№ ას-1617-1518-2012 11 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. წ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. წ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. წ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ეთერ წ-ის სამკვიდრო ქონებიდან ½ წილის მიკუთვნება შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის განმარტებით, თავისი და -ე. წ-ი ცხოვრობდა დაბა ბაკურიანში, 1993 წლის 22 იანვრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მას გადაეცა საცხოვრებელი ფართი საიჯარო ტურისტულ ცენტრ „მზიური ველისაგან“. ე. წ-ს, რომელიც გარდაიცვალა ... წლის ... იანვარს, არ ჰქონდა საკუთარი ოჯახი და პირველი რიგის მემკვიდრე არ დარჩენია. მოპასუხე არის მისი გარდაცვლილი ძმის შვილი და ისიც ითვლება მეორე რიგის მემკვიდრედ. მოპასუხემ 2011 წლის 30 აგვისტოს განცხადებით მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მიუთითა, რომ ე. წ-ს არ ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეები და მოითხოვა უსასყიდლო პრივატიზაცია. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც ბორჯომის სანოტარო ბიუროში გაიცა სამკვიდრო მოწმობა 2011 წლის 18 ოქტომბრის განცხადებაზე და ბინა აღირიცხა მის სახელზე საჯარო რეესტრში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარ, ზ. წ-მა მოითხოვა ე. წ-ის სამკვდრო ქონების ნახევრის მიკუთვნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. წ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ზ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 მაისის №110 ბრძანებით გაუქმდა რა 2011 წლის 30 დეკემბრის №335 ბრძანების მე-5 პუნქტი, თ. წ-ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში ა-ის ქუჩა №104-ში მდებარე №7 ბინის გადაცემის თაობაზე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2012 წლის 24 მაისის №111 ბრძანებით ბათილად იქნა რა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2011 წლის 30 დეკემბრის №48 საკუთრების უფლების მოწმობა თ. წ-ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში ა-ის ქუჩა №104-ში მდებარე №7 ბინის გადაცემის თაობაზე, აღნიშნული წარმოადგენდა ზ. წ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატის მითითებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2011 წლის 30 დეკემბრის №335 ბრძანებით და 2011 წლის 30 დეკემბრის საკუთრების უფლების №48 მოწმობით დასტურდებოდა, რომ თ. წ-ს საკუთრებაში გადაეცა 45.7მ2 იზოლირებული საცხოვრებელი ფართი, მდებარე ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დ. აღმაშენებლის ქ. №104, ბინა №7. (ტ. I, ს.ფ. 23-25);
დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 მაისის №110 ბრძანებით გაუქმდა 2011 წლის 30 დეკემბრის №335 ბრძანების მე-5 პუნქტი, თ. წ-ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში ა-ის ქუჩა №104-ში მდებარე №7 ბინის გადაცემის თაობაზე. (ტ. I, ს.ფ. 85)
ასევე დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2012 წლის 24 მაისის №111 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2011 წლის 30 დეკემბრის №48 საკუთრების უფლების მოწმობა თ. წ-ის ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში ა-ის ქუჩა №104-ში მდებარე №7 ბინის გადაცემის თაობაზე. (ტ. I, ს.ფ. 86);
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2012 წლის 25 მაისის №113 ბრძანებით და №24 საკუთრების უფლების მოწმობით დასტურდება, რომ აწ გარდაცვლილ ე. წ-ს საკუთრების უფლებით ეკუთვნის 45.7მ2 იზოლირებული საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის, დ. ა-ის ქ. №104, ბინა №7. (ტ. I, ს.ფ. 87-88)
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 18 იანვრის სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ თ. წ-ს მიღებული აქვს ე. წ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონება სრულად. (ტ. I, ს.ფ. 26)
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ თ. წ-მა მიიღო ე. წ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილი ითვლება, რომ იგი სრულად დაეუფლა ამ უკანასკნელის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, მათ შორის 45.7მ2 იზოლირებულ საცხოვრებელ ფართს, მდებარე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის, დ. ა-ის ქ. №104, ბინა №7-ში.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენეტებით დგინდება, რომ სადავო უძრავი ნივთზე საკუთრების უფლება კვლავ ეკუთვნის მოპასუხე თ. წ-ს, როგორც ე. წ-ის ერთადერთ მემკვიდრეს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გაუშვა სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა, მას არ დაუკარგავს სამკვიდროს მიღების უფლება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილსა და 1424-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმები სამკვიდროს მიღებას უკავშირებს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მემკვიდრის მიერ სამკვიდროს დაუფლების სურვილს, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაცაა დანაშთი სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანა სამკვიდროს მიღების შესახებ ან დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად ფლობა და მართვა. იმის გათვალისწინებით, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება და დამოკიდებულია სამკვიდროს მიმღების ნება-სურვილზე, ამიტომ ამ შემთხვევაში, განმსაზღვრელია გამოხატა თუ არა ეს ნება მემკვიდრემ და რა გზით მოხდა მისი განხორციელება. აგრეთვე ისიც, თუ რა ვადაში განხორციელდა ამგვარი მოქმედება, ვინაიდან ამგვარი ნება მემკვიდრემ უნდა გამოავლინოს სწორედ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ანუ, სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვეში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში აწ გარდაცვლილი ეთერ წ-ის დანაშთი სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს; ხოლო რაც შეეხება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მეორე ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე შეუდგა თუ არა სამკვიდროს ფლობასა და მართვას მოსარჩელე ზ. წ-ი, რითაც ფაქტობრივად გამოხატა სუბიექტური ნება დაუფლებოდა ე. წ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, აღნიშნული ფაქტი თვითონვე უარყო მოსარჩელემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე და განმარტა, რომ ,,მას ფაქტობრივი ფლობით ე. წ-ის სამკვიდრო ქონება არ მიუღია“ (18.10.2012წ.-ის სხდომის ოქმის ჩანაწერი).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. წ-ის მოთხოვნა ე. წ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელი იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. წ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო განჩინება, რომ არ უმსჯელია, როგორ მიიღო თ. წ-მა სამკვიდრო ქონება, ვინაიდან იგი ფაქტობრივად მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით დაეუფლა ქონებას, არ გაამხილა, რომ მეორე რიგის მემკვიდრე არის მისი ბიძაც – ზ. წ-ი. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე, ამასთან არაჯეროვნად შეაფასა 2012 წლის 25 მაისის 113-ე, 111-ე ბრძანებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე