Facebook Twitter

№ ას-1597-1500-2012 11 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი, ზ. ი-ი, ე. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინაზე მესაკუთრედ ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის, ე. მ-სა და ზ. ი-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მ. გ-სა და ე. მ-ს შორის 2011 წლის 23 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა ქ. რუსთავში, თ-ას მე-2 ჩიხის №1-26 -ში მდებარე ბინაზე და აღნიშნული ბინის მესაკუთრედ ცნობა. ასევე, მ. გ-ის, მის სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 500 ლარის ოდენობით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი მოპასუხეების: მ. გ-ის, ზ. ი-სა და ე. მ-ის მიმართ, მ. გ-სა და ე. მ-ს შორის 2011 წლის 23 აგვისტოს დადებული №110886853 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ი. ჩ-ის სარჩელი მოპასუხეების: მ. გ-ის, ზ. ი-სა და ე. მ-ის მიმართ, ქ. რუსთავში, თ-ას მე-2 ჩიხი, №1-26-ში მდებარე ბინაზე ი. ჩ-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; ი. ჩ-ის სარჩელი მოპასუხე მ. გ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1994 წლის 28 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ი. ჩ-მა შეიძინა ოროთახიანი ბინა, მდებარე: ქ. რუსთავი, თ-ას მე-2 ჩიხი, №1-26-ში. ხელშეკრულება 1995 წლის 13 იანვარს რეგისტრირებულ იქნა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში.

2011 წლის 11 ივლისს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერის №274 ბრძანების საფუძველზე, ქ. რუსთავი, თ-ას მე-2 ჩიხი, კორპუსი №1-26-ში მდებარე ბინა საკუთრებაში გადაეცა მ. გ-ს და მასზე გაიცა საკუთრების მოწმობა №167. საჯარო რეესტრში ბინის მესაკუთრედ დარეგისტრირდა მ. გ-ი.

2011 წლის 15 ივლისს, ერთ მხრივ, მოპასუხე მ. გ-სა და მეორე მხრივ, მ. ფ-ეს და ვ. ლ-ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით; ამ ხელშეკრულების თანახმად, მ. გ-მა ქ. რუსთავი, თ-ას მე-2 ჩიხი, №1-26-ში მდებარე ბინა მიჰყიდა მ. ფ-სა და ვ. ლ-ს. ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის ფასი განისაზღვრა 12 320 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო გამოსყიდვის ვადა - სამი თვით, 2011 წლის 15 ოქტომბრამდე. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

2011 წლის 23 აგვისტოს მ. გ-მა ქ. რუსთავი, თ-ას მე-2 ჩიხი, №1-26-ში მდებარე ბინა გამოისყიდა მ. ფ-სა და ვ. ლ-ან. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

2011 წლის 23 აგვისტოს მ. გ-მა, 15 000 აშშ დოლარის (ხელშეკრულებაში მითითებულია 12000 აშშ დოლარი) გადახდის სანაცვლოდ, ქ.რუსთავში, თ-ას მე-2 ჩიხი, №1-26-ში მდებარე ბინა მიჰყიდა ე. მ-ს, საიდანაც მ. გ-მა 12 320 აშშ დოლარი გადაუხადა მ. ფ-სა და ვ. ლ-ს.

ქ. რუსთავი, თ-ას მე-2 ჩიხი, კორპუსი №1-26-ში მდებარე ბინა საჯარო რეესტრში აღრიცხულია ე. მ-ის სახელზე.

2012 წლის 29 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცდა ბრალდებულებთან მ. გ-ან და ზ. ი-ან დადებული საპროცესო შეთანხმება;

მ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

ზ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

მხარეთა შორის შეთანხმებული ბრალის მიხედვით, მ. გ-მა და ზ. ი-მა ძიებით დაუდგენელი პირისაგან შეიძინეს ქ. რუსთავი, თ-ას მე-2 ჩიხი, №1-26-ში მდებარე ბინის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი №23-28, რომლის თანახმადაც, რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით, ინფორმაცია მითითებულ ბინაზე საკუთრების უფლების შესახებ არ მოიპოვება. მითითებული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე, 2011 წლის 11 ივლისს თვითმმართველი ქ. რუსთავის მერიის №274 ბრძანების თანახმად, მ. გ-ს საკუთრებაში გადაეცა ბინა, მდებარე: ქ. რუსთავი, თ-ას მე-2 ჩიხი, №1-26-ში, რითაც დაზარალებულ ი. ჩ-ს მიადგა 33 000 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 183-ე, 185-ე და 312-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, 2011 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას, სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო მ. გ-ის სახელზე; ქონების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული იყო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი – 23/08/2011, ნოტარიუსი თ. ე-ი. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ე. მ-ის ცნობილი იყო ხელშეკრულების სიყალბისა და ნამდვილი მესაკუთრის ვინაობის შესახებ, მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა; ამასთან, შემძენის არაკეთილსინდისიერების დასადასტურებლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მან ნასყიდობის საგანი შეიძინა საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის დასკვნას, რომლის თანახმად, წარმოდგენილი სარჩელის მიხედვით, არ არსებობდა სადავო გარიგების - 2011 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა ბინაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა მოპასუხე მ. გ-ან და ზიანის წარმოშობის საფუძვლად უთითებდა, ქ.რუსთავში თ-ას მე-2 ჩიხი, №1-26-ში მდებარე ბინის კარებზე საკეტის გამოცვლას, თუმცა, მის მიერ აღნიშნული საკეტის დაზიანების ფაქტის და ამით გამოწვეული ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მ. გ-ის მიერ კარების დაზიანების ფაქტი ვერ დაადასტურა მოსარჩელემ, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილშიც დასაბუთებული იყო.

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძველი გახდა უკანონო გადაწყვეტილების მიღებისა, ამასთან, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ი. ჩ-ს არ ჰქონდა რაიმე შეხება არცერთ მოპასუხესთან.

კასატორის მოსაზრებით დაუსაბუთებელია რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითება, რომელიც გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმასტან დაკავსირებით, რომ ე. მრებრიშვილი არის კეთილსინდისიერი შემძენი და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ არამართებულია. აღნიშნულით მართებულად თვლიან ი. ჩ-ის საკუთრების ხელყოფას, რისთაც ირღვევა, მის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე