Facebook Twitter

№ას-1350-1275-2012 25 მარტი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა. ლ. ს. მ. ი. ა-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თხოვების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. მ-ამ ა. ლ. ს. მ. ი. ა-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და უძრავი ქონების თხოვების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 29 ივნისს შეიძინა ქ. ქობულეთში, ვ-ის ქ. N9-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი. იგი აპირებდა სასტუმროს მოწყობას. 2011 წლის ივლისსა და აგვისტოში ნ. მ-ან ჩამოვიდნენ მისი მეგობრები ო. ს-ა, ქ. ი-ა და ო. ი-ი, რომლებმაც ჩამოიტანეს სასტუმროსათვის საჭირო ნივთები და განათავსეს მოსარჩელის კუთვნილი შენობის N1-N5 კორპუსებში. 2011 წლის ივლისში მოსარჩელესთან ჩამოვიდა ა. ლ-ე, რომელმაც შესთავაზა, რომ არსებული შენობების ბაზაზე ფუნქციონირება დაეწყო ა. ლ. ს. მ. ი. ა-ას. იგი გეგმავდა ა-ის ეგიდით ლექცია-სემინარების ჩატარებას, იმავდროულად, რეკლამას გაუწევდა ნ. მ-ას სასტუმროს. 2011 წლის 1 ივლისს ა. ლ-ემ მოიტანა ქართულ ენაზე შედგენილი თხოვების ხელშეკრულება, რომლის შინაარსიც მოსარჩელისათვის არ განუმარტავს. როგორც აღმოჩნდა, ხელშეკრულება დაიდო 19 წლის ვადით, ნ. მ-ას კუთვნილ მთლიან შენობა-ნაგებობასა და მიწის ნაკვეთზე. მხარეები ამგვარ პირობებზე შეთანხმებული არ ყოფილან და ა. ლ-ემ ნ. მ-ა მოატყუა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ნ. მ-სა და ა. ლ. ს. მ. ი. ა-ას შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ქონების თხოვების ხელშეკრულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. ქ. ქობულეთში, ვ-ის ქუჩის N9-ის მიმდებარე 3005 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 542,2 კვ. მ შენობა-ნაგებობები ეკუთვნის ნ. მ-ას. მასვე ეკუთვნის იმავე მისამართზე მდებარე 1580 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 18,8 კვ. მ შენობა- ნაგებობა. აღნიშნული უძრავი ქონება შეძენილია 2011 წლის 29 ივნისს;

2. ზემოაღნიშნულ უძრავო ქონებას მთლიანად ფლობს ა. ლ. ს. მ. ი. ა-ა;

3. მოსარჩელესა და ა. ლ. ს. მ. ი. ა-ას შორის 2011 წლის 1 ივლისს წერილობით დაიდო უძრავი ქონების თხოვების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ. მ-ამ მისი კუთვნილი, ქ. ქობულეთში ვ-ის ქ. N9-ში მდებარე უძრავი ქონება მოპასუხეს 19 წლის ვადით ათხოვა;

4. მითითებული ხელშეკრულება მხარეებმა საჯარო რეესტრში 2011 წლის 1 აგვისტოს წარადგინეს. ხელშეკრულება 2011 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა;

5. მოპასუხე ისე დაუფლა ქონებას, რომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა. აღნიშნული პირობა ხელშეკრულების 2.1.1 პუნქტით არის გათვალისწინებული;

6. თხოვების ხელშეკრულება მხოლოდ ქართულ ენაზეა შედგენილი. ნ. მ-ამ კი, ქართული არ იცის;

7. ნ. მ-ას განმარტებით, მას სურდა თხოვების ხელშეკრულების დადება, მაგრამ არა ხელშეკრულებაში მითითებული ვადით და მხოლოდ შენობის ნაწილზე (N1 და N2 კორპუსებზე);

8. ნ. მ-ამ სასამართლოს სარჩელით მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც მოპასუხემ მისი მეგობრები გამოასახლა ქ. ქობულეთში, ვ-ის ქ. N9-ში მდებარე ფართიდან. ამჟამად, ვერც ნ. მ-ა და ვერც მისი პარტნიორები ვერ სარგებლობენ ქონებით;

9. ა-ის წარმომადგენელმა ნ. მ-ას კუთვნილ შენობებში სარემონტო სამუშაოების განხორციელება დაიწყო და მესაკუთრის დაუკითხავად შეუცვალა იერსახე;

10. სადავო ხელშეკრულებაში მითითებული არაა თხოვების მიზანი;

11. ნ. მ-ამ დაუშვა არსებითი შეცდომა. მას ამ სახის ხელშეკრულების დადება არ სურდა. მხარეთა შორის არ მიმდინარეობდა მოლაპარაკება ხელშეკრულების 19 წლით დადებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გარიგება დაიდო არა მოტყუების, არამედ არსებითი შეცდომის საფუძველზე, ვინაიდან, ნ. მ-ას სურდა ხელშეკრულების დადება, მაგრამ განსხვავებული შინაარსით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თხოვების ხელშეკრულება, როგორც შეცდომით დადებული გარიგება, ბათილი იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სარჩელით ნ. მ-ა ხელშეკრულების, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობას ითხოვდა და მიუთითებდა, რომ ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, მან კი ქართული არ იცის. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის საფუძვლების განსხვავებული ინტერპრეტაცია მოახდინა და მიიჩნია, რომ ხელშეკრულება შეცდომით დაიდო. სასამართლომ ხელშეკრულება ბათილად სამოქალაქო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ნ. მ-ა მოთხოვნას ამ მუხლიდან გამომდინარე არ აყენებდა და არც შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი დაარღვია და სარჩელის ფარგლებს გასცდა. მოპასუხის შესაგებელი მთლიან მიმართული იყო სარჩელში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, მოპასუხე აბათილებდა მოსარჩელის მტკიცებას, რომ თხოვების ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო. სააპელაციო სასამართლომ კი, მოულოდნელად, სრულიად განსხვავებულად შეაფასა სასარჩელო მოთხოვნა, რითაც მხარეს შედავების შესაძლებლობა მოუსპო, კერძოდ, შეცდომით დადებულ გარიგებასთან მიმართებით, ხანდაზმულობის საკითხიცაა დასადგენი. თავად სარჩელშია მითითებული, რომ ა. ლ-ე ხელშეკრულების დადებისთანავე დაეუფლა უძრავ ქონებას, შესაბამისად, მოთხოვნის არსებობის შესახებ მოსარჩელისათვის ამ მომენტიდან იყო ცნობილი, სარჩელი კი, 2012 წლის იანვარშია აღძრული. ხელშეკრულება შეცდომით არ დადებულა. ხელშეკრულების პირველი ვარიანტი თავად ნ. მ-ამ შეიმუშავა. გარდა ამისა, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას, რეესტრის თანამშრომელმა ხელშეკრულების პირობები განუმარტა მხარეებს. ხელშეკრულება შედგენილ იქნა ორჯერ და ნ. მ-ამ ორივეჯერ მოაწერა ხელი, ამდენად, ნაკლებად სარწმუნოა, რომ მას დაეშვა შეცდომა ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს რომ ა. ლ. ს. მ. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა სარჩელის საფუძვლები და თხოვების ხელშეკრულება ბათილად ცნო, როგორც შეცდომით დადებული გარიგება, მაშინ როდესაც, მხარე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულება მოტყუებით დაიდო, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ, განსხვავებულად განმარტა რა სარჩელის საფუძვლები, საშუალება მოუსპო მოპასუხეს ხანდაზმულობაზე მითითებით დაეცვა თავი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მტკიცება გაზიარებული უნდა იქნეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც თავდაპირველად იყო მითითებული მოსარჩელის მიერ თავის სარჩელში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. მაგ. სუსგ Nას-690-651-2010), თუმცა სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სარჩელისაგან განსხვავებული სამართლის ნორმების გამოყენება არ გულისხმობს გარიგების შეცილების საფუძვლის შეცვლას. მხარის განმარტება მის თაობაზე, რომ იგი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, სარჩელის ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილია და არა ნორმატიული საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მხარისათვის მოულოდნელი არ უნდა იყოს და ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს, როგორც სარჩელსა და შესაგებელში ასახული გარემოებების შეფასებიდან, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებების და მტკიცებულებათა შეფასების შედეგად გაკეთებული დასკვნებიდან. სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ის გარემოება უნდა მიიღოს მხედველობაში, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში, ამდენად, მხარე ახალ ფაქტებზე საკასაციო სასამართლოში ვერც საპატიო მიზეზის არსებობისას მიუთითებს, მით უფრო, რომ საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაა და იგი საქმეზე ფაქტობრივ გარემოებებს არ ადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეს აღარ აქვს შესაძლებლობა, პროცესუალური საშუალებების გამოყენებით აიცილოს მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღება. ამგვარი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება ან საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნოს, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თუ სააპელაციო სასამართლო დავის განხილვისას მიიჩნევს, რომ ამ საქმის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სარჩელში აღნიშნულისაგან განსხვავებული ნორმები და ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად განსხვავებულად უნდა შეფასდეს, მან ასევე უნდა შეაფასოს, გამოიწვევს თუ არა, ამგვარი ცვლილება მეორე მხარის ინტერესების დარღვევას და თუ წარმოიშობა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოპასუხეს, შეიძლება, შეეზღუდოს შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა, საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დააბრუნდეს.

სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება. ამგვარი მითითების მიმართ კი, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან: თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარის უფლება, გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი, საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ ზემდგომ ინსტანციებში, ამდენად, ჩვეულებრივ პირობებში, ხანდაზმულობის საკითხის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო მოსარჩელისაგან განსხვავებულად აფასებს მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას და მოპასუხეს ობიექტურად არ აქვს საშუალება გარკვეულ გარემოებებზე (ხანდაზმულობის ჩათვლით) მითითებით დაიცვას თავი სარჩელისაგან, ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრა ზემდგომ ინსტანციაში დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული. სააპელაციო სასამართლოსათვის, ამგვარ ვითარებაში ხანდაზმულობაზე მითითება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევად უნდა შეფასდეს.

რაც შეეხება კასაციას, ჩვეულებრივ პირობებში, მხარე ამ ინსტანციაში ხანდაზმულობის საკითხს ვეღარ წამოჭრის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს ხანდაზმულობაზე და ამ კუთხით შეაფასოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება, თუ მხარეს ეს საკითხი არ წამოუჭრია ქვემდგომ სასამართლოებში, მაგრამ, განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის ქვემდგომ ინსტანციებში წარმოების მანძილზე სადავო ხელშეკრულება განიხლებოდა როგორც მოტყუებით დადებული გარიგება და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა მიჩნეული შეცდომით დადებულ გარიგებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპამდე მოპასუხეს არ გააჩნდა ხანდაზმულობაზე მითითების ინტერესი, ამგვარი მითითების შესაძლებლობა კი, სასამართლოს მიზეზით შეეზღუდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთებულობის შედავება ხანდაზმულობის საკითხის შეუფასებლობის მოტივით დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული.

საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მოტყუებით და შეცდომით დადებულ გარიგებათა შორის არსებულ განსხვავებებზე. სამოქალაქო კოდექსის 72-ე-73-ე მუხლების მიხედვით, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა ) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად. იმავე კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით კი, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც შეცდომით, ისე მოტყუებით დადებული გარიგებისას ნების ნაკლს მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას საფუძვლად დაედო, მაგრამ მათ შორის არსებობს არსებითი განსხვავება, კერძოდ, მართალია, მოტყუებით დადებული გარიგებებისას, მხარე შეცდომის საფუძველზე შედის სამართალურთიერთობაში, მაგრამ ეს შეცდომა გამოწვეულია მეორე მხარის ქმედებით, ანუ, შეცდომით დადებული გარიგებისას, ხელშეკრულების კონტრაჰენტი კეთილსინდისიერია ნების ნაკლთან მიმართებით და მოდავე მხარის მცდარი წარმოდგენა მის მიერ გარკვეული მონაცემების დამალვით ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით არ არის განპირობებული. სწორედ ამ მიზეზით, შეცდომით დადებული გარიგება, საცილო გარიგებათა შორის, ხანდაზმულობის ყველაზე მოკლე ვადას ითვალისწინებს. სამოქალაქო ბრუნვისათვის საზიანო იქნებოდა კეთილსინდისიერი მხარის კანონიერი ინტერესების ხანგრძლივად ეჭვქვეშ დაყენება გარიგების შეცილების უფლების რეალიზაციის შესაძლებლობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმისათვის, რომ გაიმიჯნოს შეცდომით და მოტყუებით დადებული გარიგებები, სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული გარიგების დადების წინაპირობები და უნდა დადგინდეს, რა გარემოებები დაედო საფუძვლად მხარეთა მიერ ნების გამოვლენას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის გარკვეული პირობები იყო შეთანხმებული, ხოლო მოპასუხემ მის მიერ ქართულ ენაზე შედგენილ ხელშეკრულებაში განსხვავებული პირობები მიუთითა, იმის გათვალისწინებით, რომ ნ. მ-ა ქართულს არ ფლობდა, ამ შემთხვევაში, იგი სამართალურთიერთობის კეთილსინდისიერ მხარეს არ წარმოდგენს. სააპელაციო სასამართლოს კი, მითითებული გარემოებები სათანადოდ არ გამოუკვლევია.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. მოცემულ შემთხვევაში, თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ მას სურდა თხოვების ხელშეკრულების დადება მისი კუთვნილი შენობის N1 და N2 კორპუსებზე, შესაბამისად, ამ ნაწილში ნ. მ-ას მიერ გამოვლენილი ნება შესაძლოა, ნამდვილი იყოს, სააპელაციო სასამართლოს კი, არც აღნიშნული გარემოება შეუფასებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილსი მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე მოპასუხეს სასამართლოს მიზეზით შეეზღუდა ხანდაზმულობის საკითხზე შედავების წარდგენის შესაძლებლობა და ეს გარემოება დავის განხილვის შედეგზეც აისახა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა ან არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე განჩინებაში ასახული განმარტებებით, სრულყოფილად გამოიკვლიოს სადავო თხოვების ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გარემოებები, ასევე სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი და დავა აღნიშნულის შესაბამისად გადაწყვიტოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ლ. ს. მ. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე