№ ას-1591-1494-2012 11 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჩ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მოძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ჩ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, შპს „დ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა, გათავისუფლდეს ყადაღისაგან შემოსავლების სამსახურის საგადასახადო საქმეთა ოფიცრების მიერ შ.პ.ს. ,,დ-ი”-ს საგადასახადო დავალიანების გამო ქ.თბილისში, ყ-ის ქუჩა №4-ში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი დასახელების ნივთები: 1) სამეული; 2) ტელევიზორი ,,AKAI”; 3) ტელევიზორის მაგიდა; 4) პიანინო; 5) ჟურნალების მაგიდა; 6) სკამი პატარა 4 ცალი; 7) სკამი (დიდი), 2 ცალი; 8) მაგიდა; 9) კარადა (ორკარიანი); 10) კარადა (ოთხკარიანი); 11) პიანინოს სკამი; 12) ტელევიზორი ,,GOLDშთAღI”; 13) გარდერობი; 14) კომოდი (სამ უჯრიანი); 15) ტუმბო, 2 ცალი; 16) საწოლი (ორ ადგილიანი), 2 ცალი; 17) კომპიუტერი; 18) კომპიუეტრის მაგიდა; 19) გარდერობი (სამკარიანი); 20) დივანი; 21) დენის გამათბობელი; 22) სამზარეულოს კარადა; 23) მაცივარი ,,შAMშUNG”; 24) სამზარეულოს მაგიდა; 25) სამზარეულოს სკამი, 6 ცალი; 26) ტელევიზორი ,,PHILIPშ”; 27) გაზქურა; 28) ჰაერის გამწოვი; 29) სარეხი მანქანა ,,LG”. მოსარჩელის მითითებით აღმასრულებლის მიერ აღწერილი ნივთები არის მისი საკუთრება, რის გამოც უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ნივთები არის მისი საკუთრება და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
მოპასუხე შ.პ.ს. ,,დ-მა” სარჩელი ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მ.ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან გათავისუფლდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო საქმეთა ოფიცრების მიერ შპს ,,დ-ის” საგადასახადო დავალიანების გამო ქ. თბილისში, ყ-ის ქუჩა #4-ში აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი დასახელების ნივთები: 1) სამეული; 2) ტელევიზორი ,,AKAI”; 3) ტელევიზორის მაგიდა; 4) პიანინო; 5) ჟურნალების მაგიდა; 6) სკამი პატარა 4 ცალი; 7) სკამი (დიდი), 2 ცალი; 8) მაგიდა; 9) კარადა (ორკარიანი); 10) კარადა (ოთხკარიანი); 11) პიანინოს სკამი; 12) ტელევიზორი ,,GOLDSTARI”; 13) გარდერობი; 14) კომოდი (სამ უჯრიანი); 15) ტუმბო, 2 ცალი; 16) საწოლი (ორ ადგილიანი), 2 ცალი; 17) კომპიუტერი; 18) კომპიუეტრის მაგიდა; 19) გარდერობი (სამკარიანი); 20) დივანი; 21) დენის გამათბობელი; 22) სამზარეულოს კარადა; 23) მაცივარი ,,SAMSUNG”; 24) სამზარეულოს მაგიდა; 25) სამზარეულოს სკამი, 6 ცალი; 26) ტელევიზორი ,,PHILIPS”; 27) გაზქურა; 28) ჰაერის გამწოვი; 29) სარეცხი მანქანა ,,LG”.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არ დასტურდებოდა დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მ.ჩ-ას საკუთრების უფლება.
პალატამ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 18 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო საქმეთა ოფიცრების მიერ შპს ,,დ-ის” საგადასახადო დავალიანების გამო აღიწერა და დაყადაღდა ქ. თბილისში, ყ-ის ქუჩა #4-ში მდებარე შემდეგი დასახელების მოძრავ ნივთებს: 1) სამეული; 2) ტელევიზორი ,,AKAI”; 3) ტელევიზორის მაგიდა; 4) პიანინო; 5) ჟურნალების მაგიდა; 6) სკამი პატარა 4 ცალი; 7) სკამი (დიდი), 2 ცალი; 8) მაგიდა; 9) კარადა (ორკარიანი); 10) კარადა (ოთხკარიანი); 11) პიანინოს სკამი; 12) ტელევიზორი ,,GOLDSTARI”; 13) გარდერობი; 14) კომოდი (სამ უჯრიანი); 15) ტუმბო, 2 ცალი; 16) საწოლი (ორ ადგილიანი), 2 ცალი; 17) კომპიუტერი; 18) კომპიუეტრის მაგიდა; 19) გარდერობი (სამკარიანი); 20) დივანი; 21) დენის გამათბობელი; 22) სამზარეულოს კარადა; 23) მაცივარი ,,SAMSUNG”; 24) სამზარეულოს მაგიდა; 25) სამზარეულოს სკამი, 6 ცალი; 26) ტელევიზორი ,,PHILIPS”; 27) გაზქურა; 28) ჰაერის გამწოვი; 29) სარეხი მანქანა ,,LG”. ქონების აღწერას ესწრებოდა და დაყადაღებული ნივთები შესანახად ჩაბარდა მ.ჩ-ას, რომელმაც აქტზე გააკეთა შენიშვნა, რომ შპს ,,დ-ს“ არ ეკუთვნოდა ყადაღის აქტში აღნიშნული ქონება (ტ.1. ს.ფ. 14-16).
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საცხოვრებელი სახლი მდებარე, ქ. თბილისში, ყ-ის ქუჩა #4-ში კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ირიცხება მოსარჩელე მ.ჩ-ას საკუთრების უფლებით. ასევე დადგენილია, რომ მ.ჩ-ა და გ. ბ-ი არიან მეუღლეები. 2011 წლის 10 დეკემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის N006-9916 ბრძანებით ირკვევა, რომ ყადაღა დაედო შპს ,,დ-ის” ქონებას (ტ.1. ს.ფ. 17). ამდენად, საქმის მასალებით ირკვევა დავალიანება ერიცხება კერძო სამართლის იურიდიულ პირს - შპს ,,დ-ს“, რომლის დირექტორია მ.ჩ-ას მეუღლე - გ.ბ-ი. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია მ.ჩ-ას კუთვნილ მოძრავ ნივთებზე აღსრულების მიქცევა იმ მოტივით, რომ იგი ქორწინებაში იმყოფება შპს ,,დ-ის“ დირექტორთან გ. ბ-ან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.“ ნორმის დანაწესი არ ითვალისწინებს საზოგადოების ფულადი ვალდებულებებისათვის საზოგადოების დირექტორის მეუღლის პასუხისმგებლობას.
რაც შეეხება საკითხს დაყადაღებულ მოძრავი ნივთების მ.ჩ-ას კუთვნილების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების წესი კონკრეტულ შემთხვევაში, პირდაპირ იყო დარეგულირებული გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით, კერძოდ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის საკანონმდებლო დანაწესით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. მაშასადამე, ამ ნორმის მაკვალიფიცირებელი გარემოებების არსებობის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი ეკისრება დაინტერესებულ მხარეს - მ.ჩ-ას.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 127–ე, 140-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხის დასადგენად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: თ. ჩ-ე, მ. მ-ი და ბ. ს-ა (მოისმინეთ 30.05.2012წ.-ის სხდომის ოქმის ჩანაწერი). მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმგვარი ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა სადავო მოძრავ ნივთებზე მ.ჩ-ას კუთვნილება, კერძოდ, მოწმე მ. მ-ის განმარტებით ,,1975 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ყ-ის ქუჩა #4-ში და მ.ჩ-ას ბინაში არსებული ნივთები, გარდა თანამედროვე ტექნიკისა დგას 1975 წლიდან. ნივთების დიდი ნაწილი შეძენილია მოსარჩელის აწ გარდაცვილი მშობლების მიერ“; მოწმე თ. ჩ-ის განმარტებით ,,მ.ჩ-ას საცხოვრებელ ბინაში არსებული ნივთები წლების წინ შეიძინა მ.ჩ-ას მშობლებმა. სარეცხის მანქანა განვადებით შეიძინა მ.ჩ-ამ. მანვე შეიძინა მაცივარი სს ,,ელიტ ელექტრონიქსში”, ტელევიზორი ,,სამსუნგი”, როდესაც ბინა გაყიდა მაშინ გადასცა მ.ჩ-ას“; მოწმე ბ. ს-ას განმარტებით, ,,1975-76 წლებში მ.ჩ-ას მამას დაეხმარა ბუხრის გაკეთებაში და ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ავეჯი, ასევე პიანინო, ტელევიზორი და მაცივარი იმ პერიოდშიც იყო საცხოვრებელ ბინაში.“
ამასთან, სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან დავის საგანია მოძრავი ნივთები, ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პრეზუმფცია, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, მოძრავი ნივთის მფლობელი მიიჩნევა მის მესაკუთრედ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისში, ყ-ის ქუჩა #4-ში მდებარე სახლი კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე აღრიცხულია მოსარჩელე მ.ჩ-ას საკუთრების უფლებით, ამიტომ, სააპელაციო პალატის აზრით, დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშეც, მ.ჩ-ა მიიჩნევა ამ სახლში არსებული ნივთების მესაკუთრედ. ამის საპირისპიროდ მოპასუხეს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში უნდა ემტკიცებინა საწინააღმდეგო, კერძოდ, მას უნდა ემტკიცებინა, რომ არ არსებობდა ნავარაუდევი ფაქტი მ. ჩ-ას მესაკუთრეობის შესახებ. ხოლო მარტოოდენ ის გარემოება, რომ ამავე სახლში მასთან ერთად ცხოვრობს მისი მეუღლე, რომელიც წარმოადგენს მოვალის - შპს ,,დ-ის“ დირექტორს არ წარმოადგენს სადავო ნივთებზე ყადაღის დადების საფუძველს.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან მოვალის - შპს ,,დ-ის“ რეგისტრაციის მისამართია თბილისში, ყ-ის ქუჩა #4, ამიტომ ამ სახლში განთავსებულ ნივთებზე სწორად მოხდა ყადაღის დადება. პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართზე განთავსებული ქონების იურიდიული პირის ქონებად მიჩნევის ვარაუდის საფუძველი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების შესახებ, რაც საკმარის საფუძველს წარმოადგენდა ამ ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს გადასახდელად დაეკისრა 150 ლარის გადახდა სარჩელზე და უზრუნველყოფის განცხადებაზე მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. პალატამ აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,შემოსავლების სამსახური თავისუფლდება სასამართლოებში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან“ და მიიჩნია, რომ ნორმის საკანონმდებლო დანაწესი არ გულისხმობს იმ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისაგან გათავისუფლებასაც, რომელიც გაიღო იმ მხარემ, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, არამედ ათავისუფლებს მხარეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი ბაჟისაგან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარემ ვერ წარმოადგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებითაც, შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მიერ სადავოდ გახდილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი ნივთები არ იყო შპს „დ-ის“ საკუთრება. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების კანონიერებასთან დაკავშირებით, არასწორია, ვინაიდან შემოსავლების სამსახური, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებული სახლემწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე