№ ას-1624-1524-2012 14 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. ხ-ა, ი. ხ-ა და შ. ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ს-ე, კ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ხ-ამ, ი. ხ-ამ და შ. ხ-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში კ. მ-სა და თ. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხეებს შორის 2009 წლის 13 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეთა განმარტებით, ი. ხ-ას 1993 წლის 30 მარტის ხელშეკრულებით საკუთრებაშინ გადაეცა ქ. ქუთაისში, ს. ს-ას (ყოფ. მ-ის) ქუჩის №89/32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც მოსარჩელეები ფლობდნენ 1989 წლიდან. 2009 წლის ოქტომბერში მოსარჩელეების ნათესავს მოპასუხე კ. მ-ეს ესაჭიროებოდა ფული, რის გამოც მათთან შეუთანხმებლად დაუკავშირდა ქ. ქუთაისში მოქმედ შპს „რეესტრსერვისი ქუთაისის“ მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟის არბიტრს კ. ც-ეს და მოსთხოვა მათ საკუთრებაში არსებულ, ქ. ქუთაისში, ს. ს-ას (ყოფ. მ-ის) ქუჩის №89/32-ში მდებარე უძრავი ქონების თავის სახელზე გადაფორმება. კ. ც-ემ 2009 წლის 12 ოქტო,ბერს დაამზადა ყალბი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და მის საფუძველზე, 2009 წლის 13 ოქტომბერს საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა კ. მ-ე, რომელმაც იმავე დღეს საცხოვრებელი ბინა გადაუფორმა თ. ს-ეს. სანაცვლოდ კი, მისი მეუღლისაგან – გ. მ-ან ისესხა 13 000 აშშ დოლარი.
აღნიშნულ ფაქტთან წარმოშობილი დავის გამო, კ. მ-სა და კ. ც-ის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადსტურდა მათი დანაშაულებრივი ქმედება. სისხლის სამართლის საქმის მასალებით, მათ შორის გ. მ-სა და თ. ს-ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ კ. მ-ეს ბინა არ გაუყიდია, მან ფული ისესხა თ. ს-სა და გ. მ-ან, თუმცა სესხის ნაცვლად დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება. ამდენად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს კ. მ-სა და თ. ს-ეს შორის 2009 წლის 13 ოქტო,ბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
მოპასუხე კ. მ-ემ შესაგებელი არ წარმოადგინა.
მოპასუხე თ. ს-ემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ხ-ას, ი. ხ-სა და შ. ხ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კ. მ-სა და თ. ს-ეს შორის 2009 წლის 13 ოქტომბერს ქ.ქუთაისში ს.ს-ას ქ. №89/32-ში მდებარე უძრავი ქონების თაობაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისში, ს.ს-ას ქ. №89/32-ში - უნდა აღირიცხოს ი. ხ-ას საკუთრებაში და აღნიშნული ბინა იპოთეკით დაიტვირთოს კ. მ-სა და თ. ს-ეს შორის 2009 წლის 13 ოქტომბერს 13 000 ა.შ.შ. დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ასევე საჯარო რეესტრში განხორციელდეს აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ხ-ამ, ი. ხ-ამ და შ. ხ-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ი. ხ-ას, ი. ხ-სა და შ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1993 წლის 30 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებით მოსარჩელე ი. ხ-ას საკუთრებაში გადაეცა ქ.ქუთაისში, მ-ის ქუჩა №89/32-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა.
2011 წლამდე ბინა წარმოადგენდა ი. ხ-ას საკუთრებას.
დავის დაწყებამდე და მას შემდეგაც ი. ხ-ა და შ. ხ-ა ქ. ქუთაისში მ-ის ქუჩა №89/32-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეებად რეგისტრირებული არ არიან.
კ. მ-ე და ი. ხ-ა არიან ახლო ნათესავები.
საქმეში არსებული მხარეთა განმარტებებით, დადგენილია, რომ კ. მ-ეს სურდა ფულის სესხება. ამ მიზნით, ის დაუკავშირდა გ. მ-ს და მოსთხოვა 13 000 ა.შ.შ. დოლარის სესხად გაცემა. გ. მ-ი დაპირდა სესხის გაცემას, მაგრამ მოითხოვა შესაბამისი გარანტიები. კ. მ-ე მივიდა მოსარჩელეებთან, აუხსნა რომ ჭირდებოდა ფული და ფულის გარანტისაათვის მოსთხოვა მათი უძრავი ქონების გამოყენება. მოპასუხეებმა კ. მ-ეს გადასცეს ქონების დოკუმენტები.
საქმეში არსებული კ. მ-ის დაკითხვის ოქმით (ს/ფ 140-143), აგრეთვე, მოსარჩელეთა განმარტებით, დადგენილია, რომ ი. ხ-ას პირადობის მოწმობა და საჯარო რეესტრის მონაცემები არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, რის გამოც კ. მ-ეს ხელი ეშლებოდა ბინის სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებაში. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად კ. მ-ე შეუთანხმდა შ.პ.ს. ,,რეესტრ სერვის ქუთაისის” მუდმივმოქმედ კერძო არბიტრს, რომ ის დაეხმარებოდა მისი ნათესავის ბინის გადაფორმებაში. ამ მიზნით, მან კერძო არბიტრთან განცხადება წარადგინა და მოსთხოვა ქ.ქუთაისში, ს. - ს-ას გამზ. №89/32-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობა. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. მ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ბინის მესაკუთრედ.
დადგენილია, რომ კ. მ-ემ შ.პ.ს. ,,რეესტრ სერვის ქუთაისის” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრის კ. ც-ის გადაწყვეტილება წარადგინა საჯარო რეესტრში და დარეგისტრირდა ქ.ქუთაისში, ს. - ს-ას გამზ №89/32-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ.
. 2009 წლის 13 ოქტომბერს კ. მ-ემ გ. მ-ან ისესხა 13 000 ა.შ.შ. დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად შესთავაზა ქონების გადაფორმება. ისინი შეთანხმდენ, რომ სესხის დაბრუნების შემდეგ ბინას გადაიფორმებდა უკან. შეთანხმების შემდეგ გ. მ-მა თანხა გადასცა კ. მ-ეს, ხოლო კ. მ-ემ არბიტრის მეშვეობით მიღებული ბინა გაუფორმა გ. მ-ის მეუღლეს თ. ს-ეს. ამ მიზნით, კ. მ-ე-სა და თ. ს-ეს შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისში, ს. - ს-ას გამზ. № 89/32(ყოფ. მ-ის ქ.).
მოსარჩელეების განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო კ. მ-სა და კ. ც-ის მიმართ. მათ ქმედება სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა დანაშაულად და მათ მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 06 ივნისის განაჩენით კ. მ-ე და კ. ც-ე ცნობილი იქნენ დამნაშავედ ქ.ქუთაისში ს. - ს-ას გამზ. № 89/32-ში მდებარე ი. ხ-ას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებაში და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გამოყენებაში.
ი. ხ-ამ სარჩელი აღძრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და შ.პ.ს. ,,რეესტრსერვისი ქუთაისის” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება გახადა სადავო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა შ.პ.ს. ,,რეესტრსერვისი ქუთაისის” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
საქმეში არსებული ა. და გ. ხ-ის, გ. მ-სა და კ. მ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ კ. მ-ეს სურდა ფულის სესხება. ფულის სესხების მიზნით საერთო ახლობლების მეშვეობით დაუკავშირდა გ. მ-ს და მოსთხოვა ფულის 13 000 ა.შ.შ. დოლარის სესხად გაცემა. გ. მ-ი ფულის გასესხებას დაჰპირდა სანაცვლო გარანტიით. კ. მ-ემ მოიწონა სესხის პირობა და გ. მ-ს დაპირდა, რომ სესხს უზრუნველყოფდა ახლობლის ბინით (ს.ფ.144; 96-100; 118-127; 140-143; 161-166).
საქმეში არსებული ი. ხ-სა და შ. ხ-ას განმარტებით დადგენილია, რომ კ. მ-ემ, მის ახლო ნათესავებს ი. ხ-ას, ი. ხ-ას და შ. ხ-ას მოსთხოვა დახმარებოდენ სესხის გამოტანაში და სესხის გარანტიისათვის გადაეცა თავიანთი უძრავი ქონება. ი. ხ-ამ, ი. ხ-ამ და შ. ხ-ამ იცდნენ, რომ ბინის საბუთებსა და პირადობის მოწმობებში იყო გარკვეული პრობლემები და კ. მ-ე ვერ მოახერხებდა კანონიერი გზით მათი ქონების სესხის სანაცვლოდ დატვირთვას, ამიტომ მათ ბინის საბუთები და პირადობის მოწმობები გადასცეს კ. მ-ეს.
დადგენილია, რომ კ. მ-ემ, დოკუმენტების არასრულყოფილების გამო, ვერ შეძლო ი. ხ-ას საკუთრებად რეგისტრირებული ქონების სესხის სანაცვლოდ სამართლებრივად დატვირთა, რის გამოც დანაშაულებრივად დაუკავშირდა შ.პ.ს. ,,რეესტრ სერვის ქუთაისის” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრს, შეთანხმდენ, რომ არბიტრი დაეხმარებოდა მისი ნათესავის ბინის გადაფორმებაში. ამ მიზნით, მან კერძო არბიტრთან განცხადება წარადგინა და მოითხოვა ქ.ქუთაისში, ს. - ს-ას გამზ. №89/32-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობა. მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. მ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ბინის მესაკუთრედ. კ. მ-ემ შ.პ.ს. ,,რეესტრ სერვის ქუთაისის” მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის არბიტრის კ. ც-ის გადაწყვეტილება წარადგინა საჯარო რეესტრში და დარეგისტრირდა ქ.ქუთაისში, ს. - ს-ას გამზ №89/32- ში მდებარე ქონების მესაკუთრედ.
გ. მ-მა მოითხოვა გარანტიისათვის გამიზნული ბინის დათვალიერება. კ. მ-ემ გ. მ-ი მიიყვანა ბინაში, რა დროსაც მას თან ახლდა შ. ბ-ე, გ. და ა. ხ-ი. გ. და ა.-ი დარჩნენ ეზოში, ხოლო კ. მ-ე, შ. ბ-ე და გ. მ-ი შევიდნენ ბინაში. სახლში ასევე იმყოფებოდნენ მოსარჩელეთა ოჯახის წევრები, მათ შორის, შ. ხ-ა და ი. ხ-ა. გ. მ-მა დაათვალიერა ბინა და მოიწონა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 623-ე, 286-ე, 289-ე მუხლებით და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო მატერიალური და საპროცესო კანონების ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ნაწილობრივ ი. ხ-ას, ი. ხ-ას და შ. ხ-ას სარჩელი, შესაბამისად, სწორად ცნო ბათილად კ. მ-სა და თ. ს-ეს შორის 2009 წლის 13 ოქტომბერს ქ.ქუთაისში, ს.-ს-ას ქუჩის №89/32-ში მდებარე უძრავი ქონების თაობაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ასევე სწორად გადაწყვიტა, რომ ნასყიდობის საგანი უძრავი ქონება მდებარე ქ.ქუთაისში, ს.ს-ას ქუჩის №89/32-ში, რომ უნდა აღირიცხოს ი. ხ-ას საკუთრებაში და რომ აღნიშნული ბინა იპოთეკით უნდა დაიტვირთოს კ. მ-სა და თ. ს-ეს შორის 2009 წლის 13 ოქტომბერს 13 000 ა.შ.შ. დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. სასამართლომ სწორადვე გადაწყვიტა ასევე, რომ საჯარო რეესტრში განხორციელებულიყო აღნიშნული ცვლილების რეგისტრაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ხ-ამ, ი. ხ-ამ და შ. ხ-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვის ნაწილში, რომლითაც დაიტვირთა კასატორების საცხოვრებელი ბინა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოწინააღმდეგე მხარის სესხის უზრუნველსაყოფად, ქ. ქუთაისში, ს-ას გამზირის №89/32-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის იპოთეკით დატვირთვაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ რეალურ მტკიცებულებებს, კერძოდ, კასატორებს რაიმე თანხმობა მათი ბინის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე არ განუცხადებიათ. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ და უსაფუძვლოდ, იპოთეკასთან დაკავშირებით არასწორად განმარტა კანონი და უგულებელყო სამართლებრივი ნორმები, ამასთან გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით ი. ხ-ას, ი. ხ-სა და შ. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ხ-ას, ი. ხ-სა და შ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ხ-ას, ი. ხ-სა და შ. ხ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1078.87) ლარის 70% – 755.21 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ხ-ას, ი. ხ-სა და შ. ხ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს დაუბრუნდეთ ი. ხ-ას მიერ 2013 წლის 21 იანვარს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1078.87) ლარის 70% – 755.21 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე