Facebook Twitter

№ას-11-9-2013 25 მარტი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ი“

მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 27 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ჯ-მა“ მოპასუხე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 66682.95 ლარის დაკისრება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ჯ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს „ჯ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს „-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 66682.95 ლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4668 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 25 ოქტომბერს, №P43171-IGB-Goods-1.01-L3 ხელშეკრულებით შპს ,,ჯ-მა“ (მიმწოდებელმა) საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მყიდველის) მიმართ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა 350 ერთეული 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგვის ურნა ლანჩხუთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებისათვის, საერთო ღირებულებით 124250 ევროს ეკვივალენტი ლარში. ამავდროულად, მყიდველმა აიღო ვალდებულება, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდგომ, მისთვის გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება – 124250 ევროს ეკვივალანტი ლარში.

2010 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ერთი ერთეული ურნის ფასი – 355 ევრო;

ხელშეკრულების სპეციალური პირობების 15.2 მუხლის შესაბამისად, ფასები არ ექვემდებარება დარეგულირებას; ამდენად, 2010 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ როგორც მისაწოდებელი საქონლის ფიქსირებულ ოდენობაზე (350 ერთეული), ისე მის ფიქსირებულ ფასზე (ერთი ერთეულის ფასსა და ნასყიდობის მთლიანი ფასზე – 124250 ევროს ეკვივალენტზე ლარში);

მხარეთა შორის უდავო იყო, რომ შპს ,,ჯ-მა“ დათქმულ დროში და დათქმულ ადგილას შეასრულა 2010 წლის 25 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადასცა 350 ერთეული 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგვის ურნა. აღნიშნულს ცხადყოფდა მიღება-ჩაბარების აქტები (ტომი 1, ს.ფ. 79-81), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი ჩD დისკზე, 12:25:25 - 12:25:53). ამასთან, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოში მითითებულ სასამართლო სხდომაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა განმარტა, რაიმე დამატებითი ხარჯი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს არ გაუწევია (იხ.: სხდომის ოქმი ჩD დისკზე, 12:25:25 - 12:25:53).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიმწოდებელმა საქონლის მიწოდების ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (მყიდველს) სახელშეკრულებო ვალდებულება (ფიქსირებული ფორმით შეთანხმებული ნასყიდობის ფასის გადახდა) სრულად არ შეუსრულებია. მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შპს ,,ჯ-ს’’ 2010 წლის 25 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით გადაუხადა 232584.61 ლარი. ფაქტობრივად, მყიდველმა მიმწოდებელს გადაუხადა არა მათ შორის შეთანხმებული ნასყიდობის ფასი, არამედ მიმწოდებლის მიერ საქონლის მწარმოებლისათვის გადახდილი თანხა. ამასთან, მიმწოდებელს, რომელმაც შეიძინა საქონელი მისი შემდგომ მყიდველისათვის მიწოდების მიზნით, უნდა მიეღო უშუალოდ მასა და მყიდველს შორის დისპოზიციური ნების საფუძველზე ფიქსირებული ფორმით შეთანხმებული საზღაური.

საქმის მასალებით დასტურდებოდა და არც მოპასუხე ხდიდა სადავოდ, რომ ევროში განსაზღვრულ ნასყიდობის ფასსა და გადახდილ თანხას შორის სხვაობა ლარში შეადგენდა სარჩელით მოთხოვნილ თანხას – 66682.95 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მიმწოდებელმა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულა ვალდებულება. რაც შეეხებოდა მყიდველს, მან მიიღო ნაყიდი ქონება, მაგრამ ნასყიდობის ფასი სრულად არ აუნაზღაურებია. შესაბამისად, საფუძვლიანი იყო მოთხოვნა ფიქსირებული ფასის აუნაზღაურებელი ნაწილის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ აქვე განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის იმთავითვე არსებობდა შეთანხმება ნასყიდობის ფიქსირებულ ფასზე, ის ფაქტი, რომ 2011 წლის 26 თებერვალს და იმავე წლის 5 მარტს ბათუმის თავისუფალ საბაჟო საწყობში შეტანილ იქნა 350 ერთეული სანაგვე ურნა, რომლის თანმხლებ ინვოისში ერთი ერთეულის ფასად მითითებული იყო 340 აშშ დოლარი (ანუ საქონლის მწარმოებლის ფასი), სამართლებრივად უმნიშვნელო იყო და არ ათავისუფლებდა მოპასუხეს დარჩენილი აუნაზღაურებელი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქონლის თანმხლებ ინვოისში მითითებული ერთი ერთეულის ღირებულების შესაბამისად უნდა მომხდარიყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. შპს „ჯ-ის“ მიერ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელზე გამოწერილ ინვოისებში (№Gთ 1008/1; №Gთ 1008/2; №Gთ 1008/3; №Gთ 1008/4; №Gთ 1008/5; №Gთ 1008/6) ერთი ერთეული საქონლის ღირებულებად მითითებული იყო 355 ევრო (ტომი 1, ს.ფ. 133-145). სწორედ ამ ინვოისებზე, როგორც საქონლის შესყიდვის დოკუმენტებზე, უთითებდა თავად დეკლარანტი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობისას (ტომი 1, ს.ფ.122, 128). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს „ჯ-ს“ შორის 2010 წლის 25 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ჯ-ს“ მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „სიპ“ პირობით უნდა მიეწოდებინა 350 ერთეული სანაგვე ურნა. ერთი ერთეული ურნის ფასად განისაზღვრა 355 ევრო. „სიპ“ პირობით მიწოდება საერთაშორისო სამართალში გულისხმობს სატრანსპორტო ხარჯებს დამატებული შემოსატანი ურნების ღირებულებასა და დაზღვევის ხარჯებს. „სიპ“ პირობით ურნების მიწოდება იმასაც გულისხმობდა, რომ მიმწოდებელს ტვირთის შემოსვლის ადგილას ან პორტში საქონლის ჩასვლამდე სულ ცოტა ერთი კვირით ადრე უნდა გადაეცა მყიდველისათვის ხელშეკრულების სპეციალური და საერთო (ცცც) პირობების 12.1 მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტები, კერძოდ: მიმწოდებლის ინვოისის ორიგინალი და 3 ცალი ასლი, სადაც მითითებული იქნებოდა საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და საერთო ღირებულება. გარდა ამისა, მითითებული უნდა ყოფილიყო: სადაზღვევო სერტიფიკატი; წარმოშობის სერტიფიკატი; მიმწოდებლის ქარხნული შემოწმების ანგარიში; საბრუნავი, სუფთა, საბორტო კონოსამენტი, რომელზეც აღნიშნული იქნებოდა, რომ „ფრახტი გადახდილია“; არასაბრუნავი კონოსამენტის სამი ასლი და სხვა. ტვირთის განბაჟება უნდა განეხორციელებინა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, თავად კონტრაქტორის (მიმწოდებლის) მიერ სულ ცოტა ერთი კვირით ადრე წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი არ მიიღებდა ზემომითითებულ დოკუმენტებს ჩამოსვლის ადგილას ან პორტში საქონლის ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე მაინც, მიმწოდებელი პასუხს აგებდა „ნებისმიერ, შედეგად გაწეულ ხარჯებზე“. ამდენად, მიმწოდებელს – შპს „ჯ-ს“, გააჩნდა ხელშეკრულების სპეციალური და „ცცც“ პირობების 12.1 მუხლში მითითებული ვალდებულება, მასში ჩამოთვლილ სხვა დოკუმენტებთან ერთად ამ ინვოისის ერთი კვირით ადრე მიწოდებასთან დაკავშირებით, სადაც ერთეული სანაგვე ურნის ფასად მითითებული იქნებოდა 355 ევრო. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია. 2011 წლის 26 თებერვალს და იმავე წლის 5 მარტს ბათუმის თავისუფალ საბაჟო საწყობში ორჯერ იქნა შეტანილი მთლიანობაში 350 ერთეული სანაგვე ურნა, რომლის თანმხლებ ინვოისში ერთი ერთეულის ფასად მითითებული იყო 340 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების 12.1 მუხლის თანახმად, საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა ტვირთის თანმხლებ ინვოისში მითითებული ღირებულება, რადგან სხვა დანარჩენ ნებისმიერ ხარჯზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა თავად მიმწოდებელს. შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა არსებულ ინვოისზე დაყრდნობით, სადაც ერთი ერთეული ურნის ფასად მითითებული იყო 340 აშშ დოლარი, თავისუფალ საბაჟო საწყობში წარადგინა ამ თანხების შესაბამისი საბაჟო დეკლარაცია და მოპასუხეს აუნაზღაურა 340 აშშ დოლარი თოთოეულ ურნაზე. ერთი ერთეული სანაგვე ურნის 340 აშშ დოლარად განბაჟების შემდგომ, მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში წარადგინა ე.წ. კომერციული ინვოისი. აღნიშნული დოკუმენტის მეშვეობით იგი ამტკიცებდა, რომ რეალურად მისი დანახარჯები შეადგენდა არა 340 აშშ დოლარს, არამედ 355 ევროს და მოითხდა სხვაობის გადახდას. მითითებულ მოთხოვნაზე მხარეს უარი ეთქვა, რადგან ეს იქნებოდა გადახედა „დდპ“ პირობით, ანუ ხელშეკრულების შესრულების ადგილზე საბოლოო გადახდით, რაც ეწინააღმდეგებოდა გადახდასთან დაკავშირებით მხარებს შორის შეთანხმებულ და დონორის მიერ მოწონებულ სიპ პირობას;

სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მოპასუხის მიერ „სიპ“ პირობით ტვირთის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. სასამართლო, ტვირთის თანმხლებ ინვოისში სანაგვე ურნის ფასად მითითებულ 340 აშშ დოლარს გაუგებარი მიზეზებით მიიჩნევს საქონლის მწარმოებლის ფასად და აკეთებს დასკვნას, რომ ინვოისის/სხვა დოკუმენტების ფონდისათვის ერთი კვირით ადრე წარუდგენლობა და მასში 355 ევროს მიუთითებლობა თითქოს ყოფილა ისეთი უმნიშვნელო დარღვევა, რაც ფონდს არ ათავისუფლებს დარჩენილი აუნაზღაურებელი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან. ინვოისები, რომლებსაც სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო და რომლებშიც ერთი ერთეული საქონლის ღირებულებად მითითებულია 355 ევრო, შეიქმნა მოგვიანებით. მითითებული ინვოისები მხარემ წარადგინა შემოსავლების სამსახურში, რა დროსაც მან მოითხოვა საბაჟო დეკლარაციის კორექტირება. შემოსავლების სამსახურმა თავისი ბრძანებით არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ხოლო დასახელებული ბრძანება დღემდე ძალაშია. ხელშეკრულების 12.1 მუხლით გათვალისწინებულ ხარჯში, როგორც ამას მითითებული მუხლის ბოლო აბზაცი ცხადყოფს, იგულისხმება ინვოისში ასახულ ფასზე ზემოთ მოპასუხის მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯი და არა ფონდის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯი, რომლის არარსებობაზეც სააპელაციო სასამართლომ ააგო თავისი გადაწყვეტილება. საბაჟოზე დაფიქსირებული ფასის ზემოთ გადახდა, დონორს მისცემდა საფუძველს ეჭვისათვის, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას კორუფციის ან თაღლითობის სახით და იგი რეაგირების გარეშე არ დატოვებდა აღნიშნულ ფაქტს. მითუმეტეს, რომ ხელშეკრულების საერთო პირობების 3.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დონორს შეუძლია შეამოწმოს მიმწოდებლის ანგარიშები, აგრეთვე, საბუღალტრო ჩანაწერები და თუკი მიიჩნევს, რომ მხარეები ჩართულნი არიან თაღლითურ, კორუფციულ ან იძულებით გარიგებაში დონორის მიერ დაფინანსებული ხელშეკრულების მიღების მიზნით, დაუწესოს მათ სანქციები განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით არაუფლებამოსილი გამოცხადების ჩათვლით. თუკი მოწინააღმდეგე მხარეს რაიმე ზიანი მიადგა 340 აშშ დოლარსა და 355 ევროს შორის სხვაობის მიუღებლობის სახით, ეს განპირობებულია ხელშეკრულების მოთხოვნებისადმი მის მიერვე განხორციელებული განზრახ შეუსაბამო მოქმედებებით. ხელშეკრულების 30.1 მუხლიდან გამომდინარე, შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით მოპასუხის პასუხისმგებლობა არ არის შეზღუდული ფონდის წინაშე. შესაბამისად, კანონიერია მუნიციპალური განვითარების ფონდის მოქმედება მოპასუხისათვის ერთი ერთეული ურნის ღირებულების სახით 340 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თავად დაარღვევდა მხარეთა მიერ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით შეთანხმებულ არსებით პირობებს, რითაც სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებდა თავის რეპუტაციას საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის წინაშე, რადგან მათ შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, დონორის (აზიის განვითარების ბანკი) მიერ გამოყოფილი თანხებით განხორციელდა სანაგვე ურნების შეძენა. დონორმა ორგანიზაციამ უკვე დაიბრუნა 340 აშშ დოლარსა და 355 ევროს შორის სხვაობის შესაბამისი თანხა, რითაც დაადასტურა, რომ ამ შემთხვევაში მუნიციპალური განვითარების ფონდი მოქმედებდა სწორად და საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში ფონდისათვის დაკისრებული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების შეუსრულებლობა, კანონით დადგენილი წესით მის ბათილად ცნობამდე, ყოველთვის დაკავშირებულია სამართლებრივ სანქციებთან. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ამგვარი სანქციის შემცველი და მხარეებს შორის შეთანხმებული 12.1 მუხლის არსებობა, რომლის თანახმადაც, თუ მოწინააღმდეგე მხარე ერთი კვირით ადრე მაინც არ მიაწვდიდა მუნიციპალური განვითარების ფონდს ამავე მუხლში ჩამოთვლილ დოკუმენტებს, მათ შორის ინვოისს, სადაც მითითებული იქნებოდა ერთი ერთეული ლითონის ურნის სახელშეკრულებო ფასი, მაშინ მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა გაწეულ ხარჯებზე. ხელშეკრულების 12.1 მუხლით გათვალისწინებულ „გაწეულ ხარჯში“ ამ მუხლის შინაარსისდან გამომდინარე იგულისხმება ინვოისში მითითებულ ფასზე ზემოთ მის მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯი და არა ფონდის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსი, რადგან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისათვის სიპ პირობით მიწოდება წარმოადგენდა ისეთივე არსებით პირობას, როგორსაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასი, მიღების ადგილი და ვადა;

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სწორედ აქედან გამომდინარე მოითხოვდა ფონდი დაცვითი ვალდებულების შესრულებას, რაც მოწინააღმდეგე მხარენ არ შეასრულა. შესაბამისად, საპასუხო შესრულებისას მუნიციპალური განვითარების ფონდს უფლება ჰქონდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდისაგან თავი შეეკავებინა და გადაეხადა ინვოისში დაფიქსირებული თანხა 340 აშშ დოლარის ოდენობით, რადგან სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი მოწინააღმდეგე მხარეს ავალდებულებდა, მყიდველისათვის გადაეცა ქონებასთან დაკავშირებული საბუთები. ასეთი რამე მხარეს არ განუხორციელებია, რასაც სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3700.91 ლარი) 70% – 2590.637 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3700.91 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 24 დეკემბერი, საგადახდო დავალება № ...) 70% – 2590.637 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე