№ას-1245-1174-2012 11 მარტი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ფ. მ-ე (დ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-სა და ნ. კ-ას უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“, ნ. კ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: დ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-სა და ნ. კ-ას სარჩელი მოპასუხეების – სს „ს. ბ-სა“ და ნ. კ-ას მიმართ, დაკმაყოფილდა:
1. ბათილად იქნა ცნობილი სს „ს. ბ-სა“ და ნ. კ-ას შორის 2007 წლის 27 ივნისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის საგნის – ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა-ი, ამჟამად, ქ.ბათუმში, ა. გ-ის №39-ის 4/5 ნაწილში და შესაბამისად, ც. გ-ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული დარჩა აღნიშნული უძრავი ქონებიდან 1/5 ნაწილი (მესაკუთრე ნ. კ-ა);
2. დ. კ-ას უარი ეთქვა მოპასუხე სს „ს. ბ-ის“ 50000 აშშ დოლარის დაკისრებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 50000 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დასახელებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ხოლო, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ა. დ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-სა და ნ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ბ. დ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. დ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-სა და ნ. კ-ას სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3641 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 27 ივნისს სს ,,ს. ბ-სა” და ც. გ-ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება – საკრედიტო ხაზით 100000 აშშ დოლარი, 240 თვით;
სს ,,ს. ბ-სა” და ნ. კ-ას შორის ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2007 წლის 27 ივნისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა-ი, ამჟამად ქ.ბათუმში, ა. გ-ის №39-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები ფართით 130.1კვ.მ);
სს ,,ს. ბ-ის” №33 ს/ც მენეჯერის, ე.ლ-ას 2012 წლის 28 თებერვლის 33/143 პასუხით - ადვოკატ მ.ა-ის 2012 წლის 30 იანვრის განცხადებაზე, ასევე დგინდება, რომ მოსარჩელე დ. კ-ას, მოპასუხე სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ ც. გ-ის სესხის დასაფარად გადახდილი აქვს 50000 აშშ დოლარი;
2007 წლის 25 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა-ი მდებარე მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების 130.1კვ.მ მესაკუთრე იყო ნ. კ-ა. თანამესაკუთრეებად ასევე დარეგისტრირებულნი იყვნენ ნ., მ., მ. და დ. კ-ი;
2010 წლის 30 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის (მიწის ფართობის დაზუსტებით) თანახმად, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა-ი მდებარე მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების 130.1კვმ-ის ფართობის მესაკუთრე იყო ნ. კ-ა, ხოლო თანამესაკუთრეებად დარეგისტრირებულნი იყვნენ ნ., მ., მ. და დ. კ-ი;
საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ნოტარიუსმა კანონის შესაბამისად გამოითხოვა უძრავი ქონების მოსარგებლეების ნ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-ას და დ. კ-ას თანხმობები, სადაც ისინი თანხმობას გამოხატავენ იმის თაობაზე, რომ ნ. კ-ამ ც. გ-ის მიერ სს ,,ს. ბ-ში" აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით – თავისი შეხედულებით დატვირთოს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა-ი მდებარე უძრავი ქონება. ისინი გაეცნენ შედგენილ დოკუმენტს და განაცხადეს, რომ ტექსტი ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას (ტომი1, ს.ფ. 22-25);
იპოთეკის ხელშეკრულება 2007 წლის 27 ივნისს სანოტარო წესით გაფორმდა ნოტარიუს ხ. კ-ის მიერ (რეესტრის №1-6098) და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ტომი 1, ს.ფ. 17-21). მოცემული ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მთლიანად უძრავი ქონება შემდეგი მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური 22, სექტორი კახაბერი, კოდი 05, დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის ფართობი 2500კვ.მ, მისამართი სოფელი ა-ა, განცხადების რეგისტრაციის თარიღი 2007 წლის 25 ივნისი;
სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 68-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. კ-ან ერთად თანამესაკუთრეებმაც გამოავლინეს ნება იპოთეკის ხელშეკრულების ზემომითითებული სახით დადებაზე. მათ იმთავითვე იცოდნენ, რომ კუთვნილ უძრავ ქონებას ტვირთავდნენ ც. გ-ის სესხის უზრუნველსაყოფად. როგორც ნ. კ-ას, ისე დანარჩენი მესაკუთრეების მიერ ნება გამოხატულ იქნა სწორედ იმ სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რაც დადგინდა იპოთეკის ხელშეკრულებით. თანამესაკუთრეთა მიერ ნების გამოვლენა მოხდა კანონით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ., მ., ნ. და დ. კ-ის მტკიცება იმის თაობაზე, რომ თითქოს ხსენებული თანხმობები მიმართული იყო მხოლოდ ნ. კ-ას წილის იპოთეკით დატვირთვისათვის, რადგან მათ მიერ მითითებული შინაარსით განმარტებული თანხმობები არანაირ ფაქტობრივ და სამართლებრივ აუცილებლობას არ წარმოადგენდა იპოთეკის ხელშეკრულებისათვის, მითუმეტეს, სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში ჩანდა, რომ მათ ცალსახად იცოდნენ სესხის ხელშეკრულებისა და კუთვნილი უძრავი ნივთის ღირებულების თაობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისად, იმპერატიულად არის დადგენილი, რომ იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია კი ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. სამოქალაქო კოდექსის 3111 მუხლი კი ადგენს, რომ ნივთსა და არამატერიალურ ქონებ-რივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება. გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ დასახელებული ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დროს არ ყოფილა დარღვეული კანონის არანაირი მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დანაწესიც, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. საქმეში არსებული მასალით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად ნოტარიუსმა გამოითხოვა უძრავი ქონების მოსარგებლეების ნ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-ას და დ. კ-ას თანხმობები, სადაც ისინი თანხმობას გამოხატავენ იმის თაობაზე, რომ ნ. კ-ამ ც. გ-ის მიერ სს ,,ს. ბ-ში" აღებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით – თავისი შეხედულებით დატვირთოს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ანგისაში მდებარე უძრავი ქონება. იპოთეკის ხელშეკრულება 2007 წლის 27 ივნისს გაფორმდა სანოტარო წესით, ნოტარიუს ხ. კ-ის მიერ, რეესტრის №1-6098 და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სწორედ გონივრული განსჯის შედეგად სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ც. გ-ის სესხის უზრულვესაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ., ნ., მ. და მ. კ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობდა დ. კ-ას მიერ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, ვინაიდან დადგინდა, რომ დ. კ-ამ ბ-ის მიმართ შეასრულა ც. გ-ის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის შესაბამისად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. სამოქალაქო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, თუ კრედიტორი მიმართავს იძულებით აღსრულებას მოვალის კუთვნილ ნივთზე, მაშინ ყოველი პირი, რომელსაც ექმნება საფრთხე, რომ იძულებითი აღსრულებით შეიძლება დაკარგოს უფლება ამ ნივთზე, უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი. როცა მესამე პირი დააკმაყოფილებს კრედიტორს, მაშინ მოთხოვნის უფლება გადადის ამ პირზე.
მითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, დ. კ-ას მიერ ბ-ის სასარგებლოდ გადახდილი 50000 აშშ დოლარი სრულად შეესაბამებოდა მის სამართლებრივ მდგომარეობას ზემოხსენებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოცემული დასკვნის გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 371-ე, 976-ე მუხლების დანაწესები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გააჩივრეს დ., მ., მ. და ნ. კ-მა. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება 2007 წლის 27 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში იპოთეკის საგნის 4/5 ნაწილზე, ამასთან, სს „ს. ბ-ს“ დ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრება უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხა – 50000 აშშ დოლარი.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რამდენადაც კასატორები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების პირობებზე რაიმე სახითა თუ ფორმით, ისინი საერთოდ არ წარმოადგენენ სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე მხარეებს. სააპელაციო სასამართლო არასწორად მიუთითებს იმაზე, რომ თანამესაკუთრეებმა გამოავლინეს ნება და მათი თანხმობები მიმართული იყო ქ.ბათუმში, ა. გ-ის №39-ში მდებარე ქონების იპოთეკით დასატვირთად. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხმობები გაცემული იყო მხოლოდ ნ. კ-ას სახელზე რეგისტრირებული ქონების იპოთეკით დასატვირთად. აღნიშნულს ადასტურებდა მხარეების და მათი წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები, კერძოდ, ისინი განმარტავდნენ, რომ მათ ნ. კ-ას თანხმობა მისცეს მარტოოდენ თანასაკუთრებაში არსებული ნ. კ-ას წილი ქონების დატვირთვაზე. შესაბამისად, კასატორთა ქონებას არან.დ არ ექმნებოდა საფრთხე და მათ არ შეიძლებოდა რაიმე სახით წარმოშობოდათ ვალდებულება სს „ს. ბ-ის“ მიმართ; საქმეში არ მოიპოვება არანაირი სახისა თუ ფორმის მინდობილობა ან რწმუნებულება, ამასთან, კასატორები ხელს არ აწერენ ხელშეკრულებას. შესაბამისად, ისინი არ გამოხატავენ ხელშეკრულების გაფორმების ნებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დ. კ-ამ საკუთარი სურვილით გადაიხადა 50000 აშშ დოლარი აწ გარდაცვლილი ც. გ-ის სესხის დასაფარად, მაგრამ მისი ასეთი სურვილის არსებობა არ დგინდება. უფრო მეტიც, როგორც დ. კ-ა აცხადებს, პრობლემური კრედიტის გაცემაზე მომსახურე ოფიცრები მას აშინებდნენ, რომ არ გაეყიდათ მისი და სხვა თანამესაკუთრეების წილი საცხოვრებელი სახლი. ამდენად, ხელშეკრულება არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით გაფორმებული, მესაკუთრეებს არ გამოუხატავთ მისი გაფორმების ნება. სააპელაციო სასამართლომ, მოწინააღმდეგე მხარისათვის დ. კ-ას სასარგებლოდ 50000 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 292-ე, 316-ე, 317-ე, 371-ე და 976-ე მუხლებზე, თუმცა ამ ნორმების გამოყენების ფაქტობრივი საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს;
ს. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით დ. კ-ას უფლებამონაცვლედ, სს „ს. ბ-ის“ მის სასარგებლოდ 50000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, საქმეში ჩაბმულ იქნა ფ. მ-ე. ამავე სასამართლოს 2012 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ფ. მ-ე საქმეში ჩაება აგრეთვე დ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-სა და ნ. კ-ას უფლებამონაცვლედ, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-სა და ნ. კ-ას უფლებამონაცვლე ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ს. უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-სა და ნ. კ-ას უფლებამონაცვლე ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორის უფლებამონაცვლე ფ. მ-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 6000 ლარი, მათ შორის, 2012 წლია 16 აგვისტოს ვ. ლ-ას მიერ გადახდილი 300 ლარი და 2012 წლის 20 ნოემბერს შპს „მ-ე და კომპანიის“ მიერ გადახდილი 5700 ლარი) 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-სა და ნ. კ-ას უფლებამონაცვლე ფ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორების: დ. კ-ას, მ. კ-ას, მ. კ-სა და ნ. კ-ას უფლებამონაცვლე ფ. მ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 6000 ლარი, მათ შორის, 2012 წლის 16 აგვისტოს ვ. ლ-ას მიერ გადახდილი 300 ლარი და 2012 წლის 20 ნოემბერს შპს „მ-ე და კომპანიის“ მიერ გადახდილი 5700 ლარი) 70% – 4200 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე