№ას-1161-1190-2012 4 მარტი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ს. ა. გ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. დ-ო“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 10 ივნისს თ. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ს. ა. გ-ამ“ მოპასუხე შპს „ა. დ-ოს“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 79980.11 ლარის ოდენობით.
თ. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ს. ა. გ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „ა. დ-ოს“ მოსარჩელე შპს „ს. ა. გ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 79980.11 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თ. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა. დ-ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თ. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ს. ა. გ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 14 დეკემბერს ერთი მხრივ, სს „თ. ს. ა-ს“ (ა.) და მეორე მხრივ, შპს „ა. დ-ოს“ (გადამზიდველი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება N1/08-7, რომლითაც სს „თ. ს. ა-მა“ აიღო ვალდებულება შპს „ა. დ-ოს“ საჰაერო ხომალდების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე, განრიგით და განრიგის გარეშე ავიარეისების შესრულებისას. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2008 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
მხარეთა შორის 2007 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა გადახდის პირობები და ურთიერთანგარიშსწორების წესი. ხელშეკრულების 4.1 - 4.2 პუნქტებით მხარები შეთანხმდნენ, რომ ა-ის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდას უზრუნველყოფდა გადამზიდველი წინასწარი გადარიცხვით ან ყოველი რეისის შესრულების დროს ნაღდი ანგარიშსწორების პირობით. გადამზიდველი ხელშეკრულების თანხმად ა-ის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას გადაიხდიდა ლარებში (ა-ის სალაროებში ან ჩარიცხავდა მის ანგარიშზე) გაფრენის თარიღისათვის მოქმედი ფასებით, ს. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოური ვალუტის მიმართ;
ამავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში გადამზიდველის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე რეგულარული რეისების შესრულების პირველ შემთხვევაში გადამზიდველი ძირითადი დავალიანების გარდა ა-ს დამატებით გადაუხდიდა საურავს გადაუხდელი თანხის 5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არასრული კალენდარული დღე ითვლება მთლიან დღედ), მეორე ანალოგიურ შემთხვევაში 10%-ს, მესამე ანალოგიურ შემთხვევაში 20%-ს და ა.შ. მომსახურების ღირებულების წინასწარი გადაუხდელობის ყოველი მომდევნო ფაქტის დაშვებისას გადამზიდველის მიერ დამატებით გადასახდელი საურავის პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაიზრდებოდა ორჯერ, საურავის გადახდა გადამზიდველს არ ათავისუფლებდა ძირითადი დავალიანების გადახდისაგან და პირიქით;
ხელშეკრულების 4.4. პუნქტის შესაბამისად, გადამზიდველის მიერ არარეგულარული რეისების ა. მიერ ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები დაერიცხება გადამზიდველს ორჯერ გაზრდილი ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 4.5. პუნქტის შესაბამისად, ა-ს 4.3 პუნქტით გათვალისწინებული საურავის დაკისრების გარდა უფლება აქვს გაწეული მომსახურების ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე რეგულარული რეისების შესრულების შემთხვევაში გადამზიდველს არ გაუწიოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მომდევნო ნებისმიერი სახის რეისზე, თუ გადამზიდველმა მომდევნო რეისის შესრულებამდე ა-ს არ გადაუხადა წინა რეისის შესრულებისას გაწეული მომსახურების ღირებულება, დარიცხულ საურავთან ერთად;
2008 წლის 1 მარტს სს „თ. ს. ა-ს“ და შპს „ა. დ-ოს“ შორის შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება №1, რომლითაც 2007 წლის 4 დეკემბრის N1/08-7 ხელშეკრულების 4.3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: გამონაკლის შემთხვევაში გადამზიდველის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების წინასწარი გადახდის გარეშე რეგულარული რეისის შესრულების პირველ შემთხვევაში გადამზიდველი ძირითადი დავალიანების გარდა ა-ს დამატებით გადაუხდიდა საურავს გადაუხდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არასრული კალენდარული დღე ითვლებოდა მთლიან დღედ), მეორე ანალოგიურ შემთხვევაში 0.1%, მესამე ანალოგიურ შემთხვევაში 0.2 % და ა.შ. მომსახურების ღირებულების წინასწარი გადაუხდელობის ყოველი მომდევნო ფაქტის დაშვებისას გადამზიდველის მიერ დამატებით გადასახდელი საურავის პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაიზრდებოდა ორჯერ, მაგრამ არაუმეტეს 5%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საურავის გადახდა გადამზიდველს არ ათავისუფლებდა ძირითადი დავალიანების გადახდისაგან და პირიქით;
2008 წლის 1 აგვისტოს სს „თ. ს. ა-ს“ და შპს „ა. დ-ოს“ შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება №2, რომლითაც 2007 წლის 14 დეკემბრის N1/08-07 ხელშეკრულებიდან ამოღებულ იქნა 4.3, 4.4 პუნქტები, ასევე ხელშეკრულების 4.5 პუნქტიდან ამოღებული იქნა სიტყვები: „4.3 პუნქტით გათვალისწინებული საურავის დაკისრების გარდა“;
ამდენად, ხელშეკრულებით თავიდან განისაზღვრა პირგასამტეხლო და მისი ოდენობა, შემდეგ შემცირდა, ბოლოს კი ეს პუნქტი ხელშეკრულებიდან საერთოდ ამოღებულ იქნა. მოსარჩელე ითხოვდა სარჩელში მითითებულ დროის მონაკვეთში (ანუ, 2008 წლის 2 მარტიდან პირგასამტეხლოზე შეთანხმების საერთოდ გაუქმებამდე – 2008 წლის 1 აგვისტომდე) მოქმედი ტარიფით პირგასამტეხლოს დაკისრებას;
სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2011 წლის 11 მარტის ბრძანებით შპს „ს. ა. გ-ას“ შეერწყა სს „თ. ს. ა-ი“. ამავე ბრძანებაში მიეთითა, რომ შპს „ს. ა. გ-ა“ წარმოადგენს შპს „ს. ა. გ-ის“ უფლებამონაცვლეს;
შპს „ა. დ-ო“ უკრაინაში რეგისტრირებული იურიდიული პირია;
შპს „ტავ ურბან ს.“ გენერალური მენეჯერის 2011 წლის 31 ოქტომბრის №2281 წერილის თანახმად, ა. „დ-ოს“ მიერ დონეცკის მიმართულებით 2008 წლის 1 მარტიდან 2008 წლის 31 ივლისამდე შესრულდა რეისები...... და რამდენადაც მათთვის ცნობილია, სს „თ. ს. ა-მა“ ჩაატარა ყველა იმ საჰაერო ხომალდისა და მგზავრის უსაფრთხოების შემოწმება, რომელთაც 2008 წელს ისარგებლეს თ. ს. ა-ით. შპს „ტავ ურბან ს.თვის“ ხელმისაწვდომი არ არის იმისი გაკონტროლება, გაწეულ იქნა ზემოხსენებული მომსახურებები თუ არა.
წინამდებარე სარჩელით შპს „ს. ა. გ-ა“ ითხოვდა მოპასუხეს დაკისრებოდა პირგასამტეხლო ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულებისთვის. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ა. დ-ო“ 2008 წლის 2 მარტიდან 2008 წლის 31 ივლისის ჩათვლით ასრულებდა რეისებს თ. ა-ან და შესაბამისად, იღებდა საავიაციო უშიშროების მოსახურებას ა-ან. ავიაკომოპანია დაგვიანებით იხდიდა მოსახურების საფასურს, რის გამოც ა.ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობისთვის დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.05%-მდე და 5%-მდე ყოველდღიურად, მთლიანობაში 79980.11 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე (ანუ კრედიტორი) თავად ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო პერიოდზე მოპასუხეს (ანუ მოვალეს) გადახდილი ჰქონდა მომსახურების საფასური (ანუ ვალდებულება შესრულებული იყო). იგი სადავოდ ხდიდა მხოლოდ იმ გარემოებას, რომ შესრულება განხორციელდა დაგვიანებით, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს (ვადაგადაცილების საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სარჩელის საფუძვლიანობის შესაფასებლად საჭიროდ ჩათვალა დადგენილიყო:
თითოეული ვადაგადაცილების ხანგრძლივობა – დღე საიდან დაიწყო ვადაგადაცილება და დღე, როდესაც ძირითადი ვალდებულების შესრულებით შეწყდა როგორც ვადის გადაცილება, ისე მასთან ერთად პირგასამტეხლოს დარიცხვა. აქვე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეთანხმება ითვალისწინებდა მზარდი ყოველდღიური პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შპს „ა. დ-ოს“ მიერ 2007 წლის 14 დეკემბრის N1/08-7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაგვიანებით შესრულების ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელე ადასტურებდა მოპასუხე შპს „ა. დ-ოს“ მიერ 2007 წლის 14 დეკემბრის N1/08-7 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების ღირებულების (ძირითადი ვალდებულების) სრულად გადახდის ფაქტს, ვალდებულების დაგვიანებით შესრულების მტკიცების ტვირთი უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეს (კრედიტორს). შპს „ს. ა. გ-ის“ სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად, კერძოდ, ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლის არსებობის დასადგენად, საჭირო იყო შემდეგი საკითხის დადგენა: კონკრეტულად რომელი რიცხვიდან წარმოეშვა მოპასუხეს მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება, როდის იქნა თანხა გადახდილი და შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევაში, რამდენ დღეს წარმოადგენდა მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმის დასტურად, რომ შპს „ა. დ-ომ“ ვალდებულება შეასრულა დაგვიანებით, მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა 2008 წლის 22 აპრილის და 2008 წლის 21 ივლისის საგადასახადო დავალებები, ასევე შპს „ს. ა. გ-ის“ მიერ შედგენილ ცხრილი, რომელშიც მითითებული იყო შპს „ა. დ-ოს“ მიერ შესრულებული რეისების რაოდენობა და გამოანგარიშებული იყო ვადაგადაცილებისთვის დარიცხული ჯარიმის ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვალდებულების დაგვიანებით შერულების ფაქტის დადგენის ნაწილში ეყრდნობოდა სწორედ ამ საგადახდო დავალებებს. საქმეში წარდგენილი, სს „ბაზისბანკის“ მიერ გაცემული 2008 წლის 22 აპრილის საგადასახადო დავალება N0-ის თანახმად, შპს „ა. დ-ომ“ მოსარჩელეს 1/07-32DD 28.12.06 ხელშეკრულების საფუძველზე გადაურიცხა მომსახურების ღირებულება 3000 ევროს ოდენობით. რამდენადაც წინამდებარე სარჩელი აღძრული იყო მხარეთა შორის გაფორმებული N1/08-7 14.12.2007წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, ზემოაღნიშნული საგადახდო დავალება მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის არმქონე მტკიცებულებას წარმოადგენდა. საქმეში ასევე წარმოდგენილი იყო 2008 წლის 21 ივლისის საგადასახადო დავალება, რომლითაც დგინდებოდა, რომ შპს „ა. დ-ომ“ მოსარჩელეს 1/08-7DD 14.12.07 ხელშეკრულების საფუძველზე გადაურიცხა მომსახურების ღირებულება 7486 ევროს ოდენობით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის მასალებით დადასტურდა შპს „ა. დ-ოს“ მიერ 2007 წლის 1/08-7DD 14.12.07 ხელშეკრულების საფუძველზე 7486 ევროს ოდენობით მოსახურების ღირებულების გადახდა. რაც შეეხებოდა კავშირს, საგადახდო დავალებასა და ცხრილს შორის, რომელშიც მითითებულია შპს „ა. დ-ოს“ მიერ შესრულებული რეისების რაოდენობა და გამონგარიშებულია ვადაგადაცილებისთვის დარიცხული ჯარიმის ოდენობა, როგორც შპს „ს. ა. გ-ის“ წარმომადგენლმა წერილობით განმარტა, საგადასახადო დავალებასა და პირგასამტეხლოს დაანგარიშების ცხრილს შორის შესაძლოა არც ყოფილიყო პირდაპირი კავშირი, ვინაიდან ცხრილში თანხა დათვლილი იყო სხვა პრინციპით და არა იმ თანხის გადახდა-გადაუხდელობაზე და გადახდის დროზე დაყრდნობით, რაც ხსენებულ საგადასახადო დავალებაშია მოცემული. რაიმე სხვა მტკიცებულებაზე, რაც მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს დაადასტურებდა, შპს „ს. ა. გ-ა“ არ უთითებდა. შპს „ს. ა. გ-ამ“ ვერ დაასაბუთა, თუ რა დაანგარიშებით არის დათვლილი ვადაგადაცილების დღეები მის მიერ შედგენილ ცხრილში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა და ადასტურებდა, კონკრეტულად რომელი თარიღიდან წარმოეშვა მოპასუხეს მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება და რომელი გადახდით შეწყდა ყოველდღიური პირგასამტეხლოს დარიცხვა, ანუ, რეალურად რამდენი დღეს შეადგენდა ვადაგადაცილება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ე.ი. მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა პირგასამტეხლოს დარიცხვის კანონიერებას, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 317-ე, 417-ე მუხლებით, 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
იმის გათვალისწინებით, რომ არ დგინდებოდა მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დაგვიანებით შესრულების ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღნიშნული საფუძვლით პირგასამტეხლოს დაკისრების წანამძღვრები. შესაბამისად, „ს. ა.“ გ-ის სარჩელი, როგორც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ა. გ-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად, ა-ი იღებს ვალდებულებას, ყოველი თვის დაწყებამდე 15 კალენდარული დღით ადრე გადამზიდველს წარუდგინოს შეთანხმებული გრაფიკის და საჰაერო ხომალდების ტიპების შესაბამისად, გადასახდელი თანხების ოდენობის შესახებ გამარტივებული ანგარიში, რის საფუძველზეც გადამზიდველი ვალდებულია საანგარიშო თვის დაწყებამდე წინასწარ გადაუხადოს ა-ს გასაწევი მომსახურების ღირებულება. ხსენებული ხელშეკრულების 4.7 პუნქტის შესაბამისად, ა-ი ყოველი თვის დასაწყისში ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მოპასუხეს წარუდგენდა გამარტივებულ ანგარიშებს ავანსის სახით გადასარიცხი თანხის თაობაზე, რაც დასტურდება წარდგენილ გამარტივებულ ანგარიშ-ფაქტურებზე მოპასუხის ხელმოწერით. მოპასუხეს მარტის თვიდან ივლისის ჩათვლით წარედგინა 5 თვის წინასწარი გადახდის შემდეგი ინვოისები: 2008 წლის 22 თებერვლის №4ა ინვოისი (მარტის თვისათვის); 2008 წლის 19 მარტის №36ა ინვოისი (აპრილის თვისათვის); 2008 წლის 15 აპრილის №65ა ინვოისი (მაისის თვისათვის); 2008 წლის 15 მაისის №160ა ინვოისი (ივნისის თვისათვის); 2008 წლის 16 ივნისის №222ა ინვოისი (ივლისის თვისათვის). დასახელებული ინვოისების ჩაბარება დასტურდება მოპასუხის ხელმოწერით. ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ნამდვილად იცოდა საავანსო თანხის ჩარიცხვის ვალდებულების შესახებ და იგი განზრახ თავს არიდებდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, დასტურდება იმით, რომ მის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ჩარიცხვა (ჯამში განხორციელდა სამი ჩარიცხვა) შესრულდა სწორედ 2008 წლის 19 მარტის №36ა წინასწარი ინვოისის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ჩარიცხვა განხორციელდა არა ხელშეკრულების 4.7 პუნქტის თანახმად, ანუ საანგარიშო თვის დაწყებამდე (მარტის დასაწყისში) ან მარტის თვის ბოლოს ფრენების დასრულების შემდგომ, არამედ დაგვიანებით – აპრილის თვის 22 რიცხვში. აღნიშნული დასტურდება 2008 წლის 22 აპრილის საგადახდო დავალებით, სადაც დანიშნულების გრაფაში მითითებულია შესაბამისი ინვოისი, რომლის მიხედვითაც შესრულდა გადარიცხვა;
იმის დასადასტურებლად, რომ დავალიანება ნამდვილად დაგვიანებით ჩაირიცხა, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა მომსახურების საფასურის დაგვიანებით გადახდის დამადასტურებელი კიდევ ერთი ქვითარი – 2008 წლის 21 ივლისით დათარიღებული ქვითარი. მოცემულ შემთხვევაში, თანხა არ ჩარიცხულა არც ერთი წინასწარი გადახდის ინვოისით. 2008 წლის მაისის და ივნისის თვის წინასწარი გადახდის ინვოისებით განსაზღვრული თანხები, რომელიც ა.ს უნდა გადაეხადა, არ შესრულებულა არც თვის დასაწყისში და არც ივნისის თვეში შესრულებული ფრენების შემდეგ. ორივე თვის მომსახურების საფასური გადახდილ იქნა 2008 წლის 21 ივლისს, დაგვიანებით. ამან განაპირობა მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი პირგასამტეხლოს დარიცხვა. ის ფაქტი, რომ ზემოხსენებული ორი თვის გადასახადი ნამდვილად დაგვიანებით იქნა გადახდილი, დასტურდება 2008 წლის 21 ივლისის საგადახდო დავალებით, სადაც დანიშნულების გრაფაში მითითებულია შესაბამისი ინვოისები, რომლის მიხედვითაც გადარიცხვა შესრულდა;
არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის 22 აპრილის საგადახდო დავალებას მოცემულ საქმესთან კავშირი არ აქვს გადარიცხვის საფუძვლად სხვა ხელშეკრულებაზე მითითების გამო. მართალია, მასში მითითებულია სხვა ნომერი, მაგრამ აღნიშნულ საგადახდო დავალებაში გადარიცხვის საფუძვლად მითითებული ინვოისის ნომერი, ინვოისით გათვალისწინებული გადახდილი თანხა, ემთხვევა ა-ის მიერ გამოწერილ ნომერს და გამოწერილ თანხას. შესაბამისად, ხელშეკრულების ნომრის უზუსტობა შეიძლება ჩაითვალოს ტექნიკურ ხარვეზად. ამასთან, ასეც რომ არ იყოს, ვადაგადაცილების პერიოდი კიდევ უფრო გაიზრდებოდა და პირგასამტეხლოს თანხა კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო 2008 წლის 1 აგვისტომდე, რადგან სწორედ 2008 წლის 1 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება ხელშეკრულებიდან იმ მუხლების ამოღების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმეში არსებული საგადახდო დავალებები პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ვადაგადაცილების დამადასტურებელ არასაკმარის მტკიცებულებებად;
ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად როდის წარმოეშვა მოპასუხეს მომსახურების გადახდის ვალდებულება, რომელი გადახდით შეწყდა ყოველდღიური პირგასამტეხლოს დარიცხვა და რეალურად რამდენ დღეს შეადგენდა ვადაგადაცილება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ა-ის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდას უზრუნველყოფს „გადამზიდველი“ წინასწარი გადარიცხვით ან ყოველი რეისის შესრულების დროს ნაღდი ანგარიშსწორების პირობით. საავანსო თანხის გადახდის შემთხვევაში, საბოლოო ანგარიშსწორება მოხდებოდა სწორედ გაწეული მომსახურების საფუძველზე და ავანსად ჩარიცხული თანხა ითვლება ამ ღირებულების ანგარიშში. ამდენად, ნათელია ის, თუ როდის უნდა მომხდარიყო საფასურის გადახდა და შესაბამისად, გასაგებია მოპასუხის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულების წარმოშობის დროც. ის, თუ რეალურად რამდენ დღეს შეადგენს ვადაგადაცილება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გათვალისწინებულია სარჩელზე თანდართული პირგასამტეხლოს 2008 წლის 31 ივლისის №420 ანგარიშ-ფაქტურით. ანგარიშ-ფაქტურის მეორე გვერდზე მოცემულია პირგასამტეხლოს გაანგარიშების გრაფიკი. იგი ასახავს პირგასამტეხლოს დარიცხვას იმ წესის მიხედვით, რასაც ა-სა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტი ითვალისწინებს, კერძოდ, თუ გადამზიდველი ასრულებს რეგულარულ ავიარეისებს მომსახურების საფასურის წინასწარი (იგულისხმება ფრენის შესრულებამდე) გადახდის გარეშე და ასეთ გადაუხდელობას ადგილი ჰქონდა პირველად კალენდარული წლის განმავლობაში, მაშინ გადამზიდი უხდის ა-ს საურავს გადაუხდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მოცემული გრაფიკით განსაზღვრულია კონკრეტულ თვეებში გაწეული მომსახურების თარიღები, აღნიშნულ თარიღებში გაწეული მომსახურების საფასური და საფასურის გადახდის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ა. გ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. ა. გ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3999.01 ლარი) 70% – 2799.307 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს. ა. გ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ს. ა. გ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3999.01 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 24 ივლისი, საგადახდო დავალება № 0) 70% – 2799.307 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე