Facebook Twitter

№ას-1248-1177-2012 11 მარტი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ., რ., ა. ი-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 12 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ., რ. და ა. ი-მა მოპასუხე თ. გ-ის მიმართ და მოითხოვეს 2011 წლის 7 ივლისს ო. ი-ის მიერ ხელმოწერილი შინაურული ანდერძის ბათილად ცნობა.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, სადავო შინაურული ანდერძი თავისი ფორმის მიხედვით არ წარმოშობდა იურიდიულ შედეგებს და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. კერძოდ, შინაურული ანდერძი არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმას. შესაბამისად, მას ვერ მიენიჭებოდა სამართლებრივი მნიშვნელობა, ანდერძში გამოვლენილი ნება (ხელნაწერი) შესრულებული არ იყო მოანდერძის ხელით, ხოლო მხოლოდ მისი ხელმოწერა საკმარისი არ იყო კანონმდებლობით განსაზღვრული შინაურული ანდერძის ნამდვილობისათვის. ხსენებული ანდერძის შედგენის ფაქტი არ დასტურდებოდა სპეციალურად მოწვეული ან სხვა დამსწრე პირების მონაწილეობით, რაც ცხადყოფდა იმას, რომ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ როგორც აღმოჩნდა, მოპასუხე, რომელიც მუდმივად იმყოფებოდა მოანდერძის გვერდით, თავად ინახავდა ანდერძს, დუმდა და მას საერთოდ არაფერი უთქვამს მოანდერძის სიცოცხლეში აღნიშნულთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უშვებდა ანდერძის გაყალბების შესაძლებლობას. მოსარჩელეთა ვარაუდით, საეჭვო იყო ისიც, რომ სადავო ანდერძზე ხელმოწერა შესრულებული იყო არა კალმისტრით, არამედ შავი ფერის საღებავის ტიპის კალმით (ტომი 1, ს.ფ. 1-12).

მოპასუხე თ. გ-მა სარჩელი არ ცნო და მის მიერ წარდგენილ შესაგებელში განმარტა შემდეგი:

ო. ი-ის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მოანდერძის ქონებას კანონისმიერი მემკვიდრეების გარდა, ჰყავდა ასევე ანდერძისმიერი მემკვიდრეები: თ. გ-ი, სამხატვრო სკოლა, ეკლესია, ი. ღ-ი, თ. კ-ე და საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო. მოანდერძე სიცოცხლის ბოლომდე საღად აზროვნებდა და ყველა მოვლენისადმი ადეკვატური იყო. ამის შესახებ ჟურნალ-გაზეთებსა და ინტერნეტ-საიტებზე უამრავი სტატია დაიწერა, კერძოდ, ჟურნალისტები მიუთითებდნენ, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი, ო. ი-ი საღად აზროვნებდა, იძლეოდა ზუსტ და მკაფიო პასუხებს. ამდენად, მის მიერ დაწერილი ანდერძი წარმოადგენდა სწორედ მისი ნების გამოვლინებას, რაც აღსასრულებლად სავალდებულო იყო. შესაგებლის ავტორმა მიიჩნია, რომ საქმეში მოპასუხე მხარედ უნდა ჩაბმულიყო ანდერძში მოხსენიებული ყველა ანდერძისმიერი მემკვიდრე (ტომი 1, ს.ფ. 56-64).

2012 წლის 23 იანვარს, იმავე სასამართლოში მოსარჩელეებმა წარადგინეს დაზუსტებული სარჩელი, სადაც მოპასუხედ თ. გ-ან ერთად დაასახელეს თ. კ-ე. მათვე სარჩელის მოთხოვნა შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს: ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 3 ივნისით და 2011 წლის 7 ივლისით დათარიღებული, ო. ი-ის მიერ ხელმოწერილი ანდერძები. მოსარჩელეებმა დაზუსტებულ სარჩელში აღნიშნეს, რომ ითხოვდნენ საქმის წარმოების გაგრძელებას ანდერძში მოხსენიებული პირების (მუზეუმი, ი. ღ-ი, სამხატვრო სკოლა, ეკლესია) საქმეში მოპასუხეებად ჩაბმის გარეშე. აღნიშნული მათ იმით დაასაბუთეს, რომ მითითებული სუბიექტები ანდერძების ტექსტების მიხედვით არ წარმოადგენდნენ ანდერძისმიერ მემკვიდრეებს, არამედ სამოქალაქო კოდექსის 1383-1384-ე მუხლების თანახმად, ისინი შეიძლება განხილულიყვნენ საანდერძო დანაკისრის მიმღებ პირებად (ლეგატარებად) (ტომი 1, ს.ფ. 99-109).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ., რ. და ა. ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 3 ივნისს ო. ი-ის მიერ ხელმოწერილი ანდერძი თ. გ-ის მიმართ გაცემული შემდეგი საანდერძო განკარგულების ნაწილში – „... ლიბერთი ბანკის ბარათი კოდით (გ. ი-ი, ა-ე) მთლიანი თანხა თ. გ-ს...“, „...წიგნების შედგენის და გამოცემის უფლება (საავტორო უფლებები) თ. გ-ს. მან კარგად იცის როგორ შეადგინოს...“;

ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 3 ივნისს ო. ი-ის მიერ ხელმოწერილი ანდერძი თ. კ-ის მიმართ გაცემული შემდეგი საანდერძო განკარგულების ნაწილში – „... მანქანა ვოლვო თ. არ წამოიყვანოთ, მასვე – თ. კ-ეს გადაეცეს ტოიოტას ჯიპი...“;

ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 7 ივლისს ო. ი-ის მიერ ხელმოწერილი ანდერძი თ. გ-ის მიმართ გაცემული შემდეგი საანდერძო განკარგულების ნაწილში: – „... ლიბერთი ბანკის ბარათი კოდით (გ. ი-ი, ა-ე) მთლიანი თანხა თ. გ-ს...“, „წიგნების შედგენის და გამოცემის უფლება (საავტორო უფლებები) თ. გ-ს. მან კარგად იცის როგორ შეადგინოს...“;

ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 7 ივლისს ო. ი-ის მიერ ხელმოწერილი ანდერძი თ. კ-ის მიმართ გაცემული შემდეგი საანდერძო განკარგულების ნაწილში: „... მანქანა ვოლვო თ. არ წამოიყვანოთ, მასვე – თ. კ-ეს გადაეცეს ტოიოტას ჯიპი...“.

დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამავე გადაწყვეტილებით თ. გ-ს და თ. კ-ეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანაბრად დაეკისრათ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურეობისათვის გადახდილი თანხა 300 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 201-204).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა დასახელებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ამავდროულად, აპელანტმა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის საოქმო განჩინებების გაუქმება, რომლებითაც მას უარი ეთქვა მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულების საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე (ტომი 1, ს.ფ. 213-225).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

... წლის ... ივლისს გარდაიცვალა ო. ი-ი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც გაიხსნა სამკვიდრო ო. ი-ის დანაშთ ქონებაზე;

ო. ი-ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები – მ., რ. და ა. ი-ი;

2011 წლის 3 ივნისს და იმავე წლის 7 ივლისს, ო. ი-ის მიერ ხელმოწერილ იქნა შემდეგი შინაარსის ანდერძები:

- ვუბარებ თ. (თ. გ-ს) ჩემი გარდაცვალების მერე სახლი გადასცეს მუზეუმს;

- საქართველოს ბანკის ბარათი კოდით (გ. ჩ-ე) მთლიანი თანხა მონაგარს;

- ლიბერთი ბანკის ბარათი კოდით (გ.ი-ი, ა-ე) მთლიანი თანხა თ. გ-ს;

- ქართუ ბანკიდან თ. გ-მა გამოიტანოს მთლიანი თანხა და მიუტანოს ი. ღ-ს (ბანკი საქმის კურსშია);

- წიგნების შედგენისა და გამოცემის უფლება (საავტორო უფლებები) თ. გ-ს. მან კარგად იცის როგორ შეადგინოს;

- სამხატვრო სკოლას (ჯიბუტი) 1000 ლ. ეკლესიას, მამა ელიოზს არ მისცე, 8000 ლ. სულ 9000 ლარი გაისტუმროს თ.;

- დამასაფლავეთ ჩემს ეზოში, აივნის ქვეშ, ზუსტ ადგილს მიგასწავლით თ. გ-ი და ხარჯებსაც თვითონ გაიღებს, გამოიტანს ბარათით;

- მანქანა ვოლვო თ. არ წამოიყვანოთ. მასვე – თ. კ-ეს გადაეცეს ტოიოტას ჯიპი;

2011 წლის 3 ივნისს და იმავე წლის 7 ივლისს შედგენილ ანდერძებზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნის ო. ი-ს;

2011 წლის3 ივნისს შედგენილი ანდერძის შინაარსი არ არის დაწერილი ო. ი-ის ხელით;

2011 წლის 7 ივლისის ანდერძი შედგენილია ტექნიკური საშუალების გამოყენებით;

ტექნიკური საშუალების გამოყენებით ანდერძის შედგენა და მასზე მოანდერძის მიერ ხელის მოწერა არ მომხდარა მოწმეთა თანდასწრებით;

2011 წლის 3 ივნისს და იმავე წლის 7 ივლისს შედგენილი ანდერძები ინახებოდა თ. გ-ან;

უცნობი იყო, თუ ვინ შეადგინა სადავო ანდერძების შინაარსი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1403-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1344-ე, 1345, 1364-ე მუხლებზე, 1365-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1366-ე მუხლზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმების თანახმად, გარანტირებულია პირის უფლება, საკუთარი სურვილისა და მიხედულების შესაბამისად განკარგოს ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება. ანდერძი სწორედ ამგვარი თავისუფალი ნების გამომვლენი განკარგულებაა. იგი ცალმხრივი გარიგებაა და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მოანდერძის გარდაცვალებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობით მკაცრად არის გაწერილი ანდერძის შედგენის წესი. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ის პირი, რომლის ნებაც ანდერძშია გამოხატული იმ დროს, როცა ანდერძი ძალას იძენს, ცოცხალი აღარ არის. ეს კი ართულებს მისი ნების ნამდვილობის დადგენას.

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 3 ივნისს შედგენილი ანდერძი არ იყო დაწერილი მოანდერძის – ო. ი-ის მიერ. შესაბამისად, დარღვეული იყო სამოქალაქო კოდექსის 1364-ე მუხლის მოთხოვნა – მოანდერძეს შეუძლია თავისი ხელით დაწეროს ანდერძი და ხელი მოაწეროს მას. კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო შედგენილი ასევე 2011 წლის 7 ივლისის ანდერძიც, ვინაიდან, მის შედგენას და მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერას არ დასწრებიან მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ ანდერძი შედგენილი იყო მათი თანდასწრებით ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ანდერძის შედგენის წესის დარღვევის გარდა დაირღვა მათი შენახვის კანონით დადგენილი წესიც, რადგან ანდერძი არ ინახებოდა სამოქალაქო კოდექსის 1365-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ანდერძები არ შედგენილა კანონით დადგენილი წესით და მოანდერძის მიერ ნების გამოვლენა ვერ ჩაითვლებოდა ნამდვილად, შესაბამისად, თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაუკმაყოფილებლობას, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 110-121).

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრით კასატორი მოითხოვს: 1. გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის საოქმო განჩინების გაუქმებაზე და მოწმის სახით დაიკითხონ ზემომითითებული პირები; 2. გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 ივნისის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა მტკიცებულების დართვაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის საოქმო განჩინების გაუქმებაზე და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები დაერთოს საქმეს; 3. გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 ივნისის განჩინება, რომლითაც მას უარი ეთქვა საქმეში მესამე პირებად ი. ღ-ის, სამხატვრო სკოლის, ეკლესიის (კერძოდ, საპატრიარქოს) და სახელმწიფოს (ეკონომიკის სამინისტროს) ჩართვაზე და დასახელებული პირები საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირების სტატუსით.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

გაურკვეველია სასამართლოს მიერ დავის იმგვარად გადაწყვეტა, რომ სადავო ანდერძები გაუქმდა მხოლოდ იმ ნაწილებში, რომლებიც შეეხება მოანდერძის წიგნების გამოცემაზე თ. გ-ის საავტორო უფლებების მინიჭებას და მისავე უფლებებს „ლიბერთი ბანკის“ საკრედიტო ბარათთან მიმართებით. რაც შეეხება ანდერძის დანარჩენ ნაწილებს, კერძოდ, რომლითაც თ. გ-ს ო.ი-ის მიერ დაევალა მთელი რიგი მოქმედებების განხორციელება, ისინი ძალაში დარჩა, მათ შორის, რამდენიმე მოქმედება კასატორმა უკვე ჯეროვნად შეასრულა, რამდენიმე კი, ანდერძის ნაწილობრივ გაუქმების მიუხედავად მას შესასრულებელი დარჩა;

ანდერძი დადასტურებულია მოანდერძის მიერ ვიდეო ჩანაწერითაც, რაც სასამართლომ არ გამოიკვლია. ანდერძის ნამდვილობისას მოანდერძის ნება განხილულ უნდა იქნეს და უნდა შეფასდეს სწორედ ამ ვიდეო-ჩანაწერთან შესაბამისობაში;

მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო მოანდერძის ნების ნამდვილობა, მოცემულ შემთხვევაში ანდერძები ნაწილობრივ გაუქმდა მხოლოდ პროცედურული დარღვევების გამო, რაც ეწინააღმდეგება ამ დრომდე არსებულ სასამართლო პრაქტიკას; სამოქალაქო კოდექსის 1403-ე მუხლის მიხედვით, ანდერძი შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით, ასევე ისეთ მდგომარეობაში, როცა პირს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი. ანდერძის ბათილობისას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მამკვიდრებლის ნების ნამდვილობას და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახეზეა რაიმე სახის პროცედურული დარღვევა, აღნიშნული საფუძვლად ვერ დაედება ანდერძის ბათილობას. კასატორის მითითებით, 2011 წლის 3 ივნისის ანდერძის არსებობას ადასტურებს საქმეზე მის მიერ წარდგენილი დისკი, სადაც 2011 წლის 16 ივნისს (თავის დაბადების დღეზე) ო. ი-ი მუზეუმის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს უცხადებს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ქონება უნდა გადაეცეს მუზეუმს, ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ანდერძი არსებობს და იგი უნდა აღსრულდეს. ამდენად, ანდერძში ნების გამოხატვას მოანდერძე ადასტურებს თავისივე განცხადებით;

სასამართლოებმა საქმე განიხილეს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. მათ იმსჯელეს და გამოიტანეს გადაწყვეტილება საქმის განხილვაში საპატრიარქოსა და სამხატვრო სკოლის მიწვევაზე, თუმცა ისინი საქმეში მხარეებად არ ჩააბეს; კასატორმა შესაგებლის შეტანისას დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვა იმ მოწმეების დაკითხვა, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ანდერძებში ო. ი-ის ნების არსებობას. სასამართლომ ხსენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ თითქოს ხსენებული საკითხის დადგენის საჭიროება არ არსებობდა. სასამართლოს მითითებული მსჯელობა კანონსაწინააღმდეგოა;

ის გარემოება, რომ მოანდერძეს თ. გ-ის მიმართ გააჩნდა მადლიერების გრძნობა, ნათლად დასტურდება მოანდერძის წიგნზე არსებული მინაწერებით. ამიტომ, თანადგომის და ერთგულების ნიშნად, ო. ი-მა კასატორი თავის ანდერძში მოიხსენია მემკვიდრედ და მასვე დაავალა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება მისი გარდაცვალების შემდგომ. მოანდერძე სიცოცხლის ბოლომდე ჯანსაღად აზროვნებდა და თავის ნებას ჯანსაღად გამოხატავდა. ამის გამოხატულებას წარმოადგენს მის მიერ შედგენილი ორი ანდერძი, რომლებიც თარიღდება 2011 წლის 3 ივნისითა და 2011 წლის 7 ივლისით; საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად გაურკვეველია, თუ როგორ უნდა შეასრულოს თ. გ-მა საანდერძო განკარგულება, ან, რა ბედი უნდა ეწიოს მის მიერ უკვე შესრულებულ დანაკისრებს;

კანონსაწინააღმდეგოა სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც მოპასუხეებს – თ. გ-სა და თ. კე-ეს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელეების მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 300 ლარის ოდენობით, ვინაიდან საქმეზე არ არის წარდგენილი მტკიცებულება აღნიშნული თანხის ადვოკატისათვის გადახდის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 127-140).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ქ. უ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ თ. გ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ქ.უ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 2 ოქტომბერი, საგადახდო დავალება №...) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე