№ ას-1555-1458-2012 1 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „მ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.და ჯ-ი XXII“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
დავის საგანი – სახელშეკრულებო ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ჯ.და ჯ-ი XXII-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასრგებლოდ, 28 183.94 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის მიხედვით, 2009 წლის 3 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე საზოგადოებამ გაუწია 32 812.70 ლარის ღირებულების მომსახურება, მოპასუხე საზოგადოებას ტვირთის გადაზიდვის სახით. მომსახურების ღირებულება მოპასუხემ ნაწილობრივ განახორციელა. 2009 წლის 3 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანებამ შეადგინა 28 183.94 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ დავალიანების ოდენობა არაზუსტია, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (28 183.94 ლარის) ნაწილი, დაახლოებით 7300 ლარი, მოპასუხემ გადაიხადა.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ.და ჯ-ი XXII-ის’’ სარჩელი მოპასუხის შპს ,,მ-ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა. შპს ,,მ-ს’’ მოსარჩელე შპს ,,ჯ.და ჯ-ი XXII-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 28 183.94 (ოცდარვა ათას ას ოთხმოცდასამი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წეისთ გაასაჩივრა შპს „მ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 03 აპრილს ერთი მხრივ შპს ,,მ-სა’’ და მეორე მხრივ შპს ,,ჯ.და ჯ-ი XXII’’-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება შპს „მ-ის“ მოთხოვნის შესაბამისად, განეხორციელებინა ტვირთის გადაზიდვა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. ხელშეკრულებითვე დადგინდა ანგარიშსწორება ყოველი თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 15 დღისა მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
2009 წლის 3 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე საზოგადოებამ 2009 წლის 9 სექტემბრამდე გაუწია გარკვეული ღირებულების მომსახურება მოპასუხე საზოგადოებას, რომლის ღირებულების ანაზღაურებაც მოპასუხე შპს ,,მ-ის’’ მიერ არ განხორციელებულა სრულად; ერთი მხრივ შპს ,,მ-სა’’ და მეორე მხრივ შპს ,,ჯ.და ჯ-ი XXII’’-ს შორის 2009 წლის 9 სექტემბერს შედგა 2009 წლის 3 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ამ დროისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება მიეთითა 32 812.70 (ოცდათორმეტი ათას რვაას თორმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი;
მოსარჩელე საზოგადოებამ მიმართა მოპასუხე საწარმოს 2009 წლის 9 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით, რომელმაც გადაიხადა მხოლოდ დავალიანების ნაწილი;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,მ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს ,,მ-ს’’ შპს ,,ჯ.და ჯ-ი XXII’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა 28 183.94 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საზოგადოებას არ ჰქონდა გადახდილი მოსარჩელე საზოგადოებისათვის 28 183.94 ლარი.
დადგენილია, ასევე რომ შპს ,,მ-მა’’ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ შპს ”მ-ის” დავალიანება შპს ”ჯ.და ჯ-ი XXII”-ს მიმართ შეადგენდა 28 183.94 ლარს.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა შპს ,,მ-მა’’ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს ”ჯ.და ჯ-ი XXII-ს” მიმართ არსებული დავალიანება სადავო გახადა მხოლოდ 7333 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დავალიანება აღიარა ( იხ. 2012 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმი, დრო: 15:47:10).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს წარმოადგენდა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება შპს ”მ-ის” შპს ,,ჯ.და ჯ-ი XXII’’-ს სასარგებლოდ მხოლოდ 7333 ლარის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აპელანტს (მოპასუხეს) სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელისათვის 2009 წლის 3 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 9 სექტემბერს შემდგარი მიღება-ჩაბარების აქტით აღიარებული მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის - მოცემულ შემთხვევაში სადავო 7333 ლარის გადახდის ფაქტს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქაალქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა 2009 წლის 3 აპრილის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,,ჯ.და ჯ-ი XXII’’-მ აიღო ვალდებულება შპს ,,მ-ის’’ მოთხოვნის შესაბამისად, განეხორციელებინა ტვირთის გადაზიდვა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. ხელშეკრულებითვე დადგინდა ანგარიშსწორება ყოველი თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 15 დღისა მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ 2009 წლის 3 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე საზოგადოების მიერ მოპასუხე საზოგადოებისათვის გაწეული მომსახურების დავალიანება 2009 წლის 9 სექტემბრისათვის შეადგენდა 32 812.70 (ოცდათორმეტი ათას რვაას თორმეტი და სამოცდაათი) ლარს. აღნიშნული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოპასუხე შპს ,,მ-ის’’ მიერ არ განხორციელებულა სრულად, კერძოდ, მოპასუხე საზოგადოებას გადაუხდია მოსარჩელე საზოგადოებისათვის 28 183.94 (ოცდარვა ათას ას ოთხმოცდასამი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე საზოგადოებამ მიმართა მოპასუხე საწარმოს 2009 წლის 09 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით, რომელმაც გადაიხადა მხოლოდ დავალიანების ნაწილი და არ აქვს გადახდილი მოსარჩელე საზოგადოებისათვის 28 183.94 (ოცდარვა ათას ას ოთხმოცდასამი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი.
ამდენად, სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საფუძველზე, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა შპს ,,ჯ.და ჯ-ი XXII’’-ს სარჩელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება გორის რაიონული სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შპს „მ-ის“ დავალიანება შპს „ჯ.და ჯ-ი XXII-ის“ მიმართ შეადგენდა 28 183.94 ლარს. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ 2009 წლის მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლებიც, თავის მხრივ ადასტურებენ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას აქტის შედგენის მომენტისათვის, თუმცა ვერ დაადასტურებენ დავალიანების ოდენობას სარჩელის წარდგენის მომენტისათვის, მით უფრო რომ აქტის შედგენიდან სარჩელის შეტანამდე გასულია თითქმის 3 წელი. მიუხედავად იმისა, რომ წარადგინეს გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ იგი არ მიიღო იმ მოტივით, რომ ის წარდგენილი უნდა ყოფილიყო შესაგებელთან ერთად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1451.7) ლარის 70% – 1016.19 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 24 დეკემბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1451.7) ლარის 70% – 1016.19 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე