Facebook Twitter

№ას-139-133-2013 11 მარტი, 2013 წელი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „სადაზღვევო კომპანია ა. ბ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ი.პ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თ-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გასაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.პ-ას სარჩელი მოპასუხე სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.პ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თ-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.პ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თ-ის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი.პ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1. სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ის“ ი.პ-ას სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 3403 ლარის გადახდა; 2. მოპასუხეს დაევალა ქ.ქუთაისში, თ-ის ქ.№2/თ. მ-ის ქ.№3-ში არსებულ შენობა-ნაგებობაზე წვიმსატარი მილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მოწყობა; 3. მოპასუხეს დაევალა ქ.ქუთაისში, თ-ის ქ.№2/თ. მ-ის ქ.№3-ში არსებული ფანჯრების წინ განთავსებული წყლის მრიცხველის ი.პ-ას საცხოვრებელი ბინის კედლიდან გადატანა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ი.პ-ას მიერ სს ,,სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ის’’ მიმართ წარდგენილ სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს:

1. მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 3403 ლარის დაკისრება;

2. წვიმსატარი მილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა;

3. საკვამური და სავენტილაციო მილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა;

4. მომიჯნავე შენობასთან სახურავის გამყოფი კედლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა;

5. წყლის მრიცხველის მოსარჩელის კედლიდან გადატანა;

ქუთაისში, თ-ის ქუჩის N2-ში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ი.პ-ა;

ქუთაისში, თ-ის ქუჩა N2/ქალაქი ქუთაისი, ქუჩა თ. მ-ე N3-ში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ი”;

ი.პ-ა წარმოადგენს ქუთაისში, თ-ის ქუჩის N2-ში მდებარე უძრავი ქონების პირველი სართულის მესაკუთრეს, ხოლო, სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ი” წარმოადგენდა მითითებულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მე-2 სართულის მესაკუთრეს;

მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის, სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ი” აღარ წარმოადგენდა ქუთაისში, თ-ის ქუჩა N2/ქალაქი ქუთაისი, ქუჩა თ. მ-ე N3-ში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს;

1998 წელს მოპასუხემ – სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-იმ” ჩაატარა სახურავის სარემონტო სამუშაოები მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, რომელიც მდებარეობდა ქუთაისში, თ-ის ქუჩის N2-ში. კერძოდ, ძველი დაზიანებული თუნუქის ფურცლები შეცვალა ალუმინის ფურცლოვანი სახურავით, სახურავის /ქანობის/ სიმაღლის შეუცვლელად. სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას სახურავის კუნსტრუქციებში შეტანილ იქნა უმნიშვნელო ცვლილებები, ხის კოჭები და დგარები რემონტის შემდეგ ნაწილობრივ შეიცვალა;

ტექნიკური დათვალიერების აქტის თანახმად, სახურავის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ შენობას ჰქონდა სავენტილაციო და საკვამური არხები, რომელიც ადიოდა სახურავის ზემოთ. დღეისათვის ეს არხები მოქცეული იყო გადახურვის ქვეშ. მეზობლების თქმით, აღნიშნულ შენობასა და მიმდებარე შენობას შორის /პილიკლინიკის შენობა/ სახურავზე არსებობდა აგურის გამყოფი კედელი, რომელიც დღესდღეობით დანგრეული იყო. მოუწესრიგებელი იყო აგრეთვე სახურავიდან წყლის ჩამოდინების საკითხი. შენობას არ ჰქონდა აქვს წვიმსატარი მილები, რაც იწვევდა წყლის ჩამოდინებას ეზოს ტერიტორიაზე, რომელიც იწვევდა პირველი სართულის იატაკების დანესტიანებას. შესაძლებელი იყო საძირკვლის ძირის გამორეცხვაც;

ტექნიკური დათვალიერების აქტის დასკვნის თანახმად, შენობის სახურავის სიმაღლე /ქანობი/ აკმაყოფილებდა მასზე წაყენებულ პირობას. მიუხედავად ამისა, მისი შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭირო იყო სახურავის ქვეშ მოქცეული სავენტილაციო ხვრელების აღდგენა, რომელიც უნდა ამოსულიყო სახურავის ზემოთ არსებული ნორმების სიმაღლეზე. საჭირო იყო შენობის წყალსატარი მილების გაკეთება და სახურავის გამყოფი კედლის აღდგენა არსებულ შენობასა და მომიჯნავე შენობას შორის;

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 25 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩის N2-ში პირველ სართულზე განთავსებული ბინის აღდგენითი სარემონტო სამუშაოების ღირებულება, სამშენებლო მასალების ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენდა 3403 ლარ. დასკვნის სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროს შენობას უკანა ნაწილზე (ეზოს მხარეზე) სამხრეთის მხარეზე წვიმსატარი მილი საერთოდ არ აქვს, ხოლო ჩრდილოეთის მხარეზე (თ-ის ქუჩაზე) წვიმსატარი მილი დაზიანებულია. არ არის აღდგენილი სავენტილაციო და საკვამური მილები. კვლავ მოუწესრიგებელია ეზოდან ატმოსფერული ნალექების მოცულობის საკითხი. ი.პ-ას კუთვნილისაცხოვრებელი ბინის ზოგიერთ ოთახს არ გააჩნია ფანჯარა და ფაქტიურად არ ხდება ამ ოთახების განიავება. ექსპერტიზამ არ გამორიცხა, რომ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ი.პ-ას კუთვნილი საცხოვრებელი ბინა არის დანესტიანებული, განსაკუთრებით ეზოს მხარეს. კარ-ფანჯრები და კედლის შეღებვა არის დაზიანებული, ნაწილობრივ დაზიანებულია იატაკი. სარემონტო სამუშაოების ღირებულება, სამშენებლო მასალების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 3403 ლარს;

ექსპერტმა მიუთითა, რომ ქ.ქუთაისში, თ-ის ქუჩის N2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის საჭირო იყო:

- სპს ,,კომუნპროექტის’’ 2006 წლის 26 ივნისის ტექნიკური დათვალიერების აქტში მოცემული მითითებების შესრულება;

- მოწყობილი წყლის მრიცხველიდან წყლის გამოდინების გამორიცხვა;

- ეზოდან ატმოსფერული ნალექების მოცილების საკითხის მოწესრიგება;

- საცხოვრებელი სახლისათვის თ-ის ქუჩიდან და ეზოს მხრიდან სარინელის გაკეთება;

ქ.ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 24 აგვისტოს N3-1087 წერილის თანახმად, შენობის სახურავის სიმაღლე (ქანობი) აკმაყოფილებს მასზედ წაყენებულ პირობას. მიუხედავად ამისა, მისი შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგეს სახურავის ქვეშ მოქცეული სავენტილაციო ხვრელები, ამოვიდეს სახურავის ზემოთ არსებული ნორმების სიმაღლე. გაუკეთდეს შენობას წყალსატარი მილები და აღდგეს სახურავის გამყოფი კედელი არსებულ შენობასა და მომიჯნავე შენობას შორის.

თ-ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმით სამოქალაქო საქმეზე №2ბ/1233-12 დაინიშნა სასამართლო საინჟინრო–ტექნიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. წარმოება შეჩერდა ექსპერტიზის დამთავრებამდე.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 27 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ:

- დღევანდელი მდგომარეობით ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. N2/თ. მ-ის ქ.N3-ში მდებარე შენობა–ნაგებობას: არ გააჩნია სათანადოდ მოწყობილი წვიმსაწრეტი სისტემა. ი.პ-ას ფართებში არ ფუნქციონირებს საკვამური და სავენტილაციო მილები, მომიჯნავე შენობასთან სახურავის გამყოფი კედელი არ ფიქსირდება;

- იმის დადგენა, ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. N2/თ. მ-ის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობას, 1998 წელს სახურავის სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე, გააჩნდა თუ არა წვიმსაწრეტი მილები და ფუნქციონირებდა თუ არა შენობა-ნაგებობის საკვამური და სავენტილაციო მილები ტექნიკურად შეუძლებელია;

- იმის დადგენა, ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. N2/თ. მ-ის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობას და მომიჯნავე შენობას შორის, 1998 წელს სახურავის სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე არსებობდა თუ არა სახურავის გამყოფი კედელი და მისი დემონტაჟი გამოწვეულია თუ არა სახურავის სარემონტო სამუშაოების წარმოების შედეგად ტექნიკურად შეუძლებელია;

- ი.პ-ას სახლის, ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. N2/თ. მ-ის ქ. N3-ში მდებარე შენობას, ფანჯრების წინ სს „სადაზღვევო კომპანია ა. ბ-ის“ წყლის მრიცხველის განთავსების ადგილას, როგორც არსებული წყლის გამწმენდი ფილტრიდან, ასევე, ჩამკეტი ვენტილის მიერთების ადგილიდან, ვენტილის გახსნის შემთხვევაში, ადგილი აქვს წყლის ინტენსიურ გაჟონვას, რითაც ზიანდება (ტენიანდება) ი.პ-ას საცხოვრებელი სახლი.

- ი.პ-ას ფართებში ფიქსირდება ჭერის კედლებისა და იატაკის დაზიანებები. ჭერის დაზიანების გამომწვევი მიზეზი არის მასზე მეორე სართულიდან ჩამონაჟონი წყლის ზემოქმედება. კედლების და იატაკის დანესტიანება და არსებული დაზიანებები გამოწვეულია ასევე წყლის ზემოქმედებით, რომელიც თავის მხრივ გამოწვეულია სახურავის წყალსარინი სისტემის გაუმართავობით, ქუჩის მხარეს ტროტუარის არასათანადოდ მოწყობით და წყლის მრიცხველის სისტემის გაუმართაობით.

დასკვნის სამოტივაციო ნაწილში მითითებულია, რომ პ-ას ფართებში არ ფიქსირდება სავენტილაციო და საკვამური ხვრელები. შენობის ჭერში არსებობს საკვამური და სავენტილაციცო ხვრელების ამონაშენი, რომელიც დახურულია და მოქცეულია ჭერის სივრცეში. აქედან გამომდინარე, საკვამური და სავენტილაციო არხები გაუმართავ მდგომარეობაშია და არ ფუნქციონირებს. ჭერში არ შეიმჩნევა სახურავის გამყოფი კედელი მომიჯნავე შენობისაგან. სახურავის კონსტრუქცია უშუალოდ ებჯინება მეზობელი შენობის კედელს.

საქმეში წარდგენილი მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. N2/თ. მ-ის ქ. N3-ში მდებარე შენობას გააჩნია წვიმსაწრეტი მილები. იმის საწინააღმდეგო დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ 1998 წელს სს „სადაზღვევო კომპანია ა. ბ-ის“ მიერ სახურავის სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე მითითებულ შენობა-ნაგებობას გააჩნდა წვიმსაწრეტი მილები მოპასუხემ ვერ წარადგინა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ შენობა–ნაგებობის ექსპლოატაციის ნორმალური პირობების გათვალისწინებით და აპელანტის ახსნა–განმარტებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. N2/თ. მ-ის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობას სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე გააჩნდა წვიმსაწრეტი მილები.

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა–განმარტებით ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ დავის განხილვის დროისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარდა სადავო საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოები არსებული პარამეტრების გათვალისწინებით, ანუ წვიმსაწრეტი მილების მოწყობის გაუთვალისწინებლად.

ი.პ-ას სახლის, ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. N2/თ. მ-ის ქ. N3-ში არსებული ფანჯრების წინ სს „სადაზღვევო კომპანია ა. ბ-ის“ წყლის მრიცხველის განთავსების ადგილას, როგორც არსებული წყლის გამწმენდი ფილტრიდან, ასევე, ჩამკეტი ვენტილის მიერთების ადგილიდან, ვენტილის გახსნის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა წყლის ინტენსიურ გაჟონვას, რითაც ზიანდებოდა (ტენიანდება) ი.პ-ას საცხოვრებელი სახლი.

ი.პ-ას ფართებში ფიქსირდებოდა ჭერის კედლებისა და იატაკის დაზიანებები. ჭერის დაზიანების გამომწვევი მიზეზი იყო მასზე მეორე სართულიდან ჩამონაჟონი წყლის ზემოქმედება. კედლების და იატაკის დანესტიანება და არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო ასევე წყლის ზემოქმედებით, რომელიც თავის მხრივ გამოწვეული იყო სახურავის წყალსარინი სისტემის გაუმართაობით, ქუჩის მხარეს ტროტუარის არასათანადოდ მოწყობით და წყლის მრიცხველის სისტემის გაუმართაობით. ქ.ქუთაისში, თ-ის ქ.N2-ში პირველ სართულზე განთავსებული ბინის აღდგენითი სარემონტო სამუშაოების ღირებულება, სამშენებლო მასალების ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენდა 3403 ლარს.

რაც შეეხებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, 1998 წელს სახურავის სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე ი.პ-ას ფართში ფუნქციონირებდა თუ არა შენობა–ნაგებობის საკვამური და სავენტილაციო მილები, ასევე, ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. N2/თ. მ-ის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობას და მომიჯნავე შენობას შორის, 1998 წელს სახურავის სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე არსებობდა თუ არა სახურავის გამყოფი კედელი და მისი დემონტაჟი გამოწვეული იყო თუ არა სახურავის სარემონტო სამუშაოების წარმოების შედეგად, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში წარდგენილი არ იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მითითებულ გარემოებები დადგენილად არ მიიჩნია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით N023749–2012/02/3–07/4 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.პ-ას ფართებში არ ფიქსირდებოდა სავენტილაციო და საკვამური ხვრელები. ამავე დასკვნის თანახმად, შენობის ჭერში არსებობდა საკვამური და სავენტილაციო ხვრელების ამონაშენი, რომელიც დახურული იყო და მოქცეული იყო ჭერის სივრცეში. ამდენად, იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ პ-ას ფართებში არ ფიქსირდებოდა სავენტილაციო და საკვამური ხვრელები, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საკვამური და სავენტილაციო მილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე.

იმავე დასკვნის თანახმად, ჭერში არ შეიმჩნევა სახურავის გამყოფი კედელი მომიჯნავე შენობისაგან. სახურავის კონსტრუქცია ებჯინება მეზობელი შენობის კედელს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ვერც სარჩელით და ვერც საქმის განხილვის დროს ვერ იქნა მითითებული, თუ რა ზიანი ადგებოდა მას მომიჯნავე შენობასთან გამყოფი კედლის არარსებობით და რაში გამოიხატებოდა ზიანის არსებობა.

დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361.1, 317-ე, 992-ე, 408.1, 409-ე მუხლებით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ის“ განმარტება იმის შესახებ, რომ ვინაიდან, დღეის მდგომარეობით იგი აღარ წარმოადგენდა ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. №2/თ. მ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, იგი არ შეიძლებოდა მოაზრებულიყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად, რამდენადაც ზიანის ანაზღაურების დროისათვის ქ.ქუთაისში, თ-ის ქ. №2/თ. მ-ის ქ. №3-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა სს „სადაზღვევო კომპანია ა. ბ-ი“.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ი.პ-ას სარჩელი არ იყო ხადაზმული.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-იმ“, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის თანხის დაკისრების, წვიმსატარი მილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა-მოწყობის ნაწილში და ხსენებულ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ი.პ-ას მიერ განცდილ ზიანსა და სადაზღვევო კომპანიის მიერ 1998 წელს სახურავზე განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს შორის, იმ პირობებში, როდესაც სარემონტო სამუშაოების წარმოების შედეგად წვიმსატარი მილების დემონტაჟი დადგენილად ჩათვალა მხოლოდ ი.პ-ას განმარტების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 15 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტექნიკურად შეუძლებელია იმის დადგენა, გააჩნდა თუ არა წვიმსატარი მილები შენობას სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე და მოხდა თუ არა დემონტაჟი სარემონტო სამუშაოების ჩატარებისას, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ი.პ-ას განმარტებას და იმ ვარაუდს, რომ შენობის ნორმალური ექსპლოატაციისათვის აუცილებელია წვიმსატარი მილების არსებობა. ამასთან, იმავე მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ ი.პ-ას უარი უთხრა მოთხოვნის სხვა ნაწილში იმ მიზეზით, რომ დადგენილად არ მიიჩნია მოპასუხის მიერ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას საკვამური და სავენტილაციო მილების არსებობა;

სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოში ი.პ-ამ მიუთითა ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში ი.პ-ამ მიუთითა, რომ სახურავის სარემონტო სამუშაოების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის გარდა, მას ზიანი მიადგა ასევე მეორე სართულიდან წყლის ჩამოშვებით, რამაც დამატებით გამოიწვია მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანება;

სასამართლომ სრულად დააკისრა სადაზღვევო კომპანიას თანხის ანაზღაურება, რომელიც წარმოადგენს რამდენიმე გარემოების (ტროტუარის არარსებობა, ეზოდან ატმოსფერული ნალექების გატანის მოუწესრიგებლობა) ერთობლივი ზემოქმედების შედეგად არსებული დაზიანებების აღმოფხვრისათვის აუცილებელ სახსრებს, რომლებთანაც სადაზღვევო კომპანიას არანაირი კავშირი არ გააჩნია. თავად ი.პ-აც არ მიუთითებია ხსენებული გარემოებების დადგომაში სადაზღვევო კომპანიის ბრალის შესახებ. სასამართლოს არ უმსჯელია, არის თუ არა ჭერის დაზიანება (მეორე სართულიდან წყლის ჩადინების შედეგად) გამოწვეული სადაზღვევო კომპანიის ბრალით. შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია იმის თაობაზე, თუ საცხოვრებელი სახლის დაზიანების რომელ ნაწილში უნდა დადგენილიყო სადაზღვევო კომპანიის ბრალეულობა და სხვადასხვა ფაქტორების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების ღირებულების სრულად ანაზღაურება დააკისრა სადაზღვევო კომპანიას;

ი.პ-ას საქმეზე არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ დაადასტურებდა მოპასუხის მიერ 1998 წელს ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად წვიმსატარი მილების დემონტაჟის ფაქტს. ერთადერთი მტკიცებულება, რაც სასამართლომ საკმარისად ჩათვალა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, არის თავად მხარის ახსნა-განმარტება. შესაბამისად, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი განხილვის საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის გამოყენებისას პირველ რიგში უნდა დაედგინა ზიანის მიმყენებელი ქმედების (წვიმსატარი მილების დემონტაჟი) არსებობა და მოპასუხის (სადაზღვევო კომპანიის) მიერ მისი განხორციელება;

სასამართლოს, სხვადასხვა გარემოებების შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა სრულად კი არ უნდა დაეკისრებინა მოპასუხისათვის, არამედ მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას უნდა ემსჯელა სადაზღვევო კომპანიის წყლის მრიცხველის გაუმართაობით მიყენებული ზიანის ოდენობაზე და სადაზღვევო კომპანიისათვის დაეკისრებინა ის თანხა, რომელიც შეესაბამება მრიცხველიდან წყლის გაჟონვის შედეგად ი.პ-ას სახლის მიმდებარე კედლის და იატაკის დაზიანებას (შენობის აღმოსავლეთ მხარეს).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის

გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „სადაზღვევო კომპანია ა.ბ-ის“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 30 იანვარი, საგადახდო დავალება № 603) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე