Facebook Twitter

№ას-1236-1165-2012 11 მარტი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ე., თ. და მ. შ-ბი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ას სარჩელი მოპასუხეების - თ., ე. და მ. შ-ის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი, ქ.თბილისში, ქ-ის №37-ში მდებარე №2 შენობაში არსებული ფართი და იგი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ივნისის განჩინებით ე., თ. და მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემთა ბაზაში ქ.თბილისში, ქ-ის N37-ში მდებარე მისამართზე რეგისტრირებული იყო ნ. კ-ა ოჯახთან ერთად. ამასთან, ქ.თბილისში, ქ-ის N37-ში მდებარე N2-ში შენობაში მოპასუხეები ფლობდნენ სადავო ფართს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ე., თ. და მ. შ-ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული შემდეგი გარემოებები, რომ: ა. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ნ. კ-ა 2003 წლიდან ცხოვრობდა ქ-ის ქ.N37-ში, სააქციო საზოგადოება ,,ენერგომშენკონსტრუქციის’’ კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში; ბ. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხეები სადავო ფართში რეგისტრირებულნი იყვნენ 2003 წლამდე და ფლობდნენ აღნიშნულ ფართს, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები; გ. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. კ-ას 7 წლის განმავლობაში მიტოვებული ჰქონდა სადავო ფართი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა დ შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ ნ. კ-ას და გ. ლ-ას გამოყოფილი ჰქონდათ საცხოვრებელი ბინა ქ.თბილისში, ქ-ის ქ.37-ში მდებარე N2 შენობაში, დასტურდებოდა ს.ფ. 134-ზე წარდგენილი სს ,,ენერგომშენკონსტრუქციის’’ 2011 წლის 16 აგვისტოს ცნობით. გარდა ამისა, ის გარემოება, რომ ნ. კ-ა 2003 წლიდან ცხოვრობდა ქ-ის ქ.N37-ში, სააქციო საზოგადოება ,,ენერგომშენკონსტრუქციის’’ კუთვნილ ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე დასტურდებოდა ს.ფ. 136-ზე წარდგენილი სს ,,ენერგომშენკონსტრუქციის’’ 2003 წლის 29 ოქტომბრის ცნობით. რაც შეეხებოდა აპელანტების მითითებას იმის თაობაზე, რომ ისინი სადავო ფართში რეგისტრირებულნი იყვნენ 2003 წლამდე და ფლობდნენ აღნიშნულ ფართს, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები, ასევე, ნ. კ-ას მიტოვებული ქონდა სადავო ფართი ბოლო 7 წლის განმავლობაში, აღნიშნული გარემოება საქმეში წარდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა და მას ვერც მოპასუხეები ადასტურებდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ. კ-ა წარმოადგენდა სადავო ფართის კეთილსინდისიერ მფლობელს, ვინაიდან, მას გამოყოფილი ჰქონდა აღნიშნული ფართი საცხოვრებელად, ჩასახლებული და რეგისტრირებული იყო სს ,,ენერგომშენკონსტრუქციის’’ კუთვნილ შენობაში როგორც ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 4 ივნისის ინფორმაციის თანახმად, ნ. კ-ა და გ. ლ-ა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულნი იყვნენ მისამართზე: ქ.თბილისი, ქ-ის ქ.N37, სს ,,ენერგომშენკონსტრუქციის“ კორპუსი N1, ბინა N4.

სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხეების მფლობელობის უფლების არსებობა სადავო ნივთზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ნივთის დაბრუნება ახალი მფლობელებისაგან.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ე., თ. და მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ ჩათვალა, იგი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე., თ. და მ. შ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება. ამავდროულად, კასატორები მოითხოვენ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების საოქმო განჩინებების გაუქმებას, რომლებითაც მათ უარი ეთქვათ შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვაზე.

საკასაციო საჩივარი არგუმენტირებულია შემდეგნაირად:

საქმეზე სადავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული ის, რომ თითქოს ვერ დასტურდებოდა 2003 წლამდე მოპასუხეების მიერ სადავო ფართის ფლობის და ნ. კ-ას მიერ ბოლო 7 წლის განმავლობაში ამ ფართის მიტოვების ფაქტები, მაშინ როდესაც არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა სათანადო უწყებებიდან იმ წერილობითი მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ, რომლებიც აღნიშნულს დაადასტურებდა. ასეთი წერილობითი მტკიცებულებების არსებობის პირობებში გაირკვეოდა, თუ რომელი მხარე ფლობდა კეთილსინდისიერად მითითებულ ფართს. ამასთან, თუკი სასამართლოები მოპასუხეებისაგან ითხოვდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესის დაცვას, იგივე მოთხოვნები უნდა გავრცელებულიყო მოწინააღმდეგე მხარის მიმართაც;

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხეები ფლობენ მოწინააღმდეგე მხარისათვის გამოყოფილ საცხოვრებელ ფართს. სააპელაციო სასამართლომ თავი აარიდა იმ საკითხზე მსჯელობას, რომ ოთახი #4 გამოყოფილია ნ. კ-ას მიმართ და ამ ოთახში მოპასუხეები არ ცხოვრობენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე., თ. და მ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე., თ. და მ. შ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ. კ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე., თ. და მ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: ე., თ. და მ. შ-ს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ. კ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 12, გადახდის თარიღი – 2012 წლის 24 სექტემბერი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე