Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-161-154-2013 29 მარტი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ი. ლ-ი, ი. პ-ი, ნ. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა და გადახდილი თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ა. შეწყვეტილად იქნა ცნობილი მოსარჩელე დ. მ-სა და ამხანაგობა „ბ-ს“ შორის 2008 წლის 23 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება „ამხანაგობის წევრობის შესახებ“; ბ. მოპასუხეებს - ი. ლ-ს, ი. პ-ს და ნ. ქ-ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე დ. მ-ის სასარგებლოდ, დ. მ-ის მიერ 2008 წლის 8 იანვრის „განზრახულობათა მემორანდუმის“ საფუძველზე ამხანაგობა „ბ-ის“ გადახდილი თანხის 10 661 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება; გ. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად დაეკისრათ დ. მ-ის მიერ 2008 წლის 23 აპრილის ხელშეკრულების „ამხანაგობის წევრობის შესახებ“ საფუძველზე ამხანაგობა „ბ-ის“ გადახდილი თანხის 12 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ი. ლ-მა, ი. პ-მა და ნ. ქ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ი. ლ-ის, ი. პ-ის და ნ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ლ-მა, ი. პ-მა და ნ. ქ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 1163.05 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ნ. ქ-ს ასევე დაევალა მის მიერ გ. გ-ის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე რწმუნებულების ან ნ. ქ-ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ლ-ის, ი. პ-ის და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 1163.05 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით, ნ. ქ-ს დაევალა ასევე მის მიერ გ. გ-ის სახელზე გაცემული საკასაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე რწმუნებულების ან ნ. ქ-ის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2013 წლის 20 თებერვალს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ი. ლ-ის და ი. პ-ის წარმომადგენელ გ. გ-ეს (იხ. მინდობილობები, ტ.1, ს.ფ. 212-216), რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73.1 მუხლების მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორებისათვის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორების - ი. ლ-სა და ი. პ-ის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2013 წლის 21 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 25 თებერვალს. ამდენად, კასატორები უფლებამოსილი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2013 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება, 2013 წლის 18 მარტს, პირადად ჩაბარდა ნ. ქ-ს მის მიერ მითითებულ მისამართზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ნ. ქ-ის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 19 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 25 მარტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში ნ. ქ-ს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ლ-ის, ი. პ-ის და ნ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე