№ას-125-119-2013 25 მარტი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. ფ-ი, თ. ფ-ი, მ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასსამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, აუცილებელი გზა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით:
1. ნ. ფ-ის სარჩელი მოპასუხე გ. გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა: ა. გ. გ-ს დაევალა გორის რაიონის სოფელ ხ-ი მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან ღობის აშლა და პირანდელი მდგომარეობის აღდგენა; ბ. ნ. ფ-ს მიეცა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება;
2. გ. გ-ის სარჩელი ნ. ფ-ის მიმართ საკუთრების უკანონო სარგებლობისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა: გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ნ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდებოდა ნაწილობრივ, მას მიეცემოდა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება გ. გ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის 1.4 მეტრზე, შესაბამისად, ნ. ფ-ის მიწის ნაკვეთიდან საჯარო გზამდე მისასვლელი 1.6 მეტრი სიგანის მქონე გზა გაიზრდებოდა 3 მეტრამდე გ. გ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის 1.4 მეტრის ხარჯზე. ამასთან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდებოდა გ. გ-ის შეგებებული სარჩელი და ნ. ფ-ს აეკრძალებოდა აუცილებელი გზის გარდა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სხვა ნაწილით უკანონო სარგებლობა, უკანონო ხელშეშლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
ნ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მიეცა აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება გ. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის 1.4 მეტრზე, შესაბამისად, ნ. ფ-ის მიწის ნაკვეთიდან საჯარო გზამდე მისასვლელი 1.6 მეტრი სიგანის მქონე გზა გაიზარდა 3 მეტრამდე გ. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ხარჯზე. გარდა ამისა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. გ-ის შეგებებული სარჩელი და ნ. ფ-ს აეკრძალა აუცილებელი გზის გარდა გ. გ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სხვა ნაწილით უკანონო სარგებლობა და უკანონო ხელშეშლა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ნ. ფ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ნ. ფ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ნ., თ. ფ-მა და მ. თ-მა. კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველდ დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად, ხოლო თ. ფ-სა და მ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ფ-სა და მ. თ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. აღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს პირი, რომლის უფლება-მოვალეობებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, ასეთს განეკუთვნება როგორც მხარე, ისე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირი.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ფ-ი და მ. თ-ი საკასაციო საჩივრით ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ისევე როგორც მისი უცვლელად დატოვების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს განჩინების მხარეებს წარმოადგენენ გ. გ-ი (აპელანტი) და ნ. ფ-ი (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე). სწორედ მათი უფლება-მოვალეობები განისაზღვრა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით. რაც შეეხება თ. ფ-სა და მ. თ-ს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ განსაზღვრულა მათი უფლება-მოვალეობები რომელიმე მხარის მიმართ, შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტებს, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც ამავე კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების საფუძველზე გამოიყენება საკასაციო საჩივრის განხილვისას და განმარტავს, რომ თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. კანონის დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დატოვოს საკასაციო საჩივარი განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თ. ფ-სა და მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ პასუხობს დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას - საჩივარი შეტანილია იმ პირების მიერ, რომლებიც არ წარმოადგენენ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტებს, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნეს ცნობილი;
2. საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს ზეპირი განხილვის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს კანონით დადგენილი წესით;
3. თ. ფ-სა და მ. თ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე