Facebook Twitter

№ას-1625-1525-2012 15 მარტი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ.ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა,

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.მ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ა 2007-სა“ და მ.ხ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მითითებული ამხანაგობის წვერთა 2007 წლის 2 დეკემბრის საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, გ.მ-ეს, როგორც მხატვართა კავშირის წევრს, 1991 წლის 7 მაისის N702 ორდერით, სახელოსნოს მოსაწყობად, უსასყიდლოდ გადაეცა ქ. თბილისში ვ-ის პირველ მ/რ-ში მდებარე N35 კორპუსში არსებული სხვენი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ა 2007-ის“ წვერთა 2007 წლის 22 მაისის საერთო კრების ოქმით აღნიშნული სხვენი მ.ხ-ს გადაეცა ინდივიდუალურ საკუთრებაში. ამგვარი უფლებამოსილება ამხანაგობას არ გააჩნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მ-ა 2007-ის“ 2007 წლის 2 დეკემბრის კრების ოქმი ქ. თბილისში, ვ-ი 3, I მ/რ, კორპუსი 35-ში მდებარე 77,08 კვ.მ სხვენის მ.ხ-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ.ხ-მა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა 2007-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.თბილისში, ვ-ი 3, პირველ მ/რ-ის, N35 კორპუსში მდებარე 77,08 მ2 სხვენი რეგისტრირებულია მ.ხ-ის საკუთრებად (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ამხანაგობის 2007 წლის 02 დეკემბრის კრების ოქმი, ამხანაგობა ,,მ-ა 2007“-ს კრების ოქმი დამოწმებული 2007 წლის 30 მაისს);

2. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო მეურნეობის სამმართველოს არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა- განაწილების სამმართველოს 1991 წლის 7 მაისის №702 ორდერის მიხედვით, ფერმწერ გ.მ-ეს ქ.თბილისში, ვ-ი 3, I მ/რ-ის, კორპუს N35-ში გადაეცა 60მ2 სხვენ-სართული შემოქმედებითი სახელოსნოსათვის (საფუძველი: ისნის რაისაბჭოს აღმასკომის 1991 წლის 28 მარტის №4-27/163 განკარგულება);

3. საქართველოს მხატვართა კავშირის 2008 წლის 5 აგვისტოს №98 ცნობის მიხედვით, მხატვარ გ.მ-ეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 დადგენილებისა და მთავრობის 1992 წლის 11 აგვისტოს №825 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, მიეცა თავისი შემოქმედებითი სახელოსნოს პირვატიზაციის უფლება;

4. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ა 2007-ის“ 2007 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ხ-ს საკუთრებაში გადაეცა 77მ2 ფართი საცხოვრებელი ბინის მე-15 სართულზე. დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2007 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ხ-ს საკუთრებაში გადაეცა სწორედ ის სხვენი, რომელიც გ.მ-ეს გადაცემული ჰქონდა შემოქმედებითი სახელოსნოსათვის და აზომვის შედეგად სხვენის ფართობი განისაზღვრა 77მ2-ით;

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ამხანაგობის წევრთა 2007 წლის 2 დეკემბრის კრებაზე, მიღებულია გადაწყვეტილება ამხანაგობის წევრისათვის სხვენის გადაცემის თაობაზე. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ამხანაგობის წევრისათვის სხვენის ფართის საკუთრებაში გადაცემა სწორედ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომლის დროსაც დაცული უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრება არ იყო უფლებამოსილი გადაწყვეტილება მიეღო და შეხედულებისამებრ განეკარგა სხვენი. სააპელაციო პალატის აღნიშნული მოსაზრება ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, ვ-ი 3, I მ/რ-ის, N35კორპუსში არსებული 60 კვ.მ სხვენ-სართული გადაცემული ჰქონდა ფერმწერ გ.მ-ეს თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო მეურნეობის სამმართველოს არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილების სამმართველოს მიერ 1991 წლის 7 მაისს გაცემული №702 ორდერის საფუძველზე (ტ.1. ს.ფ. 39) და მასვე ჰქონდა მოპოვებული აღნიშნული ფართის პრივატიზების უფლება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო კრების გადაწყვეტილების მიღებისას ბმა ამხანაგობის წევრებს არ გააჩნდათ თანასაკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ქონებაზე და ისინი არ წარმოადგენდნენ აღნიშნული სხვენის გასხვისებაზე უფლებამოსილ სუბიექტებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სადავო ფართის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლოს მითითებით, გ. მ-ის უფლება სადავო ფართზე განისაზღვრა 1991 წელს გაცემული ორდერის საფუძველზე, რომელიც თავისთავად გულისხმობდა გაცემული ფართის ფლობისა და სარგებლობის უფლებას, რაც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მოქმედებდა და არ გაუქმებულა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მითითება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სწორედ ამიტომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებმა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი მხოლოდ სააპელაციო საჩივარში დააყენეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ.ხ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საბინაო მეურნეობის სამმართველოს არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა- განაწილების სამმართველოს 1991 წლის 7 მაისის №702 ორდერი ექვემდებარებოდა საბინაო- საექსპლუატაციო ტრესტებში რეგისტრაციას 10 დღის ვადაში. გ.მ-ეს ეს მოთხოვნა არ შესრულებია, შესაბამისად, მას ფართზე უფლება არ წარმოშობია, სააპელაციო სასამართლომ კი, აღნიშნული გარემოება არ შეაფასა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სადავო ფართის ფლობის და სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. გ. მ-ეს ფართის პრივატიზების უფლება არ გადასცემია, სააპელაციო სასამართლომ კი, არასწორად შეფასა მტკიცებულებები, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევის გარეშეა განხილული, რომელსაც შეეძლო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 850 ლარის, 70% - 595 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ხ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მ. ჯ-ის მიერ 3.12.2012 წლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის და 8.01.2013 წლის N... საგადახდო დავალებით მ.ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 550 ლარის, სულ 850 ლარის 70% - 595 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე