Facebook Twitter

საქმე №ას-1326-1252-2012 25 მარტი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ.შ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და ქორწილზე საჩუქრად მიღებული ძვირფასეულობის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ.შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.კ-ის მიმართ ქორწილზე საჩუქრად მიღებული ძვირფასეულობის: 1200 ლარად ღირებული თეთრი ოქროთი და ბაჯაღლოთი მოპირკეთებული ბრილიანტისთვლიანი სამეულის, 900 ლარად ღირებული ჯაჭვისებრი ქსოვის ოქროს „ცეფის“, 350 ლარად ღირებული სამთვლიანი ძველებური ბრილიანტის ბეჭდისა და 150 ლარად ღირებული მარგალიტისთვლიანი ოქროს ბეჭდის გამოთხოვის, ასევე ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების: 1700 ლარად ღირებული „ჰიტაჩის“ მარკის მაცივრისა და 800 ლარად ღირებული „LG-ის“ სარეცხი მანქანის თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე და მოპასუხე 2011 წლის 11 ივნისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მოპასუხემ თ.შ-ეს ქორწილზე საჩუქრად გადასცა სარჩელით მოთხოვნილი ძვირფასეულობა, თუმცა ეს ნივთები იმყოფება ლ.კ-ან, რომელიც უარს აცხადებს მათ დაბრუნებაზე, ამასთან, თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეებმა შეიძინეს საოჯახო ტექნიკა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1165-ე მუხლების შესაბამისად, მათ თანასაკუთრებას წარმოადგენს და მოსარჩელეს კუთვნილი წილის მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მხარეები განქორწინდნენ თანაცხოვრების პერიოდში არსებული ხშირი უთანხმოების გამო, მოსარჩელემ კუთვნილი ძვირფასეულობა წაიღო და ეს ძვირფასეულობა მოპასუხესთან არ იმყოფება, მან ასევე წაიღო ლ.კ-ის ძმის სახელზე რიცხული მობილური ტელეფონი და მოპასუხის საქორწინო ბეჭედი, რომელიც ქორწილზე საჩუქრად მიიღო თ.შ-ან, რაც შეეხება მაცივარს, აღნიშნული ნივთი შეიძინა ინდ.მეწარმე „დ. შ-ემ“ 2012 წლის 10 თებერვალს, ხოლო სარეცხი მანქანა მხარეთა ქორწინებამდე დიდი ხნით ადრეა შეძენილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით თ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძვირფასეულობის დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით თ.შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით თ.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელეს დაუბრუნდა შემდეგი ღირებულების ოქროს ნივთები:1200 ლარად ღირებული თეთრი ოქროთი და ბაჯაღლოთი მოპირკეთებული ბრილიანტის სამეული, 900 ლარად ღირებული ოქროს „ცეფი“ ჯაჭვისებრი ქსოვით, 350 ლარად ღირებული ძველებური ბრილიანტის ბეჭედი 3 თვლით, 150 ლარად ღირებული მარგალიტისთვლიანი ოქროს ბეჭედი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.შ-ე და ლ.კ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2011 წლის 16 ივნისიდან. ქორწინების პერიოდში თ.შ-ეს ლ.კ-ის ოჯახის წევრებმა აჩუქეს შემდეგი ღირებულების ოქროს ნივთები:1200 ლარად ღირებული თეთრი ოქროთი და ბაჯაღლოთი მოპირკეთებული ბრილიანტის სამეული, 900 ლარად ღირებული ოქროს „ცეფი“ ჯაჭვისებრი ქსოვით, 350 ლარად ღირებული ძველებური ბრილიანტის ბეჭედი 3 თვლით, 150 ლარად ღირებული მარგალიტისთვლიანი ოქროს ბეჭედი. პალატა არ დაეთანხმა მოწინააღმდეგ მხარის პოზიციას, რომ აღნიშნული ოქროს ნივთები თ.შ-ეს მეუღლის ოჯახმა ათხოვა - რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა ლ.კ-ის ოჯახის წევრმა, დედამ, დ.კ-ემ აღნიშნა, რომ მან სარჩელში მითითებული ოქროს ნივთები აჩუქა რძალს, თ.შ-ეს, მაგრამ სახლიდან წასვლისას თ.შ-ემ ეს ნივთები წაიღო. პალატამ მიუთითა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკითხული მოწმის - დ. შ-ის ჩვენებაზე, სადაც მოწმემ დაადასტურა, რომ თ.შ-ეს მეუღლის ოჯახიდან წასვლისას ოქროს ნივთები არ კეთებია, ანუ მამისეულ სახლში მისვლისას მას სადავო ოქროს ნივთები თან არ ჰქონდა. იგივე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა: თ. ა-ამ და ლ. მ-ემ, მათი განმარტებით, სადავო ნივთები მოსარჩელეს მეუღლის სახლიდან წამოსვლისას არ წამოუღია. არ იქნა გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია სადავო ოქროს ნივთების ხარისხსა და ღირებულებასთან დაკავშირებით, რადგანაც თავისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, (მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ოქროს ნივთები არ წარმოადგენდნენ ბრილიანტის თვლიანს, რომ მათი ღირებულება გაზრდილი იყო), ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით (მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები) სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ და დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მითითება სადავო ნივთების აღწერილობისა და შეფასების თაობაზე.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების ნივთები, ხოლო იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ოქროს ნივთები თ.შ-ემ დაქორწინებისას საჩუქრად მიიღო, სწორედ მოსარჩელის საკუთრების ობიექტს წარმოადგენდა. პალატამ ასევე მიუთითა უდავოდ დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ ნიშნობის შემდგომ მხარეთა შორის ქორწინება შედგა და გარკვეული პერიოდი ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების გზით, სასამართლომ ჩათვალა, რომ ოქროს ნივთები, ძვირფასეულობა, რომელიც თ.შ-ეს გადასცეს მეუღლის ოჯახმა და ნათესავებმა, იმყოფებდა მოპასუხესთან და ეს ნივთები გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო მოპასუხის მფლობელობიდან, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი და 172-ე მუხლის პირველი ნაწილისა. სასამართლოს განმარტებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. დადასტურებულად იქნა რა მიჩნეული, რომ ჩუქების გზით თ.შ-ე ოქროს ნივთების მესაკუთრე იყო, რომლებიც მის მფლობელობაში არ იმყოფებოდა, თ.შ-ის კუთვნილი ქონების მფლობელი მოპასუხე იყო, შესაბამისად, არსებობდა ყველა პირობა თ.შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ.კ-ის უკანონო მფლობელობიდან უნდა გამოთხოვილიყო და მოსარჩელეს დაბრუნებოდა სარჩელში მითითებული ღირებულების მქონე ოქროს ნივთები.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ.შ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება) შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა მოწმეების: ლ. მ-სა და დ. შ-ის ჩვენებები, არასწორად გამოიყენა მტკიცებულებად მოწმე დ. შ-ის ჩვენება. მოწმე ლ. მ-ემ დაადასტურა, რომ თ.შ-ან იყო მისთვის ცნობილი ზოგიერთი ოქროს ნივთის მოპასუხისაგან წამოღების თაობაზე, აღნიშნულით სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 170-ე, 172-ე და 1158-ე მუხლები. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის - ლ. მ-ის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ მოსარჩელემ ნებაყოფლობით დატოვა მოპასუხის სახლი, შესაბამისად, მოსარჩელე ნივთებს, რომელსაც ატარებდა და რომელთა დაბრუნებაზეც დავობს, არ დატოვებდა მოპასუხესთან, თ.შ-ე ნებაყოფლობითვე დათანხმდა ლ.კ-ეს განქორწინებაზე. საქალაქო სასამართლოში დაკითხული მოწმეების ჩვენებების გაუთვალისწინებლობით სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. პალატამ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ განქორწინების გამო მხარეები არსებული მდგომარეობით რეგისტრირებულ ქორწინებაში აღარ იმყოფებიან. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოქროს ნივთები მას აჩუქეს მოპასუხის ოჯახის წევრებმა და გადაწყვეტილების 4.8 პუნქტით არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობა ამ ნივთების თხოვების თაობაზე, სასამართლომ მითითებული მსჯელობა დაამყარა მოწმე დ. კ-ის ჩვენებაზე, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა მან თავისთვის შეიძინა ბაზრობაზე. პალატამ ასევე არასწორად განსაზღვრა სადავო ძვირფასეულობის ფასი, ხარისხი, წონა, რადგანაც გადაწყვეტილებით არ ირკვევა თუ რა მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო ამ მიმართებით. საყურადღებოა, რომ მოწმე დ. შ-ე ლ.კ-ის სახლში არ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც მოსარჩელემ დატოვა მოპასუხის სახლი, ხოლო მოწმე ლ. მ-ემ აღნიშნა, რომ თ.შ-ის გადმოცემით, მან ლ.კ-ის სახლიდან წამოსვლისას თან წამოიღო ზოგიერთი ოქროს ნივთი, აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმე დ.კ-ე, ამ თვალსაზრისით, გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მოწმე დ. შ-ის ჩვენებასთან მიმართებაში, რომელიც სადავო პერიოდში ლ.კ-ის სახლში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, ამ უკანასკნელის ჩვენებით ვერ დადასტურდება მოსარჩელის მითითება მოპასუხისაგან ოქროს ნივთების წაუღებლობის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ლ.კ-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება და თვლის, რომ ლ.კ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის დასაბუთებული პრეტენზიის არსებობა განაპირობებს სასამართლოს ვალდებულებას, დადგენილი გარემოებების სისწორე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეაფასოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ გარემოების თაობაზე, რომ თ.შ-ე და ლ.კ-ე 2011 წლის 16 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

დადგენილია, რომ სარჩელით მოთხოვნილი ოქროს ნივთები თ.შ-ეს მეუღლის ოჯახმა ქორწინებამდე საჩუქრის სახით გადასცა.

ამ მიმართებით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ლ.კ-ის მოსაზრებას, რომ სადავო ნივთები მოსარჩელეს საჩუქრად არ გადასცემია და რომ ეს ნივთები დ. კ-ემ თავისთვის შეიძინა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30 აპრილის სხდომის ოქმზე, სადაც მოპასუხის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე დ. კ-ემ დაადასტურა მის მიერ თ.შ-ის თანხის ქორწილამდე ჩუქების ფაქტი, რომლითაც სადავო ოქროს ნივთები იქნა შეძენილი, ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქორწინება შედგა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას სადავო ნივთების თ.შ-ის საჩუქრად გადაცემის თაობაზე და მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით მოწესრიგებულ ფარგლებში, მოსარჩელე საჩუქრად მიღებული იმ ოქროს ნივთების მესაკუთრეა, რომელთა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასაც ის მოითხოვს.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ნივთების გამოთხოვაა.

პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი ინტერპრეტაციის გზით მართებულად აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის სამივე საფუძვლის დამტკიცების მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა რა თ.შ-ის სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ოქროს ნივთების გამოთხოვის თაობაზე, სასამართლომ ლ.კ-ის მიერ სადავო ნივთების ფლობის ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების: ლ.მ-ის, თ.ა-სა და დ.შ-ის ჩვენებებზე დაყრდნობით. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და თვლის, რომ მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის ნაწილში სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

კანონმდებელი მოწმის ჩვენებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მართალია, ერთ-ერთ დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების შესწავლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არც ერთი მათგანი არ შესწრებია ლ.კ-ის სახლიდან მოსარჩელის წამოსვლას, მათი განმარტებით, ოქროს ნივთების მოპასუხესთან არსებობის ფაქტის თაობაზე შეიტყვეს უშუალოდ თ.შ-ან. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმე დ. შ-ემ, რომლის ჩვენებასაც არსებითად დაეყრდნო სასამართლო, განმარტა, რომ ის მამისეულ სახლში დაბრუნებისას შინ დახვდა თ., რომელსაც სადავო ოქროს ნივთები არ კეთებია, ხოლო მეუღლის სახლიდან წამოსვლის ფაქტს არც ეს მოწმე შესწრებია (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის სხდომის ოქმი 11:29:46, 11:30:25).

სადავო ნივთების ფლობის ფაქტის კვლევისას სასამართლოს ერთობლიობაში ასევე არ შეუფასებია მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმის - დ.კ-სა და მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმის - ლ. მ-ის ჩვენებები, რომელთაგან ერთმა (დ.კ-ემ) განმარტა, რომ თ.შ-ემ სადავო ნივთები მეუღლის ოჯახიდან წასვლისას თან წაიღო, მოგვიანებით კი, თ. სხვა ნივთები მის ნათესავებს გაატანა (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი 13:51:39, 13:57:11), ხოლო ლ. მ-ის განმარტებით, მან თ. იცის, რომ ოქროს ნივთების ნაწილი, რაც მხარეებმა გაიყვეს, თ. წამოიღო, რომელთა ზუსტი ჩამონათვალი არ იცის (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი 13:44:59).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი. ამ მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულად და უტყუარად არ გამოუკვლევია მოწმეთა ჩვენებები და ლ.კ-ის მიერ ნივთის ფლობის ფაქტის უტყუარად დადგენის მიზნით, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე სადავო ოქროს ნივთების ფიზიკურ მახასიათებლებზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და მისი იმიციატივით დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ნივთები ხარისხისა და ღირებულების გათვალისწინებით შეესაბამებოდა სარჩელში არსებულ ჩამონათვალს, კერძოდ, ეს ნივთები იყო: 1200 ლარად ღირებული თეთრი ოქროთი და ბაჯაღლოთი მოპირკეთებული ბრილიანტისთვლიანი სამეული, 900 ლარად ღირებული ჯაჭვისებრი ქსოვის ოქროს „ცეფი“, 350 ლარად ღირებული სამთვლიანი ბრილიანტის ძველებური ბეჭედი და 150 ლარად ღირებული მარგალიტისთვლიანი ოქროს ბეჭედი, საწინააღმდეგო ვითარების მტკიცების ტვირთი კი მოწინააღმდეგე მხარეს დააკისრა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ დასკვნას და თვლის, რომ სასამართლომ, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საწინააღმდეგოდ, მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, ხოლო, მეორე მხრივ, ნივთების ფიზიკური მახასიათებლები მტკიცებულებათა არასრულ გამოკვლევაზე დაამყარა, კერძოდ, მოსარჩელემ ზემოაღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით წარმოადგინა ფოტოსურათები და მოწმეთა ჩვენებები. ფოტოსურათები რაიმე მითითებას ნივთების ხარისხთან დაკავშირებით არ შეიცავს, ხოლო მოწმეთა განმარტებით, ოქროს ნივთების ხარისხი და ღირებულება მათ მოსარჩელისგან იციან, ისე, რომ სპეციალური ცოდნა ამ მახასიათებლების განსაზღვრისათვის არ გააჩნიათ, თ.შ-ეს სხვა, მეტად სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა, კანონი მოსარჩელეს მის მიერ სარჩელში მითითებული და მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დამტკიცების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს. ამ მიმართებით საინტერესოა ასევე მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმის - დ. კ-ის ჩვენება, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე სადავო ნივთების ჩუქების ფაქტთან ერთად განსაზღვრა ამ ნივთების მახასიათებლები და მათი სავარაუდო ღირებულება (იხ. 2012 წლის 30 აპრილის სხდომის ოქმი 13:53:52, 13:57:11), ხოლო სასამართლოს ეს უკანასკნელი მტკიცებულება, მათ შორის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის კონტექსტში, არ შეუფასებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ხოლო მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევის გზით არ არის დადგენილი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება წინამდებარე დავაზე, შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის გზით უნდა დაადასტუროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთების მფლობელს წარმოადგენს თუ არა ლ.კ-ე, დადებით შემთხვევაში, სასამართლომ ასევე უტყუარად უნდა დაადგინოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთების ღირებულება და სხვა ფიზიკური მახასიათებლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე