Facebook Twitter

№ ას-1561-1464-2012 1 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „მ-ს +“

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.შ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ.შ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-მ+ის “ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 424 350 (ოთხასოცდაოთხიათას სამაორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, უკრაინული კომპანია შპს ,,ფ. მ. ფ-ი” 2009 თებერვლიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს ,,მ-ს+ან”, რომელიც ეწეოდა ნატურალური წვენების ,,მაია სემიას” დისტრიბუციას საქართველოში. 2009 წელს დააფუძნა შპს ,,მ-ს+”, წილები 50%-50%-ზე გადაანაწილა შვილზე - მ. შ-ე და ძმიშვილზე - ა. შ-ე. კომპანიის დირექტორად დაინიშნა ა.შ-ი და კომპანიას ბოლო პერიოდამდე მართავდნენ ერთობლივად. მოსარჩელის განმარტებით, კომპანიაში სესხის სახით შეიტანა ფულადი თანხა 424 350 (ოთხასოცდაოთხიათას სამას ორმოცდაათი) აშშ დოლარი, რომელიც ეტაპობრივად გადასცა კომპანიის დირექტორ ა.შ-ს, რაზეც შედგენილია 2010 წლის 03 დეკემბერს ვალის აღიარების წერილი, და ხელს აწერს ა.შ-ი. ბოლო პერიოდში მისი და მისი ძმის ოჯახებს შორის განვითარდა ოჯახური კონფლიქტი. ამ მიზეზის გამო, ამა წლის 09 ივლისს მისმა ძმისშვილმა ა.შ-მა ისარგებლა, იმ გარემოებით რომ იგი იყო კომპანიის დირექტორი მივიდა კომპანიაში კერძო დაცვის თანხლებით და ის და მისი შვილი გამოყარა კომპანიიდან. 2011 წლის 03 სექტემბერს შპს ,,მ-ს+ს” გაუგზავნა წერილი და მოითხოვა თავისი კუთვნილი თანხის დაბრუნება, რადგან კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2010 წლის 3 დეკემბრის წერილი, რომლითაც შპს ,,მ-ს+ის” დირექტორი ადასტურებს, რომ ზ.შ-მა ა.შ-ს კომპანიაში შესატანად სესხის სახით ვითომდა გადასცა 424 350 აშშ დოლარი ყალბია. ა.შ-ს ხშირად უწევდა მოგზაურობა საზღვარგარეთ და იყო შემთხვევები, როდესაც პარტნიორთა შორის არსებულ ნდობაზე დაყრდნობით იგი ტოვებდა მის მიერ ხელმოწერილ, ბეჭედდასმულ სუფთა ფურცელს მასზე კომპანიის ინტერესების შესაბამისად საჭირო ტექსტის დასატანად და კორესპონდენციის შეუფერხებლად საწარმოებლად. მას შემდეგ, რაც წარმოიშვა მხარეთა შორის ოჯახური კონფლიქტი მოსარჩელემ ისარგებლა აღნიშნულით და შეადგინა ყალბი ხელწერილი, რომლის თანახმადაც ითხოვს თანხის დაკისრებას.

საქმეში მესამე პირად ჩართულმა მერალ შ-მა მხარი დაუჭირა სარჩელის მოთხოვნას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ.შ-ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,მ-ს+ის” მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,მ-ს+ს”, ზ.შ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 424 350 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-ს +მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპლაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შპს „მ-ს +ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს ,,მ-ს+” რეგისტრირებულია 2009 წლის 13 იანვარს. მისი 50%-50%-იანი წილის მფლობელები არიან ა.შ-ი და მ. შ-ი. საწარმოს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ა.შ-ი.

2010 წლის 03 დეკემბრის ხელწერილით ა.შ-ი, როგორც შპს ,,მ-ს+ის” დირექტორი ადასტურებს, რომ ზ.შ-ან სესხის სახით სხვადასხვა დროს მიიღო შემდეგი თანხა:

2009 წლის 05 ივნისს 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარი.

2009 წლის 06 ივნისს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი.

2009 წლის 16 ივნისს 58 000 (ორმოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარი.

2010 წლის 25 თებერვალს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი.

010 წლის 01 მარტს 6 000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი.

2010 წლის 07 ოქტომბერს 20 800 (ოცი ათას რვაასი) აშშ დოლარი.

2010 წლის 25 ოქტომბერს 21 050 (ოცდაერთი ათას ორმოცდაათი) აშშ დოლარი.

2010 წლის 30 ნოემბერს 18 500 (თვრამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

შპს ,,მ-ს+ის” ანგარიშზე შეტანილია შემდეგი თანხები:

2009 წლის 05 ივნისს 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარი,

2009 წლის 06 ივნისს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი,

2009 წლის 16 ივნისს 58 000 (ორმოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარი,

2010 წლის 25 თებერვალს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი,

2010 წლის 01 მარტს 6 000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი,

2010 წლის 07 ოქტომბერს 20 800 (ოცი ათას რვაასი) აშშ დოლარი,

2010 წლის 25 ოქტომბერს 21 050 (ოცდაერთი ათას ორმოცდაათი) აშშ დოლარი,

2010 წლის 30 ნოემბერს 18 500 (თვრამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 3 დეკემბრის ხელწერილის სიყალბესთან დაკავშირებით და აღნიშნული ხელწერილით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,მ-ს+ის“ დირექტორს ა.შ-ს ზ.შ-მა სხვადასხვა დროს სესხის სახით გადასცა მთლიანობაში 424 350 აშშ დოლარი (ტ.1. ს.ფ. 183).

საქმის მასალების მიხედვით 2010 წლის 03 დეკემბრის ხელწერილზე ჩატარებულია ტექნიკურ-კრიმინალისტიკური ექსპერტიზა სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 03.02.2012წ.-ის N0025591-2012 დასკვნის შესაბამისად, ,,1. ხელმოწერა ა.შ-ის სახელით, განლაგებული: ხელწერილზე 2010 წლის 3 დეკემბერის თარიღით შპს ,,მ-ს+ის“ ტიტულიან ფურცელზე შესრულებულია ა.შ-ის მიერ; 2.ა) ხელწერილზე ნაბეჭდი ტექსტისა და ა. შ-ის გვარით გამოსაკვლევი ხელმოწერის დატანის თანმიმდევრობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ნაბეჭდი ტექსტის და ხემოწერის შტრიხები არ გადაკვეთს ერთმანეთს; 2.გ) ა. შ-ის გვარით ხელმოწერისა და ნაბეჭდი ტექსტის შესრულების პერიოდის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არ არსებობის გამო; 3. ა) ხელწერილის მარჯვენა ქვედა ნაწილში განთავსებული ა. შ-ის გვარით ხელმოწერა შესრულებულია საწერი საშუალებით“ 3.ბ) ხელწერილზე ა. შ-ის გვარით ხელმოწერა არ არის გადატანილი არც გადამყვანი ქაღალდის მეშვეობით და არც დაწოლის გზით უფრო კვლების შემდგომი გარშემოვლით“ (ტ.1. ს.ფ. 171, 172).

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105–ე მუხლზე მითითებით, არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია დოკუმენტის სიყალბესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო დოკუმენტზე ა. შ-ის ხელმოწერის ნამდვილობა დადგენილია სპეციალური ცოდნის საფუძველზე მიღებული დასკვნით, რომელიც შესაბამისობაშია დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკასთან და გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 162-ე მუხლით, როგორც მტკიცებულების ერთ-ერთი დამოუკიდებელი სახე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ მითითებული ფაქტი (წინასწარ გამზადებულ ტიტულოვან და ხელმოწერილ ფურცელზე თანხის მიღების შესახებ ტექსტის დატანა) წარმოადგენა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მხარის განმარტებას სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებდა. როგორც წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა ა. შ-ის გვარით ხელმოწერისა და ნაბეჭდი ტექსტის შესრულების პერიოდის დადგენა შეუძლებელია, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არ არსებობის გამო. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ,,შპს ,,მ-ს+ის“ დირექტორმა ა.შ-მა 2010 წლის 3 დეკემბრის ხელწერილით დაადასტურა ზ.შ-ან სესხის სახით თანხების მიღების ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, 2009 წლის 05 ივნისს 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარი; 2009 წლის 06 ივნისს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი; 2009 წლის 16 ივნისს 58 000 (ორმოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარი; 2010 წლის 25 თებერვალს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი; 2010 წლის 01 მარტს 6 000 (ექვსი ათასი) აშშ დოლარი; 2010 წლის 07 ოქტომბერს 20 800 (ოცი ათას რვაასი) აშშ დოლარი; 2010 წლის 25 ოქტომბერს 21 050 (ოცდაერთი ათას ორმოცდაათი) აშშ დოლარი; 2010 წლის 30 ნოემბერს 18 500 (თვრამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარი.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდებოდა სადავო თანხების შპს ,,მ-ს+ის” ანგარიშზე მოხვედრის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები კი, როგორც კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება არ უნდა გაზიარებულიყო, დაუსაბუთებელი იყო საქმის განმხილველი სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის ხარჯზე მოპასუხის გამდიდრების თაობაზე და ამასთან, არ დგინდებოდა მხარეთა შორის რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სააპელაციო საჩივრის აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ დავაში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა ა.შ-ის, როგორც შპს ,,მ-ს+ის“ დირექტორის მიერ მოსარჩელისაგან სადავო თანხების სესხად მიღების ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რაც განმსაზღვრელია მხარეთა, ერთის მხრივ, ზ.შ-ის და მეორეს მხრივ, შპს ,,მ-ს+ს“ შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, ვინაიდან ა.შ-ის, როგორც შპს ,,მ-ს+ის“ დირექტორსათვის თანხის გადაცემა უკვე გულისხმობს შპს-სათვის თანხის გადაცემას და შესაბამისად, სადავო (2010 წლის 03 დეკემბრის ხელწერილით დადასტურებული) თანხების შპს ,,მ-ს+ის“ ანგარიშზე შეტანის ფაქტობრივი გარემოება არ წარმოადგენდა მოცემული დავის გადაწყვეტისას დასადგენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის საფუძველზეც სასამართლომ უნდა დაადგინოს ან გამორიცხოს მხარეებს შორის ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე პალატამ გაამახვილა ყურადღება იმდენად, რამდენადაც ამონაწერების შესაბამისად, ა.შ-ის მიერ შპს ,,მ-ს +ის“ ანგარიშზე განხორციელებული შენატანების თარიღები და ოდენობები ემთხვეოდა ა.შ-ის მიერ 2010 წლის 03 დეკემბრის ხელწერილით დადასტურებული თანხების ოდენობებს და მიღების თარიღებს და როგორც ირიბი მტკიცებულება ხელწერილთან ერთობლიობაში იძენდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მნიშვნელობას. ხელწერილში მითითებული პერიოდულობით ა.შ-ის (შპს ,,მ-ს+ის“ დირექტორის) მიერ თანხების მიღების ფაქტობრივ გარემოების დასადგენად, როგორც დამატებითი მტკიცებულება.

საქმეში წარმოდგენილია HCBS ბანკის ამონაწერით სასამარტლომ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,მ-ს+ის” ანგარიშზე შეტანილია 424 350 აშშ დოლარი ზუსტად იმ პერიოდების შესაბამისად, რა პერიოდშიც მოსარჩელე ზ.შ-ი აცხადებდა პრეტენზიას ა.შ-ის, როგორც შპს,, მ-ს+ის” დირექტორისათვის თანხების გადაცემის თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 31-37). აპელანტის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ ,,დოკუმენტი მოპოვებულია კანონის დარღვევით, რის გამოც არ შეიძლება მიენიჭოს იურიდიული ძალა“, პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათი შეაფასება 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს კომპეტენციაა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 341 მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა უნდა შეფასებულიყო როგორც სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალის არსებობის აღიარება, კერძოდ, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ 2010 წლის 03 დეკემბრის ხელწერილს, რომლის შინაარსიდან გამომდინარეობს შემდეგი: ,,მე როგორც შპს ,,მ-ს+ის“ დირექტორი ა.შ-ი ვადასტურებ, რომ ზ.შ-მა სესხის სახით გადმომცა......“კერძოდ, ა.შ-მა აღიარა სესხიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა, ვალდებულების შესრულებლის კონკრეტული ვადის მითითების გარეშე. აღნიშნული, პალატის მოსაზრებით უნდა შეფასდეს, როგორც ვალდებულების შესრულების დაპირება განუსაზღვრელი ვადით, რაც სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით კრედიტორს ანიჭებს უფლებას ნებისმიერ დროს მოითხოვოს შესრულება, მოცემულ შემთხვევაში, სესხის თანხის დაბრუნება. პალატამ მიიჩნია, რომ 2010 წლის ხელწერილის შინაარსი ცხადყოფადა, რომ მოპასუხე არამარტო ვალდებულების არსებობის ფაქტს ადასტურებდა, არამედ გამოხატავდა ნებას ვალდებულების სამომავლოდ შესრულების თაობაზე. ხელწერილის მეორე ელემენტზე სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ მართალია ხელწერილში არ იყო პირდაპირი მითითება, დაპირება თანხის დაბრუნების (გადახდის) შესახებ, თუმცა ხელწერილის შინაარსიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობდა აღნიშნული, კერძოდ, მოპასუხის დადასტურება, რომ გადაცემული თანხა სწორედ ,,სესხის სახით მიიღო“, პალატის მოსაზრებით, ნიშნავდა სწორედ იმას, რომ მან ამ თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა. აღნიშნული მსჯელობის საფუძვლად პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტო,ბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-ს +მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარცელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 3 დეკემბრის ხელწერილით ა.შ-ი, როგორც შპს „მ-ს +ის“ დირექტორი ადასტურებდა, რომ ზ.შ-ან სესხის სახით სხვადასხვა დროს მიიღო თანხები. პალატამ წარმოდგენილი მტკიცებულებებიარ განიხილა ერთობლიობაში, რამაც საქმ,ეზე არასწორი და არასამართლიანი გადაწყვეტიელბის გამოტანა განაპირობა, ამასთან უსაფუძვლოდ და არასწორად არ გაიზიარა ა.შ-ის განმარტა 2010 წლის 3 დეკემბრის დოკუმენტის სიყალბესტან დაკავშირებით. სასამართლომ შეტანილი თანხების ოდენობასთან დაკავშირებით, არასწორად დაეყრდნო HSBC ბანკის ამონაწერს, ვინაიდან იგი კანონდარღვევითაამოპოვებული. სააპელაციო სასამარტლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი. მიუხედავად იმისა 2010 წლის 3 დეკემბრის ხელწერილი ყალბია, იგი რომც არ ყოფილიყო ყალბი, მაინც ვერ მოექცეოდა მითიტებული ნორმის რეგულირების სფეროში, ერთი მხრივ იმიტომ, რომ მითიტებული ხელწერილი არ შეიცავს ისეთ არსებით პირობებს, როგორიცაა მხარის აღიარება, რომლითაც კისრულობს რაიმე სახის ვალდებულებას, ხოლო მეორე მხრივ, ხელწერილი დათარიღებულია 2010 წლის 3 დეკემბრით, ანუ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში, რაც იმთავითვე გამორიცხავს ვალის აღიარების ხელშეკრუელბას. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 102-103-ე მუხლები, რომლის საფუძველზეც არსებითად გამოიკვლევდა მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ობიექტური შეფასებების საფუძველზე, სამართლებრივად სწორ შედეგს მიირებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს „მ-ს+ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ-ს+ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „მ-ს+ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000) ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ-ს+ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 21 დეკემბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000) ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე