Facebook Twitter

№ ას-1570-1473-2012 1 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა.გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საიკუთრების უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ჩ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2008 წლის 27 სექტემბერს მ.ჩ-სა და ა.გ-ს შორის დადებული №1-7265 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, და ა.გ-ის საკუთრების უფლების აღდგენა, თბილისში, ს-ის დასახლების, 26-ე კოპუსში მდებარე ბინა №33-ზე შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 27 სექტემბერს მ.ჩ-სა და ა.გ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს მოსარჩელესთვის საკუთრებაში უნდა გადაეცა 24 000 აშშ დოლარი. ამასთან, მოპასუხის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთა მოსარჩელის კუთვნილი 64.00 კვ.მ ფართის ბინა №33 მდებარე: თბილისში, ს-ის დასახლება კორპ. 26 ბ. 33. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...). მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2008 წლის 27 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა გადასცა მ. ბ-ს. რაშიც ვლინდება მისი მოტყუების ფაქტი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მოსარჩელის მოტყუების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ა.გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ა.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამარტლომ საქმეზე დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 27 სექტემბერს მ.ჩ-ეს და ა.გ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 24 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვით, ერთი თვის ვადით.

მოპასუხის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთა მოსარჩელის კუთვნილი 64.00 კვ.მ ფართის ბინა №33, მდებარე: თბილისი, ს-ის დასახლება, კორპ. 26 ბ. 33. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...) (ტ. I. ს.ფ. 12-15).

შპს ,,შალვა ქურდაძე და კომპანია” მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2009 წლის 1 მაისის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საარბიტრაჟო მოპასუხემ - ა.გ-მა მთლიანად ცნო და აღიარა მის მიმართ მ.ჩ-ის პრეტენზია თანხის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, არბიტრაჟის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტი-ლება საარბიტრაჟო პრეტენზიის დაკმაყოფილების თაობაზე (ტ. I. ს.ფ. 23).

2009 წლის 20 ნოემბერს გამართულ პირველი იძულებითი საჯარო აუქციონის ოქმიდან გამომდინარე, შპს ,,შალვა ქურდაძეს და კომპანიის” მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, განხორციელდა ა.გ-ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, ბინის, მდებარე: თბილისი, ს-ის დასახლება, კორპ. 26 ბ. 33. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, რის შედეგადაც მითითებული ნივთის შემძენი გახდა ვ. მ-ი (ტ. I. ს.ფ. 23).

2010 წლის 5 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 64.00 კვ.მ ფართის ბინა №33-ზე, მდებარე: თბილისი, ს-ის დასახლება, კორპ. 26 ბ. 33. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...) რეგისტრი-რებული იყო ვ. მ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - განკარგულება №01/01-35/09-2204, დამოწმების თარიღი 20/11/2009, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის სააღსრულებო ბიურო (ტ. I. ს.ფ. 18-19).

2010 წლის 5 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 64.00 კვ.მ ფართის ბინა №33-ზე, მდებარე: თბილისი, ს-ის დასახლება, კორპ. 26 ბ. 33. (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...) რეგისტრირებულია მ. რ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 29/06.2010 (ტ. I. ს.ფ. 20-21).

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მიზნით, მოპასუხე მ.ჩ-ის მხრიდან მოსარჩელე ა.გ-ის მოტყუების ფაქტი. პალატის განმარტებით, მოტყუების დროს სახეზეა ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, დადგენილია, რომ 2008 წელს ა.გ-მა გაიცნო მ. ბ-ი, რომელთანაც ჩამოუყალიბდა ნორმალური ურთიერთობა. 2008 წლის აგვისტოში მ. ბ-მა ახლობლის, დ. გ-ის, ბინა დატვირთა იპოთეკით და სესხად მ. ჩ-ან აიღო 20 000 აშშ დოლარი. ვინაიდან, ბინის მესაკუთრე სთხოვდა ბინის გათავისუფლებას, ხოლო მ. ბ-ი ვერ ახერხებდა თანხის გადახდას, მან შესთავაზა ა.გ-ს თევზის ბიზნესის წარმოება, რისთვისაც საჭირო იყო ფულადი სახსრები. მ. ბ-მა მას შესთავაზა კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, რის თაობაზეც იგი დათანხმდა. ა.გ-მა, ნდობის საფუძველზე, 2008 წლის 27 სექტემბერს მ. ბ-ის მიერ მოძიებულ იპოთეკარ მ. ჩ-ან გადააფორმა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ა. გ-მა მ.ჩ-ან ისესხა 24 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთა ა.გ-ის კუთვნილი ბინა, მდებარე: ქ. თბილისი, ს-ის დას. კორპუსი 26, ბინა 33. თუმცა, ხელშეკრულების თანახმად, თანხა ა.გ-ის არ გადაუცია. რეალურად დ. გ-ის ბინა ჩაანაცვლა ა.გ-ის ბინამ. მითითებული განაჩენის მიხედვით, მოსარჩელის მოტყუების ფაქტს ადგილი ჰქონდა არა ხელშეკრულების მხარის, არამედ - მ. ბ-ის მხრიდან, რის საფუძველზეც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ. ამდენად, განაჩენით მოსარჩელის მოტყუების ფაქტი დადგენილია მესამე პირის მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებდა ამ გარიგებიდან. კონკრეტულ შემთხვევაში პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ სადავო ხელშეკრულების დადების მიზანს წარმოადგენდა თანხის მოძიება ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით. ამასთან, მოსარჩელესთვის ცნობილი იყო, რომ მითითებული მიზნის მისაღწევად თანხა უნდა განეკარგა მ. ბ-ს. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოიშვა მოსარჩელის ნების გამოვლენის საფუძველზე, ხოლო მისი მოტყუება გამოვლინდა იმ ფაქტობრივ გარემოებაში, რომ არანაირი ერთობლივი საქმიანობა მ. ბ-ს არ უწარმოებია და მან მიისაკუთრა მოსარჩელის კუთვნილი 24 000 აშშ დოლარი. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, რომ მ. ბ-ი და მოპასუხე მოქმედებდნენ შეთანხმებულად, მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ მ.ჩ-ეს და ა.გ-ს შორის დადებული 2008 წლის 27 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ არის დადებული ა.გ-ის მოტყუების შედეგად. ამასთან, მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა მ. ბ-ის მხრიდან მოსარჩელის მოტყუების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და აღნიშნულტან დაკავშირებით მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128.1-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებიდან ირკვეოდა, რომ მისი მოტყუების ფაქტი გამოვლინდა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მიუღებლობით. ასევე, მისივე ჩვენებით დადგინდა, რომ თანხა მიღებული ჰქონდა მ. ბ-ს, მისთვის ცნობილი გახდა ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში. ამდენად, მისთვის თავისი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ 2008 წელს, შესაბამისად, გასულია მოტყუებით დადებული გარიგების შეცილების კანონით განსაზღვრული ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ოქტო,ბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება სემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასმართლომ არასაკმარისად იმსჯელა მის მოთხოვნაზე და ძირითადად დაეყრდნო თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, სამართლებრივად არ დაასაბუთა და არ შეამოწმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა.გ-ი თაღლითობის მსხვერპლია მოპასუხის ქმედების გამო. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მ.ჩ-ეს იგი არ მოუტყუებია და თაღლითობის ფაქტი მესამე პირის მხრიდან დგინდება, რაც არასწორია. სააპელაციო სასამარტლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ თითქოსდა 2009 წლის 1 მაისს ჩატარებულ საარბიტრაჟო სასამართლოზე მან პრეტენზია ცნო და აღიარა, რაც არასწორია. სააპელაციო სასამართლომ ასევე უმართებულოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 84-ე, 128-ე და 129-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ა.გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა.გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა.გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ა.გ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე