№ას-164-157-2013 1 მარტი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ბმა „მ-ი 2009“
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ზ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა, კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით: 1. არ დაკმაყოფილდა ბმა „მ-ი 2009-ის“ სარჩელი ქ.თბილისში, ბ-ის #36-ში 1-ელ სართულზე მდებარე 87 კვ.მ ფართიდან 62 კვ.მ ფართის ი.ზ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე; 2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი.ზ-ის შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ბმა „მ-ი 2009-ის“ 2012 წლის 25 აპრილის კრების ოქმი, ი.ზ-ეს უარი ეთქვა სადავო 87 კვ.მ ფართზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ბმა „მ-ი 2009-მ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ბმა „მ-ი 2009-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბმა „მ-ი 2009-მ“, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა: ა) ე.დ-ის, როგორც ბმა „მ-ი 2009-ის“ თავმჯდომარის, მიერ ამხანაგობის სახელით გაცემული რწმუნებულება ი. მ-ის სახელზე, ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ბ) ქ.თბილისში, ბ-ის №36-ში, პირველ სართულზე მდებარე 72 მ2 ფართის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ასევე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა „მ-ი 2009-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა: ა) ე. დ-ის, როგორც ბმა „მ-ი 2009-ის“ თავმჯდომარის, მიერ ამხანაგობის სახელით გაცემული რწმუნებულება ი.მ-ის სახელზე, ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი; ბ) ქ.თბილისში, ბ-ის №36-ში, პირველ სართულზე მდებარე 72 მ2 ფართის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ასევე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2013 წლის 12 თებერვალს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ბმა „მ-ი 2009-ის“ თავმჯდომარე ე.დ-ის მეუღლეს - ლ. გ-ს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2013 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 18 თებერვალს. ამდენად, კასატორი უფლებამოსილი იყო ხარვეზი შეევსო 2013 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ-ი 2009-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე