატომ უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. და ნ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გ-ის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გახადა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ყურადღებას ამახვილებს საქმის მხოლოდ სამართლებრივ მხარეზე (2011წ. 13. 10. სხდომის ოქმის ჩანაწერი 12.37.20). ასევე გასათვალისწინებელია, რომ გ-ის სააპელაციო საჩივარი, ასევე ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივ მხარეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1999 წლიდან, ერთი მხრივ, სს ,,ვ.ბ.ჯ-ა“ და, მეორე მხრივ, გ. გ-ი, ნ.გ-ი და ნ.გ-ი იმყოფებოდნენ საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობაში (მხარეთა ახსნა–განმარტებები, სხდომის ოქმი 13.10.2011წ);

გ. გ-ს ჰქონდა საგადასახადო დავალიანება 61 727.91 ლარი, რომელიც სს ,,ვ.ბ.ჯ-ამ“ 2011 წლის მაის–ივნისში შეგნებულად გადაიხადა (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი ს.ფ. 15; 13/06/2011 საგადასახადო დავალება#12, 13/06/2011 საგადასახადო დავალება #11 ს.ფ.24–25);

ნ. გ-ს ჰქონდა საგადასახადო დავალიანება 29 316.35 ლარი, რომელიც სს ,,ვ.ბ.ჯ-ამ“ 2011 წლის მაის–ივნისში შეგნებულად გადაიხადა (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი .ს.ფ. 13, 31/05/2011 საგადასახადო დავალება#10, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #13, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #12, ს.ფ.20–23);

ნ.გ-ს ჰქონდა საგადასახადო დავალიანება 28 955.74 ლარი, რომელიც სს ,,ვ.ბ.ჯ-ამ“ 2011 წლის მაის–ივნისში შეგნებულად გადაიხადა (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შედარების აქტი ს.ფ. 14, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #6, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #9, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #7, 31/05/2011 საგადასახადო დავალება #8, ს.ფ.16–19);

სს ,,ვ.ბ.ჯ-ას“ სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე გორის რაიონის სოფელ ქ-ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #..., რომლის მესაკუთრეებს წარმოადგენდნენ გ. გ-ი, ნ.გ-ი და ნ.გ-ი (ს.ფ.10–12, 85–87);

29.12.2010 წლის სააღსრულებო ფურცლის #3/10–08 29 საფუძველზე სს ,,ვ.ბ.ჯ-ა“ უძრავ ქონებაზე, მდებარე გორის რაიონის სოფელ ქ-ი, დარეგისტრირდა, როგორც პირველი რიგის იპოთეკარი. იგივე ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ნ.გ-ის, გ. გ-სა და ნ.გ-ის სხვა ვალდებულებათა უზრუნველსაყოფადაც, მათ შორის რეგისტრირებული იყო საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა მესაკუთრეთა საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად (ს.ფ. 10–12, 85–87).

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ კასატორს არც პირველ ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია მითითებული ფაქტები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პროცესის მართებულებაზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,ვ.ბ.ჯ-ამ“ გადაიხადა მესამე პირის წინაშე (ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წინაშე) ნ.გ-ის დავალიანება 29 316.35 ლარის ოდენობით და ნ.გ-ის დავალიანება – 28 995.74 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელია დავის სამოქალაქო კოდექსის 969–ე და 974–ე მუხლით კვალიფიკაციისათვის, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ექცევა უსაფუძვლო გამდიდრების რეგულირების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობა მოაწესრიგა სამოქალაქო კოდექსის 986–ე მუხლით.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ინსტიტუტი განსხვავდება უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით განსაზღვრული 986-ე მუხლისაგან, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 969-ე მუხლის თანახმად, პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია, შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად. განსახილველი ინსტიტუტი იცავს მეპატრონეს ისეთ შემთხვევებისაგან, როდესაც გარკვეული აუცილებლობით არის განპირობებული დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე მის საქმეებში ჩარევა, მაგალითად, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მაგრამ კანონი ავალდებულებს შემსრულებელს ეს საქმეები შეასრულოს კეთილსინდისიერად. შესაბამისად, განსახილველი ინსტიტუტით დაცულია მეპატრონის ინტერესები და შემსრულებელმა უნდა იმოქმედოს ისე, როგორც მეპატრონემ ან მისი დავალებით რწმუნებულმა. ამდენად, უნდა იყოს ისეთი ვითარება, როდესაც, მიუხედავად დავალების ან სხვა საფუძვლის არარსებობისა, აუცილებლობა მოითხოვს მეპატრონის საქმეების შესრულებას, რაც უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას მეპატრონე გააკეთებდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 974-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემსრულებელს არ შეუძლია, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება,თუ მის მიერ საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი ვალდებულია, აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული ზიანი.

მითითებული ნორმით კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ამ ინსტიტუტის მიზანზე. რომლის თანახმად, შემსრულებელი თავისი საქმიანობით ცდილობს, სარგებელი მოუტანოს მეპატრონეს, მიუხედავად იმისა, რომ არც დავალებით და არც სხვა საფუძველით მას ეს არ ევალებოდა. შესაბამისად, შემსრულებლის საქმეები უნდა შეესაბამებოდეს მეპატრონის ნებას ან კანონიერ ინტერესებს.

ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომლის თანახმად, როდესაც საკითხი ეხება სხვის საქმეთა გამართლებულ, მეპატრონის ინტერესებთან შეფარდებულ საქმეთა გაძღოლასთან, მაშინ მომხდარი ქონებრივი მიმოქცევა განიხილება როგორც სამართლებრივი საფუძვლის მქონე და ამიტომ გამოიყენება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების მომწესრიგებელი ნორმები. როდესაც შესრულებული მოქმედებები მეპატრონის ნებას არ შეესაბამება ან სულაც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამ პირობებში მომხდარი ქონებრივი ტრანსმისიები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. მოცემული სამართლებრივი ინსტიტუტის ფარგლებში (სხვისი საქმეების შესრულება დავალების გარეშე) შემსრულებელს არ შეუძლია, მოსთხოვოს მეპატრონეს თავისი ხარჯების ანაზღაურება, ამიტომ გამოიყენება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები, რომელთა დანიშნულებაა ქონებრივი წონასწორობის აღდგენა და სამართლებრივი კონსონანსის დამყარება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია, ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება. განსახილველი ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით.

განსახილველი ნორმა განეკუთვნება დანახარჯების კონდიქციას, რაც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც დამატება დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების სამართლისათვის.

კონკრეტული ფაქტობრივი სიტუაციის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შესაფასებელ ფაქტებზე, რომლის თანახმად 29.12.2010 წლის სააღსრულებო ფურცლის #3/10–08 29 საფუძველზე სს ,,ვ.ბ.ჯ-ა“ უძრავ ქონებაზე, მდებარე გორის რაიონის სოფელ ქ-ი, დარეგისტრირდა, როგორც პირველი რიგის იპოთეკარი. იგივე ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ნ.გ-ის, გ. გ-სა და ნ.გ-ის სხვა ვალდებულებათა უზრუნველსაყოფადაც, მათ შორის რეგისტრირებული იყო საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა მესაკუთრეთა საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად.

ბანკის მიერ საგადასახადო დავალიანება გადახდილია, რის საფუძველზეც უძრავი ქონება გათავისუფლდა საგადასახადო იპოთეკა/გირავნობისაგან. ასევე მნიშვნელოვანია დადგენილი ფაქტები იმის თაობაზე, რომ თანხის გადახდის კანონშესაბამისობა კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის მიზანს, როგორც ზოგადად უსაფუძვლო გამდიდრებისთვისაა დამახასიათებელი, წარმოადგენს ქონებრივი ბალანსის აღდგენა.

განსახილველი ნორმა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც პირი შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს. კონკრეტულ შემთხვევაში, ბანკმა შეგნებულად გადაიხადა გ-ის ვალი, რაც განპირობებული იყო უძრავი ქონების საგადასახადო იპოთეკა/გირავნობისაგან განთავისუფლებით. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის გათვალისწინებული თავისებურებების მიხედვით, 986-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევა, რომელიც ეხება შეგნებულად სხვისი ვალების გასტუმრებას, გულისხმობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სხვისი ვალების გასტუმრებას, რასაც გააჩნდა ბანკის ეკონომიკური ინტერესი. ამ წინაპირობების არსებობისას განსახილველი ნორმა ანიჭებს სხვისი საქმეების გამწევ პირს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ გამდიდრებულ პირისაგან თავისი ხარჯების ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. და ნ.გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე