Facebook Twitter

№ ას-1642-1539-2012 19 მარტი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ნ-ე, ე. ნ-ე, მ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღიარება დას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ნ-ის, ე. ნ-სა და მ. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა, მ. ხ-სა და ნ. ნ-ეს შორის 2004 წლის 21 მაისს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნ. ნ-სა და ე. ნ-ეს შორის 2008 წლის 26 ივნისს უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქ. თელავში, კ. დ-ის ქუჩის პირველი ჩიხის №11-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ზ. ჭ-ის ცნობა და ზ. ნ-სა და ე. ნ-ის უკანონო მფლობელობიდან აღნიშნული სადავო ბინის გამოთხოვა.

მოპასუხეებმა ზ. ნ-ემ და ე. ნ-ემ სარცელი არ ცნეს.

მოპასუხე მ. ხ-მა სარჩელი ცნო.

თელავის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჭ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარცელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ზ. ჭ-ის სააპელაციო საჩივაი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის დასაბუთება სადავო გარიგებების ბათილობის საფუძვლებზე მითითებით და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, კერძოდ, 2004 წლის 21 მაისის მ. ხ-სა და ზ. ნ-ეს შორის ქ. თელავში, კ. დ-ის პირველი ჩიხი №11-ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2008 წლის 26 ივნისის ზ. ნ-სა და ე. ნ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მიუთითებს მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტზე და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-979-ე მუხლებზე. აპელანტის მოსაზრებით მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი გამოიხატა იმაში, რომ ქ. თელავში, კ. დ-ის პირველი ჩიხი №11-ში მდებარე უძრავი ქონება ამჟამად იმყოფება მოპასუხეების: ზ. ნ-სა და ე. ნ-ის საკუთრებაში, ხოლო როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტით (წინამდებარე განჩინების 2.6 პუნქტი) დგინდება უძრავი ქონების ნასყიდობის თანხა ,გამყიდველს (მ. ხ-ი) გადაუხადა არა მყიდველმა (ზ. ნ-ემ), არამედ უშუალოდ მოსარჩელე ზ. ჭ-ემ (ტ.4. ს.ფ. 191, 192).

სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელოს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი (ზ. ჭ-ის ხარჯზე ზ. ნ-სა და ე. ნ-ის გამდიდრების ფაქტი) წარმოადგენს კრედიტორის (ზ. ჭ-ის) მეორადი მოთხოვნის ანუ, 21.05.2004წ.-ისა და 26.06.2008წ.-ის სადავო გარიგებების ბათილობის შედეგს და არ წარმოშობს აღნიშნული გარიგებების ბათილობის საფუძველს. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე დაყენებულ მოსარჩელის მოთხოვნას წინ უნდა უსწრებდეს გარიგების ბათილობა ან რაიმე სხვა საფუძვლის გამო ვალდებულების არარსებობა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, პალატის მითითებით სახეზე არ იყო ანუ, არ არსებობდა 976-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ, როდესაც დგება უსაფუძვლო გამდიდრების გამო შეძენილი ქონების (შეღავათის, უპირატესობის, უფლების) ამოღების და ამგვარად, ქონებრივი წონასწორობის, ,,სამართლიანობის" აღდგენის საკითხი, არ უნდა არსებობდეს მხარეთა შორის კანონისმიერი ან გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში კი, 2004 წლის 21 მაისს მ. ხ-სა და ზ. ნ-ეს შორის ქ. თელავში, კ. დ-ის პირველი ჩიხი №11-ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო პალატამ მართალია გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზე, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობა არ შეიძლება გამხდარიყო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან სასამართლო მხარის მითითების გარეშე ახდენს მოთხოვნის სამართლებრივ შეფასებას (კვალიფიკაციას), თუმცა პალატის განმარტებით საამისოდ აუცილებელი საქმის ფაქტობრივი გარემოებების მითითების ვალდებულება ანუ, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ტვირთი თავად საქმეში მონაწილე მხარეებს ეკისრებათ, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ სამოქალაქო საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებმა თვითონვე უნდა მიუთითონ თუ, რომელი ფაქტების საფუძველზე აყენებენ თავიანთ მოთხოვნას. სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მყიდველის (ზ. ნ-ის) ნაცვლად ნასყიდობის თანხა მოსარჩელე ზ. ჭ-ემ გადაიხადა, პალატის მოსაზრებით ვერ გახდებოდა სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მან ნასყიდობის თანხა სრულიად გაცნობიერებულად გადაიხდა ზედმეტი ხარჯებისათვის თავის არიდების მიზნით და ქ. თელავში, კ. დ-ის პირველი ჩიხი №11-ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება მ. ხ-სა და ზ. ნ-ეს შორის. მოსარჩელე ზ. ჭ-ის ნებას წარმოადგენდა საკუთარ ხარჯზე ზ. ნ-ის ბინით დაკმაყოფილება. მას აღნიშნული ბინაზე (ქ. თელავში, კ. დ-ის პირველი ჩიხი №11-ში მდებარე ბინა) საკუთრების უფლების მოპოვების სურვილი და ინტერესი არ გააჩნდა. ზ. ჭ-ის მოქმედება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს- სადავო ნასყიდობის თანხის გადახდის სანაცვლოდ ბინის მესაკუთრე გამხდარიყო ზ. ნ-ე, ხოლო ზ. ჭ-ეს საკუთრებაში მიეღო ვ. ა-ის კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე, ქ. თელავში, პ. მ-ის ჩიხი N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი)" (ტ.1. ს.ფ. 4, 5). სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ჭ-ის ნამდვილ ნებას წარმოადგენდა ზ. ნ-ის ნაცვლად ბინის გამყიდველისათვის ნასყიდობის თანხის ანაზღაურება, ხოლო მარტოოდენ იმ ფაქტობრივი გარემოების გამო, რომ ნასყიდობის თანხა მყიდველის ნაცვლად ,,სხვა პირმა" გადაიხადა პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა გარიგების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი.

ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსით დაშვებულია ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიერ, კერძოდ, 371-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი; ხოლო აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ ზ. ჭ-ეს არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა სახლი ეყიდა ა. ტ-ის შვილისათვის ზ. ნ-ის (ტ.4. ს.ფ. 293) პალატის მოსაზრებით, ვერ გახდებოდა გარიგების ბათილობის საფუძველი, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ნორმა (371-ე მუხლი) არეგულირებს საკითხს იმის შესახებ თუ, რა შემთხვევაშია დასაშვები ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან (გარიგებიდან) წარმოშობილი ვალდებულების შესრულება მესამე პირის (არა ხელშეკრულების მონაწილე მხარის) მიერ და არ იკვლევს მოვალის ნაცვლად ვალდებულების ,,მესამე პირის" მიერ შესრულების ინტერესს. კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის ბუნებიდან გამომდინარე, გამყიდველისათვის სულერთია ვინ გადაიხდის ნასყიდობის თანხას, მთავარია ამის შესახებ შეთანხმდნენ მყიდველი (თანხის სანაცვლოდ საკუთრების მიმღები პირი) და თანხის გადამხდელი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ჭ-ის მოქმედება (ზ. ნ-ის ნაცვლად თანხის გადახდა) არ მიეკუთვნებოდა სკ 371-ე მუხლის გამოყენების გამომრიცხავ გარემოებას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი ე. ნ-ის, როგორც ,,უძრავი ნივთის შემძენის არაკეთილსინდისიერების" თაობაზე (ტ.4. ს.ფ. 288, 294, 295) და პირველ რიგში, განმარტა, რომ შემძენის კეთილსინდისიერების შესახებ ფაქტობრივი გარემოება საქმისათვის მნიშვნელობას იძენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამსხვისებლის უფლება სადავო უძრავ ნივთთან მიმართებაში უქმდება (ბათილდება). იქედან გამომდინარე, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თელავში კ. დ-ი 1-ლი ჩიხი, N11-ში 21.05.2004წ.-ის მ. ხ-სა და ზ. ნ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ზ. ნ-ემ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ე. ნ-ის ჩუქების საფუძველზე გადაცემული უძრავი ქონების ნაწილი. ამიტომ, ე. ნ-ის, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის შესახებ ფაქტობრივი გარემოების კვლევა კარგავს საქმისათვის არსებით მნიშვნელობას.

გარდა ამისა, სააპელაციო პალატა არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია (ტ.4. ს.ფ. 296), ქ. თელავში კ. დ-ი 1-ლი ჩიხი, N11-დან მოპასუხეთა გამოსახლების თაობაზე და განმარტა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ დაკმაყოფილდა სარჩელი 2004 წლის 21 მაისს მ. ხ-სა და ზ. ნ-ეს შორის გაფორმებული ,,ნასყიდობის ხელშეკრულებისა" და 2008 წლის 26 ივნისს ზ. ნ-სა და ე. ნ-ეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში შესაბამისად, უსაფუძვლო იყო სასარჩელო მოთხოვნა ზ. ნ-სა და ე. ნ-ის უკანონო მფლობელობიდან ქ. თელავში, კ. დ-ის პირველი ჩიხი №11-ში მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილშიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჭ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმნარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. ჭ-ის ნებას წარმოადგენდა საკუთარ ხარჯზე ზ. ნ-ის ბინით დაკმაყოფილება, რომ მას ქ. თელავში, კ. დ-ის პირველი ჩიხის №11-ში მდებარე ბინაზე საკუთრების მოპოვების უფლების მოპოვების სურვილი და ინტერესი არ გააჩნდა და ზ. ჭ-ის ქმედება ემსახურებოდა ერთედერთ მიზანს – სადავო ნასყიდობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, ბინის მესაკუთრე გამხდარიყო ზ. ნ-ე, ხოლო ზ. ჭ-ეს საკუთრებაში მიეღო ვ. ა-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თელავში, პ. მ-ის ჩიხის №4-ში. სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ზ. ჭ-ეს ვ. ა-ის კუთვნილი ქონების მიღება კი არ უნდოდა, არამედ როგორც ზ. ჭ-ის ნამდვილ ნებას წარმოადგენდა, ზ. ნ-ის ნაცვლად ბინის გამყიდველისათვის ნასყიდობის თანხის ანაზღაურება. სასამართლომ, აღნიშნულთან დაკავშირებით არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან მისი განცალკევებულად გამოყენება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დაუშვებელია.

სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული უსაფუZვლო გამდიდრების ფაქტი წარმოადგენს კრედიტორ ზ. ჭ-ის მეორად მოთხოვნას, ანუ 21.05.2004 წლისა და 26.06.2008 წლის სადავო გარიგებების ბათილობის შედეგს და არ წარმოშობს აღნიშნული გარიგებების ბათილობის საფუძველს, კასატორის აზრით, არასწორია, ვინაიდან მის პირველად მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ უსაფუძვლო გამდიდრება, რისგანაც გამომდინარეობდა გარიგების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნა, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრიოვი დასაბუთებისას არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი მ. ხ-სა და ზ. ნ-ეს სორის 2004 წლის 21 მაისს დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განჩინებით ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (875) ლარის 70% – 612.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ზ. ჭ-ეს დაუბრუნდეს თ. ჩ-ის მიერ 2013 წლის 11 იანვარს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (875) ლარის 70% – 612.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე